Archive Calendar
« March 2017 »
Mon Tue Wed Thu Fri Sat Sun
   1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
  
გიგლა ბარამიძე: "კვირიკაშვილის შემცვლელის ძებნა უკვე დაწყებულია"

"კვირიკაშვილის შემცვლელის ძებნა უკვე დაწყებულია"

 

გიგლა ბარამიძე: "მთავრობასა და საპარლამენტო უმრავლესობაში დიდი ფუთფუთია"

რას გეგმავს არასაპარლამენტო ოპოზიცია, რა კონსულტაციები მიმდინარეობს ოპოზიციაში, რისთვის ემზადება ხელისუფლება, რამდენი დაჯგუფება შეიქმნა სამთავრობო გუნდში, რის გადაფარვას ცდილობენ ვიზალიბერალიზაციაზე საუბრით, რატომ ვერ ბედავენ სააკაშვილის გასამართლებას? - ამის შესახებ "ახალ თაობას" დემოკრატიული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი გიგლა ბარამიძე ესაუბრება.

 

- გავრცელებული ინფორმაციით, თქვენი პარტიის გარშემო ახალი ოპოზიციური გაერთიანება იქმნება. ეროვნული ფორუმის ერთ-ერთი ლიდერი უკვე გაწევრიანდა დემოკრატიულ მოძრაობაში, ამბობენ, რომ მალე სხვა პოლიტიკოსებიც შეგიერთდებიან. მართლა იქმნება ახალი გაერთიანება?

- არჩევნების შემდეგ პოლიტიკური პარტიები ძალიან ცუდ დღეში აღმოჩნდნენ _ ზოგ ლიდერს გულყრა დაემართა, ზოგი პოლიტიკიდან გაიქცა, რამდენიმე პარტია საერთოდ დაიშალა. მაშინ ვთქვი, რომ ჩვენი პარტია არ დაიშლება, აქედან არავინ წავა და, პირიქით, შემოგვიერთდება ხალხი. ამ ეტაპზე მხოლოდ გუბაზ სანიკიძე მოვიდა. მოსვლის სურვილი კიდევ ბევრ პოლიტიკოსს აქვს. ამის შესახებ ისინი არაოფიციალური შეხვედრების დროს საუბრობენ.

- შეგიძლიათ მათი ვინაობის დასახელება?

- მოდით, დასახელებას ნუ ვიჩქარებთ. არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები თუ ლიდერები ჩვენთან ბევრ თემაზე საუბრობენ. ამ ეტაპზე მხოლოდ ამის თქმა შემიძლია.

- შესაძლო გაერთიანებაზე თუ საუბრობთ?

- კიდევ გავიმეორებ, რომ საუბარი ბევრ რამეზე მიმდინერეობს. ოფიციალურად დიდი გაერთიანება, შესაძლოა, არ შედგეს, მაგრამ, არის საკითხები, რომელთა გარშემოც ერთიანი პოზიციები გვაქვს. ყველას მიგვაჩნია, რომ საარჩევნო კანონმდებლობა აუცილებლად უნდა შეიცვალოს.

კარგად მახსოვს, ერთი მილიარდერი კაცი როგორ უჭერდა ბიომეტრიულ საარჩევნო სიას მხარს. ისიც კი თქვა, თუ ბიუჯეტში ფული არ იქნება, ამას მე დავაფინანსებო. ბიომეტრიული სია თუ არ იქნა, არჩევნების ჩატარებას აზრი არა აქვს. ხშირად ვსაუბრობთ ევროპაზე, მაგრამ არ გვინდა, ისე ჩავატაროთ არჩევნები, როგორც იქ ტარდება. იქ საარჩევნო ყუთთან არის სკანერი, რომელიც ჩაყრილ ბიულეტენებს ახარისხებს და ითვლის. საქართველოში არჩევნები ასე არ ტარდება და ამიტომაც უამრავ მანიპულაციასთან გვაქვს საქმე.

ცესკომ ეს დანადგარი ტესტირების სახით უკვე გამოცადა, მაგრამ არ დანერგა, იმიტომ, რომ არჩევნების გაყალბება შეუძლებელი გახდებოდა. არჩევნები რომ არ გაყალბებულიყო, არც ასეთი უმაქნისი მთავრობა გვეყოლებოდა და არც ეკონომიკა დაგვექცეოდა თავზე.

- წინა ინტერვიუში თქვენ თქვით, რომ რამდენიმე თვეში მთავრობა შეიცვლება და მისი წევრები გაიქცევიან. ისევ ამ აზრზე ხართ?

- ისევ ამ აზრზე ვარ. მთავრობაში სერიოზული ცვლილებები იქნება. გაქცევა ზოგადად ვთქვი, თუმცა, ისე მიდის საქმე, რომ ზოგიერთს, შესაძლოა, მართლა გასაქცევად გაუხდეს საქმე. როცა აყვავდება ნუში, აქ ძალიან საინტერესო პროცესები დაიწყება. სამთავრობო ძალაში ჩამოყალიბდა რამდენიმე გუნდი, რომელიც არ მოისურვებს პასუხისმგებლობის აღებას არსებულ ჩავარდნაზე. ეკონომიკური ვითარება თუ კიდევ უფრო გაუარესდა, მზად არიან, ეს ვიღაც-ვიღაცებს დააბრალონ.

მე ცვლილებებს იმ დროისთვის ველოდები, როცა ნუში აყვავდება, მაგრამ, შესაძლოა, ეს უფრო ადრე მოხდეს. ფაქტია, რომ ამ მთავრობის მოსვლის დღიდან ლარის გაუფასურება დაიწყო. ეკონომიკური გუნდის მინისტრები ყველა თემაზე საუბრობენ, გარდა ეკონომიკისა.

ამათმა განცხადებებმა ერთი ძველი ამბავი გამახსენა. გასული საუკუნის დასაწყისში სახელოვანი ქართველი მწერლები და პოეტები მაჩაბლის ქუჩაზე მდებარე მწერალთა კავშირის ეზოში იყვნენ შეკრებილი. ისინი საუბრობდნენ იმაზე, თუ რა არის იმისთვის საჭირო, რომ დიდი პოეტი იყო. ერთმა თქვა, სითამამეო, მეორემ - გაბედულებაო, მესამემ - პატრიოტიზმიო, მეოთხემ - ერთგულებაო. ამ დროს გამოიარა გალაკტიონ ტაბიძემ, მივიდა და ამ მწერალ-პოეტებს უთხრა, ნიჭი, ბიძიკოებო, ნიჭიო!

მინდა მივმართო ეკონომიკური გუნდის უმაქნის მინისტრებს, ეკონომიკის გასაჯანსაღებლად, ბიძიკოებო, პროფესიონალიზმია საჭირო, რაც თქვენ არა გაქვთ და ამიტომაც არის, რომ ამდენ სისულელეს ამბობთ.

ხალხის ყურადღების გადასატანად ახლა ვიზალიბერალიზაციაზე დაიწყეს გაუთავებელი საუბრები. ეს მიუთითებს იმაზე, რომ საქართველოში დღეს კონიუნქტურული პოლიტიკა ზეობს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მაღალჩინოსნებისთვის მთავარია არა გაკეთებული საქმე, არამედ თანამდებობის შენარჩუნება. ამიტომაც არ გვყავს მთავრობაში ერთი კაციც კი, რომელიც ერთი თვით ადრე მაინც გათვლის პოლიტიკურ სვლებს ან ეკონომიკაში მოსახდენ ქმედებებს.

ვიზალიბერალიზაციაზე საუბრით იმ ფუთფუთის გადაფარვაც სურთ, რომელსაც სამთავრობო გუნდში აქვს ადგილი. იქ არიან დაჯგუფებები, რომლებიც მზად არიან, ერთ ადამიანს აჰკიდონ ყველაფერზე პასუხისმგებლობა. ეს დაჯგუფებები არის როგორც მთავრობაში, ასევე უმრავლესობაში. ეს დაჯგუფებები უკვე გიორგი კვირიკაშვილის შესაძლო შემცვლელებზე საუბრობენ. ახლა იმაზე მიდის ფუთფუთი, რომელი დაჯგუფება გაიყვანს პრემიერად თავის კაცს.

- რამდენი დაჯგუფებაა სამთავრობო გუნდში?

- მინიმუმ სამი დაჯგუფებაა. ახლა გვარებს არ დავასახელებ, მხოლოდ იმას გეტყვით, რომ ერთ-ერთ დაჯგუფებას გარედან ბიზნესმენები უჭერენ მხარს.

- ბიზნესმენები რატომ უჭერენ მხარს?

- რაღაცა შეღავათების მიღებას დაჰპირდნენ. სერიოზული ფუთფუთი მიდის, `ოცნებაში~ ახლა განტევების ვაცს ეძებენ.

- გახდება გიორგი კვირიკაშვილი განტევების ვაცი?

- ალბათ, გახდება. ფაქტია, რომ მის შემცვლელს უკვე ეძებენ. ეს ოფიციალურ დონეზე ჯერ არ ხდება, მაგრამ დაჯგუფებები აქტიურად მუშაობენ. ისინი კანდიდატურებს ერთმანეთშიც კი ათანხმებენ. ახლა იმ სქემას იმუშავებენ, როგორ შესთავაზონ ახალი პრემიერის ვინაობა იმ კაცს, რომელიც საკადრო საკითხებს წყვეტს.

- ეს კაცი ივანიშვილია?

- ის არის ამ ქვეყანაში მთავარი.

- თქვენ ხალხის ყურადღების გადატანაზე საუბრობდით. პრეზიდენტისა და "ოცნების" მორიგი დაპირისპირებაც ამ მიზანს ხომ არ ემსახურება?

- არა, ეს სახლობანას თამაში, პოლიტიკური ოჩოპინტრეობა, ტიტყინი და ლიკლიკია. ამათი საქციელი უკვე სამარცხვინო სახეს იღებს _ ჯერ იყო და უშიშროების საბჭოსთვის დაეტაკნენ ერთმანეთს, უფრო ადრე პრეზიდენტის სასახლიდან მოსთხოვეს მარგველაშვილს გამოსვლა. ახლა საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარეობაზეა დავა.

იმაზე აღარაფერს ვამბობ, გაეროში ორი დელეგაცია რომ მიდიოდა საქართველოდან. ერთი იყო მთავრობის, მეორე _ პრეზიდენტის. გარდა იმისა, რომ ეს ლამაზი არ არის, უზარმაზარი თანხები იფლანგება და რომელი ხარჯების შემცირებაზე ვსაუბრობთ.

ხალხს საერთოდ არ აინტერესებს, ვინ იქნება საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარე. მთავარი ის არის, რა ცვლილებები შევა ამ კონსტიტუციაში. ეს ცვლილებებიც იმ გეგმის მაგვარი იქნება, რომელიც მთავრობის დამტკიცებისას წარმოადგინეს. ეს გეგმა საერთოდ არ მუშაობს და ეკონომიკური მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდა.

ამ გაჭირვებულ მთავრობას საერთაშორისო პროცესები საერთოდ გამორჩა მხედველობიდან. მხოლოდ საკუთარი პრემიები აინტერესებთ და ვერც კი ამჩნევენ, თუ როგორ დინამიკურად ვითარდება ჩვენ გარშემო პროცესები. საერთოდ აღარ ახსოვთ დაკარგული ტერიტორიები. აფხაზეთსა და სამაჩაბლოზე არავინ საუბრობს. მოკლედ რომ გითხრათ, არაფრის აზრზე არ არიან და არც უნდათ რამის სწავლა. არასამთავრობო ორგანიზაციასავით არიან, მიიღებენ რაღაცა დავალებას და დაიწყებენ ფაფხურს. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ ღალატი მისაბაძ საქციელად აქციეს. თუკი ვინმემ ვინმეს უღალატა, ჩაავლეს ხელი და მაღალ თანამდებობაზე დანიშნეს.

მართალია, ამ მთავრობასთან საუბარს აზრი არა აქვს, მაგრამ ერთ რჩევას მაინც მივცემ _ როცა რაღაც მნიშვნელოვან საკითხზე საუბრობთ, ერთი სპიკერი გამოყავით, რომელიც თქვენს სათქმელს იტყვის. ძალიან უხერხულია, როდესაც ერთსა და იმავე საკითხზე პრემიერი არის ალთას, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი _ ბალთას, ვიცეპრემიერი საერთოდ სადღაც სხვაგან არის.

- აზრთა სხვადასხვაობა ამათ მართლა ხშირად გამოამჟღავნეს და ეს რისი ბრალია?

- იმის ბრალია, რომ, საკუთარი თავის გარდა, არაფერი აინტერესებთ და ისიც არ იციან, რაზე ლაპარაკობენ. სხვა თუ არაფერი, სირცხვილია.

ნაციონალებს ჰქონდათ ასეთი მეთოდი: რაიმე ცუდს თუ ჩაიდენდნენ, მის გადაფარვას სხვა თემით იწყებდნენ. საბედნიეროდ, ესენი სისხლს არ ღვრიან, მაგრამ ყველა ჩავარდნას გახმაურებული საქმეების ვითომ გახსნით გადაფარავენ ხოლმე. ამის ნათელი მაგალითია ფოტოგრაფების საქმე.

- რატომ მიგაჩნიათ ეს საქმე ვითომ გახსნილად?

- აბა, რა არის? პროკურატურამ მათი დაკავებიდან 4 წლის შემდეგ გვითხრა ის, რაზეც ეს ფოტოგრაფები ციხიდან გამოსვლისთანავე საუბრობენ. ყველამ იცის, რატომ მოხდა მათი დაკავება, მაგრამ დამკვეთს არ ასახელებენ.

იგივე შემიძლია ვთქვა 26 მაისის დარბევის საქმეზე. ამ დარბევის მონაწილეების დიდი ნაწილი დღესაც ძალოვან სტრუქტურებშია დასაქმებული. იმის მაგივრად, რომ ვანო მერაბიშვილისთვის ჩადენილ დანაშაულებზე ეგებინებინათ პასუხი, უაზრო ბრალდებები შეუთითხნეს და ლამის ანგელოზად გამოიყვანეს.

ყველასთვის ცნობილია, ვისი ბრძანებით მოხდა 2011 წლის 26 მაისს ხალხის საშინელი დარბევა. ეს ადამიანი მიხეილ სააკაშვილია, რომელსაც კიდევ ბევრი დანაშაული აქვს ჩადენილი, ამათ კი მხოლოდ 2 პალტო, 7 პიჯაკი და ბებიამისის ძველი მანქანა აღმოუჩინეს. არადა, ხალხს სამართლიანობის აღდგენას დაჰპირდნენ. "ოცნებას" რომ მოენდომებინა, სააკაშვილი დღეს მატროსოვზე იჯდებოდა. ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ასე არ მომხდარიყო.

- რატომ თქვა ხელისუფლებამ სააკაშვილის გასამართლებაზე უარი?

- ნაციონალებთან საერთო ენა რომ გამონახეს, ამაზე ბევრს აღარ ვისაუბრებ. ეს დამნაშავე პარტია "ქართული ოცნების" დახმარებით გახდა მთავარი ოპოზიციური ძალა. რაც შეეხება სააკაშვილს, ხელისუფლებას საშინლად ეშინია მისი ციხეში ჩასმის. "ქართულმა ოცნებამ" კარგად იცის, რომ თუ ასე მოხდა, ციხესთან ნაცმოძრაობის მხარდამჭერები პერმანენტულ აქციებს გამართავენ, ხელისუფლებას კი აქციების ძალიან ეშინია.

 
[ Back ]
No Feed URL specified.