Archive Calendar
« March 2017 »
Mon Tue Wed Thu Fri Sat Sun
   1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
  
გიგლა ბარამიძე: "სარფიდან თბილისამდე რამდენიმე ასეული ბორდელია"

"საქართველოს შიდსის ეპიდემია ემუქრება"

"პროსტიტუციას ხელისუფლების წარმომადგენლები მფარველობენ"

 

ღამის კლუბებსა და ბორდელებში ქართველი მამაკაცების დისკრიმინაციის შესახებ არაერთი ხმაურიანი განცხადება გაკეთებულა, მათ შორის პარლამენტის სხდომაზეც. ამის გასაპროტესტებლად ქართველი პატრიოტები ერთხელ ღამის კლუბშიც კი შეიჭრნენ.

ამ ხმაურს აქამდე ხელისუფლება არაფრად აგდებდა. ბოლო ხანებში დისკრიმინაციამ და ქვეყნის ბორდელიზაციამ, ეტყობა, ისეთი მასშტაბები მიიღო, რომ ამ თემაზე პრემიერმაც კი გააკეთა განცხადება.

მისი ინფორმაციით, `ვარდების მოედნის~ ქვემოთ მდებარე ბარებსა თუ სხვადასხვა ობიექტში ხდება კანონდარღვევები და იქ ქართველ მამაკაცებს არ უშვებენ. გიორგი კვირიკაშვილმა შს მინისტრს დავალება მისცა.

მთავრობის მეთაურის მხრიდან ასეთი განცხადებების გაკეთებას დიდი ამბები მოჰყვა. არასამთავრობოებმა კვირიკაშვილი დაგმეს, პოლიტიკოსების ნაწილს კი მიაჩნია, რომ პრემიერს ამაზე განგაში ცოტა ადრე უნდა აეტეხა.

 

- საქართველოში ამ მხრივ არის უმძიმესი მდგომარეობაა. ქალთა და მამაკაცთა შრომითი და სექსუალური ტრეფიკინგის ოდენობის თვალსაზრისით საქართველო რეგიონში პირველ ადგილზე იმყოფება. ეს დასკვნა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა 2012 წლის ანგარიშში გამოაქვეყნა.

პრემიერის განცხადებას დაგვიანებულად მიიჩნევს ყოფილი პოლიტდევნილი, დემოკრატიული მოძრაობის წევრი გიგლა ბარამიძეც.

მისი თქმით, საქართველოში რომ პროსტიტუცია ყვავის, ეს ყველამ იცის, მაგრამ ამას ხელს არავინ უშლის.

- ქვეყანაში უამრავი პრობლემაა, მაგრამ პროსტიტუციის პრობლემა მაინც განსაკუთრებულად მწვავედ დგას. ბოლო 4 წლის მანძილზე აღარც კი მახსოვს, ამ თემაზე რამდენი განცხადება გავაკეთე. ვასახელებდი კონკრეტულ ფაქტებს, მაგრამ ყურადღებას არავინ აქცევდა ამას.

სარფიდან თბილისამდე რამდენიმე ასეული ბორდელი იქნება. საშინელებები ხდება თბილისში მდებარე ღამის კლუბებში თუ სასტუმროებში. პროსტიტუცია ყვავის დიდი ქალაქის ცენტრებში, დავიჯერო, ამას არავინ ხედავს? _ კითხულობს ბარამიძე.

მისი თქმით, დიდი ალბათობით ამ ბიზნესს ვიღაც სერიოზული ფიგურა მფარველობს.

- მთელი სინდიკატია შექმნილი და პროსტიტუციაში დიდი ოდენობის შავი ფული ტრიალებს. სწორედ პროსტიტუციაზეა აგებული 3 და 4-ვარსკვლავიანი სასტუმროების დიდი ნაწილის და ღამის კლუბების მუშაობა. ამ ბიზნესზეა მიბმული მსუბუქი ნარკოტიკი.

აქაურ ბორდელებში სამუშაოდ ვიეტნამიდან და შუა აზიის ქვეყნებიდან ჩამოჰყავთ მეძავი ქალები. ამ სფეროში აქტიურად არიან ჩაბმული ქართველი გოგონებიც. საუბარია 14-15 წლის მოზარდებზე. მათი უმეტესობა ამ ბიზნესით ირჩენს თავს. ეს ყველაფერი სააშკარაოზეა გამოტანილი, მაგრამ ამის შემჩნევა არავის უნდა.

კონკრეტული ფაქტები არ მაქვს ხელთ, რომ ვინმე დავადანაშაულო, მაგრამ პროსტიტუციის მასშტაბებიდან გამომდინარე შემიძლია ვთქვა, რომ ამ ბიზნესს ხელისუფლების წარმომადგენლები ან სამართალდამცავები მფარველობენ, - ამბობს "ახალ თაობასთან" საუბარში გიგლა ბარამიძე.

 

გიგლა ბარამიძის ეჭვებს პროსტიტუციის მფარველობასთან დაკავშირებით ისიც ამძაფრებს, რომ ქართველ მამაკაცებს ამ ღამის კლუბებში არ უშვებენ.

- ხელისუფლების ნებართვის გარეშე ვერც არაბები, ვერც ირანელები და ვერც თურქები აქ ბორდელებს ვერ გახსნიდნენ. მით უმეტეს, საქართველოს მოქალაქეებს ვერ გაუბედავდნენ, რომ ამა თუ იმ დაწესებულებაში არ შეეშვათ. ეს ყველაფერი ძალიან სამწუხაროა და ეს პრობლემა აუცილებლად მისახედია, - აღნიშნავს დემოკრატიული მოძრაობის წევრი.

 

პრემიერის განცხადებით აღფრთოვანებული არც გიგლა ბარამიძეა, მაგრამ ისიც მიიჩნევს, რომ კვირიკაშვილი არასამთავრობოების გავლენის ქვეშ არ უნდა მოექცეს.

- ამ თემაზე პრემიერი არ უნდა აკეთებდეს განცხადებებს, მაგრამ სიტუაციის სიმწვავიდან გამომდინარე კარგია, ამ თემაზე ვიღაცამ რომ დაიწყო ლაპარაკი. ამათ არასამთავრობოების პოზიციის ყოველთვის ეშინიათ და იმედია, უკან არ დაიხევენ. საერთოდ არ უნდა მიაქციონ ყურადღება, რას ლაპარაკობენ ისინი და ის აკეთონ, რასაც არასამთავრობოები აპროტესტებენ, - მიიჩნევს ბარამიძე.

ის არ გამორიცხავს, რომ ხელისუფლებამ უკან დაიხიოს.

- ძალიან ცუდია, რომ მათ არ ჰყოფნით გამოცდილება და გამბედაობა რაღაცის გასაკეთებლად. ახლაც ასე ხდება, პრემიერმა თავის განცხადებას თან რამდენიმე განმარტება მოაყოლა. ასე არაფერი გამოვა, - ამბობს დემოკრატიული მოძრაობის წევრი.

...

 

 
[ Back ]
No Feed URL specified.