Archive Calendar
« March 2017 »
Mon Tue Wed Thu Fri Sat Sun
   1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
  
ბესო დანელიას ინტერვიუ

„ახალი თაობა“, 18 იანვარი, 2017 წელი

„მერაბიშვილის გამოშვება ხელისუფლებისთვის ცუდად დამთავრდება“

ბესო დანელია: „ქვეყანაში ეროვნული უძრაობის ხანამ დაისადგურა

შეეგუება თუ არა მოსახლეობა შერჩევით სამართალს, როდის არბევდა უგულავა ოპოზიციის აქციებს, ვინ და რატომ მოკლა გორში ბურჯანაძის პარტიის მხარდამჭერი, როდემდე გაგრძელდება ქვეყანაში უძრაობის ხანა? - ამ თემებზე „ახალ თაობას“ დემოკრატიული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი ბესო დანელია ესაუბრება.

ბესო დანელია:

 

- ქვეყანაში არის ეროვნული უძრაობის ხანა. ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ პოლიტიკური ამინდი მხოლოდ ერთმა პოლიტიკურმა ძალამ შექმნას. საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მოქმედ და ყოფილ ხელისუფლებებს ერთ ძალად მივიჩნევ და მათ ნაციონალურ ოცნებას ვეძახი. ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა მათ ერთად ყოფნაში ის ხალხიც კი დაარწმუნა, რომლებიც პოლიტიკაში ასე ღრმად არ იყვნენ ჩახედული.

ბიუჯეტის 48 მილიონის ქურდის, უგულავას, ციხიდან გამოშვება ამაზრზენი საქციელია. გარდა იმისა, რომ ხალხის ფული მიითვისა, მას კიდევ ბევრი დანაშაული აქვს ჩადენილი. დასუფთავების სამსახურის მანქანებში სვამდა ნაციონალების ზონდერებს, რომლებიც აქციებს არბევდნენ.

- 2009 წლის აქციების დარბევა გაქვთ მხედველობაში?

- კი ბატონო. ამ აქციების ორგანიზატორი ჩვენი პარტია იყო. იმ პერიოდში რუსთაველზე საკნების ქალაქი იყო გაშლილი. მერია იქაურობის დასუფთავებაზე უარს ამბობდა და ჩვენ ვალაგებდით დედაქალაქის მთავარ ქუჩას. ერთ საღამოსაც მოვიდნენ დასუფთავების სამსახურის მანქანები, რომლებშიც დასუფთავების სამსახურის ფორმაში გამოწყობილი ხალხი იჯდა. მათი გამოჩენა გაგვიხარდა, გვეგონა, რომ დასალაგებლად მოვიდნენ. ისინი გადმოხტნენ მანქანებიდან და ხალხის ცემა დაიწყეს. მათ არც ქალები დაინდეს. ამ ყველაფრის უკან უგულავა იდგა. იმაზე არავინ დავობს, რომ ის ხელისუფლებამ რაღაც პოლიტიკური მიზნებისთვის გამოუშვა. ცუდი ის არის, რომ მკვიდრდება შერჩევითი სამართალი. 48 მილიონის ქურდი წელიწადსა და 3 თვეში გამოუშვეს. ამ დროს 4 შვილის დედა, თეა სირაძე, რომელსაც ბევრად ნაკლები დანაშაული აქვს ჩადენილი და რომლის გამოშვებასაც მთელი საქართველო ითხოვს, პატიმრობაში რჩება.

ხელისუფლებას კიდევ უფრო მართვადი ოპოზიციის შექმნა რომ არ დასჭირვებოდა, უგულავა ისევ ციხეში იჯდებოდა.

- თქვენი აზრით, უგულავას ფრთა კიდევ უფრო მართული ოპოზიცია იქნება?

- ასე იქნება. ეს ძალა კულუარული მმართველობის სინდიკატის შემადგენელი ნაწილი გახდა. ეს ადამიანები ყველაფერს აკეთებენ პოლიტიკური ძალების გასაქრობად, უნდათ, რომ ქვეყანაში მხოლოდ ერთი პარტია - ნაციონალური ოცნება დარჩეს. მიზანი სანახევროდ მიღწეულია და, დემოკრატიული მოძრაობის გარდა, თითქმის ყველა დაიშალა. ზოგი კულუარული მმართველის დაქვემდებარებაში გადავიდა. ამან ეროვნული უძრაობა მოიტანა და საქართველო თურქმენიზაციისკენ მიდის, სადაც ყველაფერი ერთი ადამიანის ნება-სურვილზე იქნება დამოკიდებული. ამის პარალელურად, ჩვენმა ეკონომიკამ კოლაფსი განიცადა. კრიმინოგენური ვითარება საერთოდ კატასტროფულია. ბოლო 1 კვირის განმავლობაში თბილისში 5 მკვლელობა მოხდა. მძიმე ვითარებაა რეგიონებშიც. რამდენიმე დღის წინ გორში ჩვენი პარტიის აქტიური მხარდამჭერი, ბიზნესმენი გურამ გოგიჩაიშვილი თავში საკონტროლო გასროლით მოკლეს.

- ეს მკვლელობა პოლიტიკურია თუ ბიზნესს უკავშირდება?

- ამასთან დაკავშირებით ვერაფერს ვიტყვით. ამას გამოძიება დაადგენს. ფაქტი ის არის, რომ ჩვენს ქვეყანაში ადამიანებს დღისით-მზისით ხოცავენ. ხალხს უკვე ეშინია ქუჩაში გამოსვლის. ნაციონალების დროს თუ 1 დამნაშავის დასაჭერად 10 უდანაშაულოს იჭერდნენ, ესენი ისეთი უმოქმედოები არიან, რომ ვერავის იჭერენ.

მათ ვერცერთი გახმაურებული მკვლელობა ვერ გამოიძიეს. არ არის გამოძიებული 26 მაისის საქმე, არ არის გამოძიებული ბესიკ ხარძიანის მკვლელობა, არ არის გამოძიებული იური ვაზაგაშვილის მკვლელობა, არ არის გამოძიებული პატარა ბარბარე რაფალიანცის მკვლელობა. ეს საზარელი მკვლელობა როგორც `ოცნებისთვის~, ასევე ნაციონალებისთვის პოლიტიკური მანიპულაციების საგანი იყო.

როგორც უკვე გითხარით, მარტო ბოლო 1 კვირაში თბილისში 5 მკვლელობა მოხდა. ამ დროს შინაგან საქმეთა სამინისტრო აუქმებს დანაშაულის სტატისტიკის გამოქვეყნებას. ეს არის დანაშაულებრივი ხაზის გატარება და ქვეყანა უფსკრულისკენ მიექანება და ის პატარ-პატარა დემოკრატიული ნიშნებიც კი ქრება, რომლებიც აქამდე არსებობდა.

- ბევრი ამაში არ დაგეთანხმებათ. ყველაფრის მიუხედავად, ხალხის ნაწილი ამბობს, რომ ახლა გაცილებით თავისუფლად სუნთქავენ...

- ეს მათი ნებაა. ისიც მომისმენია, რომ, ნაციონალებისგან განსხვავებით, `ოცნება~ ხალხს ქუჩაში არ ხვრეტს. ნამდვილად ასეა, მაგრამ ეს არ არის დემოკრატია და ნაციონალების წინააღმდეგ მხოლოდ ამისთვის არ გვიბრძოლია. სხვებისგან განსხვავებით, ჩვენ არ გავჩერდებით და დემოკრატიისთვის ვიბრძოლებთ. არც სოციალურ-ეკონომიკურ პრობლემებს დავტოვებთ უყურადღებოდ. შეუძლებელია იმის ყურება, ადამიანები ნაგვის ურნებში როგორ ეძებენ საკვებს. ამ მძიმე სიტუაციაში ხელისუფლება სრულიად უუნაროა და მათ მხოლოდ კომბლეს პერსონაჟი აწუხებთ. ამ დროს ვიღაც დეპუტატი გამოდის და მოითხოვს, რომ ივანიშვილის სურათი ყველასთან უნდა ეკიდოს.

- მოდით, ისევ უგულავას გათავისუფლებას დავუბრუნდეთ. მისი თანაგუნდელი გიგა ბოკერია ამბობს, რომ მალე მერაბიშვილიც გამოვა ციხიდან. თქვენი აზრით, ხალხი მის გათავისუფლებას ისევე მშვიდად შეხვდება, როგორც ეს უგულავას შემთხვევაში მოხდა?

- ვერ დაგეთანხმებით, რომ უგულავას გამოსვლას საზოგადოება მშვიდად შეხვდა. ხალხთან ხშირად მიწევს შეხვედრები და უგულავას გათავისუფლების გამო უკიდურესად არიან შეშფოთებული. რაც შეეხება მერაბიშვილს, მან ციხეში ათწლეულები უნდა გაატაროს. ამხელა სასჯელის მისაღებად მარტო 26 მაისის დარბევაა საკმარისი. მას პასუხი არ უგია ნიკუშა კვინტრაძისა და სულიკო ასათიანის მკვლელობაზე. ეს ბიჭები 26 მაისის ღამეს ცემითა და წამებით მოკლეს და შემდეგ ჯიხურის თავზე შემოალაგეს, თითქოს დენის დარტყმით დაიღუპნენ.

მერაბიშვილს პასუხი არც სხვა მკვლელობებზე უგია, არც ასეულობით ადამიანის დასახიჩრებაზე აკისრებენ სასჯელს. არადა, მას უამრავი სისხლიანი დარბევა აქვს მოწყობილი. ყოფილ შს მინისტრს საქართველოსა და მისი მოქალაქეების წინაშე უამრავი დანაშაული აქვს ჩადენილი. პოლიტიკური დაინტერესების შემთხვევაში, მასაც უპრობლემოდ გამოუშვებენ ციხიდან. არ გამოვრიცხავ, მასთან ერთად სხვა დამნაშავეებიც გამოუშვან.

- ხალხი ამას როგორ შეხვდება?

- ძალიან ცუდად. ხელისუფლება უნდა ხვდებოდეს, რომ მერაბიშვილის გათავისუფლება მისთვის ცუდად დამთავრდება. ერთხელ უკვე ვთქვი, რომ ხალხს კომბლების რევოლუციისკენ უბიძგებენ და მართლა მიიღებენ კომბლების რევოლუციას.

 

 

 
[ Back ]
No Feed URL specified.