Archive Calendar
« March 2017 »
Mon Tue Wed Thu Fri Sat Sun
   1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
  
გიგლა ბარამიძის ინტერვიუ

“დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო”

“გარდაუვალია სოციალური ამბოხი!”


რას აპირებს ნინო ბურჯანაძის პარტია?

 

 

“ნაციონალურ მოძრაობაში” განვითარებულ მოვლენებსა და გიგი უგულავას ციხიდან გამოსვლას ბიძინა ივანიშვილის მიერ მართულ პროცესებს უწოდებს “დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერი ნინო ბურჯანაძე: “ნაცვლად იმისა, რომ 2012 წელს “ნაციონალური მოძრაობა”, როგორც პოლიტიკური ორგანიზაცია, გაექრო არენიდან და დაეყენებინა მათი პასუხისმგებლობის საკითხი, რასაც მოსახლეობას ჰპირდებოდა, ივანიშვილმა “ნაციონალური მოძრაობა” შეინარჩუნა ყველა არჩევნებზე. ივანიშვილმა თავისი მზაკვრული გეგმით, პოლიტიკური პროცესები მძიმე ჩიხში შეიყვანა და რაც “ნაციონალურ მოძრაობაში” ხდება, თავიდან ბოლომდე ივანიშვილის მართული პროცესია. ბოკერია-ივანიშვილის გარიგებაზე ჯერ კიდევ არჩევნებამდე ვლაპარაკობდი, მანამდე, სანამ უგულავა ციხიდან გამოვიდოდა. დღეს ივანიშვილი ცდილობს, სატელიტი ოპოზიცია შეიქმნას “ნაცმოძრაობის” ამ ნაწილის სახით. ის, ასევე, შეეცდება სხვა ოპოზიციური პარტიის გადაჯგუფებასაც, იმისთვის, რომ მმართველი ოპოზიცია ჰყავდეს, მან ჯიბეში ჩაიდო მთელი საქართველო... და მაინც, საინტერესოა, რატომ გადარჩა ნინო ბურჯანაძის და შალვა ნათელაშვილის პარტიები? და ვიდრე ეს პარტია არსებობს, საინტერესოა, მათი ლიდერები როგორ აფასებენ მიმდინარე პროცესებს. “ალია” გთავაზობთ ინტერვიუს “დემოკრატიული მოძრაობა _ ერთიანი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერთან, გიგლა ბარამიძესთან.

 

- ჯერ კიდევ ცოცხლობთ... თქვენი აზრით, რატომ ვერ მოხერხდა ამ პარტიის დანგრევა?

- არჩევნებით არ იწყება და არ მთავრდება ყველაფერი, ჩვენ ვართ ფორმაში, სხვა პარტიებისგან განსხვავებით ჩვენგან პარტიის წევრები არსად არ გაქცეულან, პირიქით, ხალხი გვემატება, ჩვენ სერიოზული პოლიტიკური ბრძოლის გაჩაღებას ვაპირებთ. “ქართულმა ოცნებამ” “ნაციონალური მოძრაობის” გაცოცხლება კოჰაბიტაციით დაიწყო. ვინ წარმოიდგენდა, რომ 2017 წლის 20 იანვარს ჩვენ ვნახავდით “ნაცმოძრაობის” ყრილობას სპორტის სასახლეში. უპირველეს ყოვლისა, ეს უნდა მივულოცოთ “ქართულ ოცნებას” იმიტომ, რომ ამ ოთხი წლის მანძილზე მათ ყველაფერი გააკეთეს, რომ თავით ფეხებამდე პოლიტიკურ სამარეში ჩასული “ნაციონალური მოძრაობა” არა თუ გააცოცხლეს, გაათეთრეს კიდეც, სხვადასხვა ფრთა გამა შეუქმნეს, აქამდე თუ ერთი ტელევიზიის საშუალებით მოსახლეობას ტვინს უბურღავდა “ნაცმოძრაობა”, ახლა, ყველა არხზე ისინი არიან. ერთმა ფრთამ “ევროპული საქართველო” დაირქვა, მეორემ _ “გირჩი”, მესამემ _ “ახალი საქართველო”. ამ ყველაფერში წვლილი მიუძღვის “ქართულ ოცნებას” და სირცხვილი მათ, რომ ამ დონემდე მიიყვანეს ყველაფერი. არადა, `ნაციონალურ მოძრაობაზე~ დროის დაკარგვაც კი არ ღირს, მაგრამ მეცოდება საქართველოს მოსახლეობა, რასაც ისინი უყურებენ. ნაცვლად იმისა, რომ ”ქართულ ოცნებას” გამოეძიებინა “ნაცმოძრაობის” მიერ ჩადენილი დანაშაულები და კანონის სრული სიმკაცრით დაესაჯა ისინი, მეორე სუნთქვა გაუხსნეს. ამ ორი ძალის ჭიდილში თუ ვინმე ფიქრობს, რომ ქართველი ხალხი სხვა პოლიტიკური ძალისკენ არ გაიხედავს, ძალიან ცდება. “ნაციონალური მოძრაობის” არსებობა _ ეს არის შეთქმულება ქვეყნის წინააღმდეგ.

- “ოცნების” ხელისუფლებამ აღადგინა “ნაციონალური მოძრაობის” სამართლიანობა, ნაცვლად იმისა, რომ გიგი უგულავა კანონის სრული ძალით დასჯილიყო, ორი წლის თავზე გაათავისუფლეს. არ ფიქრობთ, რომ ეს ძალიან ცუდად შემოუბრუნდება ამ სცენარის ავტორს?

- გიგი უგულავა გაათავისუფლეს მიხეილ სააკაშვილის საპირწონედ, ხალხს თვალებში ნაცარს აყრიან და ჯერჯერობით გასდით. ის, რომ არჩევნებში “ქართული ოცნება” “ნაცმოძრაობას” ხელს უწყობდა და ოპოზიციას ხმებს გვართმევდა, ხომ ფაქტია. ამას თავი დავანებოთ, ამაზე მეტი ნაცრის შეყრა რაღა გინდათ, როცა ხელისუფლება არჩევნებამდე ერთს დაგვპირდა და მოსვლის შემდეგ დანაპირები გადათქვა. აგუგუნებულ საქართველოს გვპირდებოდნენ და მთავრობის დამტკიცების პროცესში ქვეყანა თავზე გვენგრეოდა, გაათმაგდა ფასები, გაღატაკდა მოსახლეობა, ლარის კურსის ინფლაციამ ადამიანები წელში გადატეხა.

- ამ ყველაფერს ოპოზიცია რატომ არ აპროტესტებს, რატომ ხართ ჩუმად?

- ძნელია, ასე უცბად შეეწინააღმდეგო მმართველ გუნდს, როდესაც ფინანსები არ გაქვს და როდესაც ყველა მხრიდან ასეთი ზეწოლა გაქვს. ჩვენ არ ვყრით ფარ-ხმალს და გაზაფხულისთვის სერიოზულ პოლიტიკურ აქციებს დავგეგმავთ. ქვეყანაში ძალიან მძიმე სოციალური ფონია, ხელისუფლება ჯერ კიდევ ვერ აცნობიერებს, როგორ უჭირთ ადამიანებს. თვითკრიტიკულებიც უნდა ვიყოთ და ისიც ვთქვათ, _ თქვე დალოცვილებო, “41” რომ შემოხაზეთ, ახლა პასუხიც მოსთხოვეთ, იმ დანაპირებიდან ვერც ერთი რომ ვერ შეგისრულათ. ხალხმა დაუშვა ეს პრეცედენტი და ხელისუფლებასაც გაუვიდა. წარმოიდგინეთ, რამდენი ხანია, ვაპროტესტებთ ამ დანამატებსა და პრემიებს და აღმოჩნდა, რომ 2016 წელს სახელმწიფო სიპ-ებმა და სააქციო საზოგადოებებმა 34 მილიონ 600 ათასი ლარი პრემია და დანამატი მიიღეს. ამიტომ მოსახლეობამ არჩევნების შემდეგ კი არ უნდა იკრას თავში ხელი, სანამ ხმას მისცემენ, უნდა დაფიქრდნენ, ვინ რისი გამკეთებელია. იმედია, საზოგადოება ადგილობრივ არჩევნებზე ასე აღარ მოიქცევა და საკუთარ არჩევანს მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდება.

- თქვენი აზრით, გარდაუვალია სოციალური ამბოხი?

- ამაში დარწმუნებული ვარ, იმდენად უნიათო, უმოქმედო, არაპროფესიონალი, უხერხემლო, მშიშარა და უპასუხისმგებლო ხელისუფლება გვყავს, რომელსაც თავისი აჩრდილისაც კი ეშინია. ესენი არაფრის გამკეთებლები არ არიან, ელემენტარული საკითხების გადამწყვეტი არ არიან და ესენი დაგვიბრუნებენ ტერიტორიებს და ესენი გამოგვიყვანენ კრიზისიდან?!. ერთმანეთთან თამაშში გაჰყავთ დრო, ძალიან მეცინება, ბოკერია-უგულავას ფრთამ “ევროპული საქართველო” რომ დაირქვა. ესენი ჰგვანან იმ მეძავს, რომელიც სხვას ეძახის მეძავს, რომ თავისი მეძავობა გადაფაროს, თავიანთი ბნელი წარსულის გადასაფარად გაიძახიან _ ევროპა ვართო, არადა, ხომ ყველამ ვიცით, რა სისხლში აქვთ გასვრილი ხელები. ახლა ფიქრობენ ერთმანეთში გადაინაწილონ თანამდებობები და ამ ოთხი წლის მანძილზე ჩაარიხინონ, მაგრამ მერწმუნეთ, არ გამოუვათ. საზოგადოების განვითარების კანონი ყველაფრის ერთ ქვაბში მოხარშვას არ სცნობს, სადღაც იხუვლებს. ამიტომ ვთავაზობთ რეალურ საარჩევნო და საკონსტიტუციო ცვლილებებს, მაგრამ ესმით? ცნობიერებით მდაბიო და პლებეები რომ არიან ხელისუფლებაში, მარტო იმაზე ფიქრობენ, რამდენი მოვხაპო, რამდენი ჩავიჯიბო, ჯერ ხომ არ გამოსულა ხალხი ქუჩაში და იქნებ მოვასწროთო. გეკითხებით, ყოფილ მთავარ პროკურორს ფარცხალაძეს, რა უნდა გარეთ, ნორმალური ქვეყანა რომ ვიყოთ, ის ციხეში უნდა იჯდეს. რა გაუმაძღრობა ეტაკათ ამ დალოცვილებს, მილიონ-ნახევრის ქონება შეიძინა ნაპროკურორალმა კაცმა, საიდან, როგორ? მეორედ მოსვლაა, თუ რა გჭირთ, თქვე კაი ხალხო!.. სადაა ანტიკორუფციული სამსახური, რატომ არ იქმნება? თავის დროზე ბიძინა ივანიშვილს შევთავაზე, რომ შეექმნა ანტიკორუფციული სააგენტო, მაგრამ არ გაითვალისწინა.

- ბატონო გიგლა, იმ ტოტს ხომ არ მოჭრიან, რაზეც სხედან, ვის სჭირდება ანტიკორუფციული სააგენტო?

- ეგეცაა, საქართველოში გაქანებული კორუფციაა. ერთ დღეში რომ ჩინოვნიკი მდიდრდება, გამაგებინეთ, ხალხო, საიდან, როგორ და რანაირად? ახლა ჩვენ რომ ქუჩაში გავიდეთ, ასი კაციდან 80 ამ ხელისუფლების მაგინებელია, ჩვენ ეს კი არ გვიხარია, ეს ქვეყნის განვითარებისთვის კარგი არ არის, მაგრამ ესენი ხომ საღ აზრს არ ითვალისწინებენ. ამათი ამოცანა მხოლოდ “ნაციონალების” გათეთრებაა. დაუკვირდით, რა ხდება, ბოკერიას ფრთა გამოდის და ამბობს, ჩვენ “ნაციონალები” აღარ ვართო და ამით იცილებენ თავიდან იმ ცხრაწლიანი სისხლიანი რეჟიმის დანაშაულებზე პასუხისმგებლობას. შეიკრიბნენ სპორტის სასახლეში “ნაციონალები” და ამბობენ, ჩვენ ვართ ახალი პოლიტიკური ძალა და ახალი ფურცლიდან ვიწყებთო. კი მაგრამ, ვინ უნდა აგოს პასუხი იმ დანაშაულებზე, რაც მათ ჩაიდინეს?!. რა გამოდის, თურმე ჩემი ბრალი ყოფილა, გახიზნული რომ ვიყავი. წარმოიდგინეთ, ამ ყველაფერს რომ ადამიანები უყურებენ, რა მდგომარეობაში იქნებიან. მე პირადად გაჩერებას არ ვაპირებ, ბოლომდე ვიბრძოლებ. იმის ნაცვლად, რომ გიგი უგულავას კანონის მთელი სიმკაცრით ეგო პასუხი, ციხიდან გამოუშვეს პოლიტიკური მიზნებისთვის, თითქოს ის დანაშაული ჩვენ ჩავიდინეთ. გამოიყვანონ ბოსლის მეძავი ციხიდან, ჩამოიყვანონ ადეიშვილი, მეგის ქარდავა და კეზერაშვილი, რომელიც გაამართლეს და დანიშნონ თანამდებობებზე. თურმე ხალხი ყოფილა დამნაშავე. ერთია, “ოცნების” უნიათობა და “გაზპრომთან” გაფორმებული ხელშეკრულება, რომელიც კრიტიკას ვერ უძლებს და მეორეა ის, ვინ ყვირის ყველაზე მეტს ამ საკითხზე. ყვირის ის სამარცხვინო “ნაციონალური მოძრაობა”, რომელმაც 2004 წლიდან 2012 წლამდე თუკი რამე იყო საქართველოში გასაყიდი, “გაზპრომს”, “რაოეესა” და რუსეთს მიჰყიდა. ეს პოლიტიკური ძალა იმ დონემდე მიიყვანა “ქართულმა ოცნებამ”, რომ აქეთ უქნევენ თითს, მაგრამ აწყობთ, ამათ უნდათ, პოლიტიკური სივრცე ერთმანეთით ამოავსონ და სხვა პოლიტიკური ძალისთვის ადგილი არ დატოვონ. ხალხს უკიდურესად უჭირს, 400 მილიონი სესხია მიკროსაფინანსო ბანკებიდან გამოტანილი, დაახლოებით 400 ათასი ადამიანია დაკაბალებული. წარმოგიდგენიათ, ეს რა ციფრია?!. ამათ ჰგონიათ, რომ ღარიბი და მშიერი ხალხის მართვა იოლია, აწყობთ, ასე მძიმე სოციალურ მდგომარეობაში ჰყავდეთ ხალხი, მაგრამ მათ არ იციან, როგორია მშიერი და გაბრაზებული ხალხის რეაქცია, ისეთი საპროტესტო ტალღა აგორდება, კაბინეტებიდან ვერ გაასწრებენ.

 

 

 

 

 

 
[ Back ]
No Feed URL specified.