პოზიცია
არქივის კალენდარი
« მარტი 2017 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
   1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
  
ნინო ბურჯანაძის გამოსვლა „სახალხო კრების“ თბილისის რაიონული კომიტეტების დაფუძნებაზე

ქ.თბილისი, 20.01.11

მოგესალმებით!
ვფიქრობ, ზედმეტია დღეს აქ შეკრებილ საზოგადოებას  ვესაუბრო იმ ვითარებაზე, რა ვითარებაც დღეს ქვეყანაშია შექმნილი, რადგან თითოეულმა თქვენგანმა  ეს ძალიან კარგად იცით და სწორედ ამან მოგიყვანათ აქ. თუმცა, თითოეულმა ჩვენგანმა უნდა ვუთხრათ სრულიად საქართველოს, რომ თუ დღევანდელი ხელისუფლება კიდევ დიდხანს დარჩება ქვეყნის სათავეში, ჩვენს ქვეყანას პერსპექტივა ძალიან დიდი ხნით აღარ ექნება. და არა მარტო ჩვენი თაობა, აღარაფერს ვამბობ ჩვენი მშობლების თაობაზე, არამედ ჩვენი შვილების თაობაც კი, ვეღარ იცხოვრებს ნორმალურ სახელმწიფოში.  ჩვენ არა გვაქვს უფლება ჩვენი გასაკეთებელი საქმე ჩვენს შვილებსა და შვილიშვილებს დავუტოვოთ.


სწორედ ამიტომ, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ის ამოცანა, რომელიც 25 ნოემბერს, „წარმომადგენლობითი სახალხო კრების“ დროს ასიათასობით ადამიანმა დაგვისახა, აუცილებლად შევასრულოთ. ეს ამოცანა არის დღევანდელი ხელისუფლების დემონტაჟი და არა მარტო სააკაშვილის, არამედ მისი გუნდის   ხელისუფლებიდან გაშვება; ეს ამოცანა არის ვისაც პასუხი უნდა მოეთხოვოს, იმათთვის პასუხის მოთხოვნა, რეალური დემოკრატიული და სამართლიანი არჩევნების ჩატარება და ქვეყნისათვის განვითარების შანსის მიცემა. კომიტეტების ხელმძღვანელებმა, წევრებმა და აქტივისტებმა, თითოეულმა თქვენგანმა უნდა უთხრას ჩვენს ხალხს, რომ მათ უნდა აირჩიონ ან ერთიანი და რეალურად დემოკრატიული საქართველო, ან მოდერნიზებული, ტერიტორიებჩამოჭრილი საბჭოთა კავშირი. ჩვენმა ხალხმა უნდა აირჩიოს ან მიხეილ სააკაშვილი, ან  გაერთიანებული საქართველო; ჩვენმა ხალხმა უნდა აირჩიოს ან ღირსების შელახვა და გაჩუმება, ან  ბრძოლა საკუთარი თავის რისკის ფასად. ჩვენმა ხალხმა ერთხელ და სამუდამოდ უნდა თქვას, რომ არც ერთ ხელისუფალს არასოდეს აპატიებს ტყუილებს; ტყუილებს, რომლებსაც ამერიკის შეერთებულ შტატებში, ევროპაში, აქ, ჩვენს ქვეყანაში ლაპარაკობს სააკაშვილი. რამდენიმე დღის წინ  განცხადება გააკეთა სააკაშვილმა, რომ, თურმე, მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა 60%-ით გაუმჯობესდა, რომ, თურმე, ქვეყანაში ყველაფერი კარგად არის, ქვეყანა ყვავდება, რომ, თურმე, ჩვენი ეკონომიკა წინ უსწრებს ყველა ქვეყნის ეკონომიკას; თურმე, სტაბილურობით, ისლანდიის შემდეგ, მეორე ქვეყანა ვართ მსოფლიოში, მაშინ, როდესაც მნიშვნელოვანმა გამოცემებმა - „გარდიანმა“, რომელიც დიდ ბრიტანეთში გამოდის, საქართველო არამშვიდობიან სახელმწიფოთა რიგში მოიხსენია და 149 ქვეყანაში 142 ადგილი მიაკუთვნა, ხოლო „ეკონომისტმა“, მსოფლიოში ყველაზე პოპულარულმა და ავტორიტეტულმა ჟურნალმა, საქართველოს, დემოკრატიის განვითარების თვალსაზრისით, 101 ადგილი მიაკუთვნა. ეს არის დღევანდელი რეალობა და მწარე სიმართლე.
დღევანდელი რეალობაა ის, როდესაც ჩვენს  ვეტერანებს მიაყენეს შეურაცხყოფა, როდესაც ახლა, ამ სიცივეში დევნილებს ქუჩაში აგდებენ და ეუბნებიან, ავტობუსებში ჩაგსვამთ და შუა გზაში გეტყვით სად მიგყავართო.

სამართლიანობისათვის ბრძოლას ყოველთვის უმცირესობა იწყებდა, მაგრამ ეს უმცირესობა სწორი, თავდაუზოგავი ბრძოლით, ყოველთვის გარდაიქმნებოდა საზოგადოების უდიდეს ნაწილად. ამ რამდენიმე დღის წინ შეხვედრა მქონდა ბატონ ჭაბუა ამირეჯიბთან, რომელმაც მითხრა: - ვინც ხართ, რამდენიც ხართ „სახალხო კრებაში“ იბრძოლეთ, თქვენი რიგები განუზომლად გაიზრდებაო. ყოველთვის უმცირესობა იწყებდა სამართლიანობისთვის ბრძოლას, უმცირესობა იქმსო. თუმცა ჩვენ არა ვართ უმცირესობა; ჩვენ ის ადამიანები ვართ, ვინც ძალიან ბევრ უკმაყოფილო ადამიანთა შორის ყველაზე აქტიურები აღმოვჩნდით და ჩვენი ამოცანაა, რომ ჩვენი თანამოაზრეების რიცხვი მაქსიმალურად გავზარდოთ. დღეს „სახალხო კრების“ მუშაობაში უამრავი ადამიანია ჩართული, როგორც სხვადასხვა პარტიის წევრები, ასევე უპარტიოები. მე შემთხვევით არ წამომცდენია „სხვადასხვა პარტიის წევრები“. ჩვენ, „დემოკრატიული მოძრაობა“  პირველივე დღიდან ვართ „სახალხო კრების“ აქტიური მხარდამჭერები.  და, რა თქმა უნდა,  ჩვენი ყველა წევრი და მხარდამჭერი ყველაფერს გააკეთებს, თავს დადებს იმისათვის, რომ კრებამ ადამიანებს იმედი არ გაუცრუოს და ჩვენს ქვეყანას მომავლის და განვითარების შესაძლებლობა მისცეს. ჩვენს გვერდით არიან იმ პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებიც, რომელთა პოლიტიკური პარტიის სახელწოდებები, ხშირ შემთხვევაში, პარტიის ლიდერთა თავშეკავების გამო, არ ფიქსირდება კრების მხარდამჭერად. „სახალხო კრების“  კომიტეტების შემადგენლობაშიც არიან ადამიანები, რომლებიც წარმოადგენენ არა მხოლოდ „დემოკრატიულ მოძრაობას“, არა მხოლოდ არაპოლიტიკურ ადამიანებს, არამედ სხვა პოლიტიკური პარტიის რიგებს. ჩვენ, მათივე თხოვნით, უხერხულობა რომ არ შევუქმნათ მათ ლიდერებს, შეგნებულად არ ვასახელებთ ამ ადამიანების პარტიულ წარმომავლობას. თუმცა, მათ რიგით წევრებს აქვთ იმედი, რომ ლიდერები ყველაფერს გადადებენ გვერდზე  და  გვერდით დაუდგებიან იმ საქმეს, რასაც ქვეყნის გადარჩენა ჰქვია. მინდა ყველა იმ ადამიანს, ვინც დღეს დარბაზში იმყოფება და, განსაკუთრებით,  სწორედ ამ პარტიების წარმომადგენლებს მოქალაქეობრივი აქტიურობისათვის ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო.

დღეს ჩვენ ვასრულებთ იმ პირობის ნაწილს, რომელიც ჩვენს ხალხს მივეცით; მივეცით 25 ნოემბერს, როდესაც კრება დაიბადა და შედგა,  მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი შურით და ბევრი შიშით უყურებდა ამ დღეს. ჩვენ ყველა რაიონში ვაფუძნებთ სამოქალაქო წინააღმდეგობის კომიტეტებს. კომიტეტები უკვე დავაფუძნეთ  თელავში, დუშეთში, მცხეთაში; დღეს დაფუძნდება თბილისის ყველა რაიონის კომიტეტი და აირჩევა ხელმძღვანელები და წევრები. მომავალ კვირას ჩვენ ვაგრძელებთ საქართველოს სხვადასხვა  რეგიონებში მუშაობას. თებერვლის ბოლომდე საქართველოს ყველა რაიონში გვექნება კომიტეტები, რომლებიც აქტიური მუშაობის შედეგად  გვეტყვიან იმ ადამიანების რაოდენობას, რომლებიც მზად არიან დაუმორჩილებლობისთვის. და როდესაც ჩვენ ყველა კომიტეტი გვეტყვის, რომ კომიტეტის შემადგენლობა და მხარდამჭერები, უამრავი ადამიანი მზად არის დაუმორჩილებლოს დღის გამოსაცხადებლად, ჩვენ ამ დღეს გამოვაცხადებთ და ბრძოლას ამ ხელისუფლების შეცვლისათვის, ქვეყნის გადარჩენისათვის აუცილებლად წარმატებით დავასრულებთ.

სამოქალაქო წინააღმდეგობის კომიტეტები არის  „სახალხო კრების“ ბირთვი. თქვენ უზარმაზარი პასუხისმგებლობა გეკისრებათ. თქვენი ამოცანა გახლავთ, რომ თითოეულ რაიონში არსებული პრობლემების მონიტორინგი და დეტალური  აღრიცხვა განახორციელოთ; წარმოგვიდგინოთ ამ პრობლემებზე რეაგირების სათანადო გეგმა. თქვენი ამოცანაა, რომ თქვენს რაიონში თითოეულ ადამიანამდე მიიტანოთ ქვეყნაში არსებული რეალური მდგომარეობის შესახებ, თქვენს რაიონში არსებული პრობლემების შესახებ ინფორმაცია; თქვენ რეაგირების გარეშე არ უნდა დატოვოთ უსამართლობის  არც ერთი ფაქტი, რისთვისაც საჭიროა თქვენი რიგების გაათმაგება და გაასმაგება. ხელისუფლებამ უნდა იცოდეს, რომ თუ შეეცდება უსამართლობა ჩაიდინოს, ამას ჩუმად ხალხი აღარ შეხვდება. უსამართლობას ჩუმად აღარ შეხვდება არც ერთი რაიონის მოსახლეობა.  ათობით, ასობით ადამიანი დადგება გამგეობის წინ, სასამართლოს წინ, ამა თუ იმ დაწესებულების წინ და  ხელისუფლებას უსამართლობის განხორციელებაში აქტიურად  შეუშლის ხელს. თითოეული რაიონის მოსახლეობას გვერდში დაუდგებიან სხვა რაიონებიდან, გვერდში დაუდგება თითოეული ჩვენგანი.

კომიტეტების უმთავრესი ამოცანაა მოიზიდოს ასობით ადამიანი, განახორციელოს მოსაზრებების მიხედვით ადამიანების გარკვეულ ჯგუფებად დაყოფა. ჯგუფები შემდეგნაირად იქნება წარმოდგენილი:  ადამიანები, რომლებიც მხარს უჭერენ „სახალხო კრების“ იდეას, მაგრამ ჯერჯერობით პასიურნი არიან; ადამინები, რომლებიც იქნებიან „სახალხო კრების“ მიერ მიღებული გადაწყვეტილებების რეალიზაციის აქტიური მხარდამჭერები და ადამიანები, რომლებიც თავად მიიღებენ მონაწილეობას ამ გადაწყვეტილებების რეალიზაციაში. ჩვენ ზუსტად უნდა ვიცოდეთ, რამდენი ადამიანი არის რეალურად უკმაყოფილო ამ ხელისუფლებით, ზუსტად უნდა ვიცოდეთ, რამდენი ადამიანი აპირებს საკუთარი ქვეყნისთვის, ღირსებისთვის, საკუთარი შვილების მომავლისთვის იბრძოლოს. თითოეულმა ჩვენგანმა უნდა გავაკეთოთ ჩვენი საქმე, უნდა გვესმოდეს, რომ არავინ ჩვენს გასაკეთებელს არ გააკეთებს. იმისათვის, რომ გამოცხადდეს დაუმორჩილებლობის დღე, ჩვენ ზუსტად უნდა ვიცოდეთ, თუ რამდენი ადამიანი არის  მზად  საკუთარი ღირსების დაცვისათვის საბრძოლველად. პრინციპულად    მნიშნელოვნად მიმაჩნია ახალგაზრდული ფრთის კიდევ უფრო გაძლიერება. ჩვენი და თითოეული კომიტეტის ამოცანა უნდა იყოს ის, რომ რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა იყოს ჩართული ამ ბრძოლაში. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ სწორად ჩატარებული წარმატებული მუშაობის შედეგად, ძალიან მალე შევძლებთ არა მარტო კომიტეტების გაათმაგებას და გაასმაგებას, არამედ რეალური დაუმორჩილებლობის და გადამწყვეტი ბრძოლის დღის გამოცხადებას.

მინდა გითხრათ, რომ მე, ნინო ბურჯანაძე, ჩვენი პარტია, „დემოკრატიული მოძრაობა“ ვდგავართ თქვენს გვერდით; ჩვენ არც ერთი ნაბიჯით არ დავიხევთ უკან. თქვენ უნდა გქონდეთ იმ ადამიანების იმედი,  ვინც „სახალხო კრებაშია“.

ხელისუფლებამ უბინძურესი კამპანია აწარმოა „სახალხო კრების“ და „სახალხო კრების“ წევრების მიმართ, თუმცა ერთი რაც ვერ გაბედა, ხელისუფლებამ ვერ თქვა, რომ „სახალხო კრებაში“ არიან ადამიანები, რომლებიც უღალატებენ ჩვენს სამშობლოს; ვერ თქვა, რომ კრებაში არიან ადამიანები,  რომლებიც უკან დაიხევენ, რომლებიც გაურიგდებიან ან შეურიგდებიან ამ ხელისუფლებას; ვერ თქვა, რადგან ამის ელემენტარული საბაბი არ არსებობს. მინდა ხმამაღლა ვთქვა, ვამაყობ, რომ „სახალხო კრებაში“ ამ ადამიანების გვერდით ვარ. უპირველეს ყოვლისა, მინდა უდიდესი პატივისცემა დავუდასტურო ბატონ ჭაბუა ამირეჯიბს, ქალბატონ ნონა გაფრინდაშვილს, ბატონ გოგი ქავთარაძეს, ბატონ რეზო ესაძეს, ბატონ ელიზბარ ჯაველიძეს, ბატონ ირაკლი ბათიაშვილს, ბატონ გია ბურჯანაძეს,.. ყველა იმ ადამიანს, ვისაც მართლაც  შეეძლო გვერდიდან ეყურებინა მოვლეებისთვის, მაგრამ ვისაც ამისი გაკეთება უბრალოდ არ შეუძლია, რადგან  სამშობლო ყველაფერზე მეტად უყვარს.

და ერთიც, ჟურნალისტებმა მკითხეს, რამდენად გაუმართლა „სახალხო კრებამ“ იმედები ხალხსო. „სახალხო კრება“ ხალხს იმედებს გაუმართლებს მაშინ, როდესაც ჩვენ ბრძოლას წარმატებით დავასრულებთ. მინდა ძალიან მნიშვნელოვანი გამოკითხვის შედეგები გითხრათ. დამოუკიდებელმა რეგიონალურმა ტელევიზია „თრიალეთმა“   „სახალხო კრების“ შესახებ ობიექტური ინფორმაცია მიაწოდა გორის მოსახლეობას  და შემდეგ ჩაატარა გამოკითხვა. მოსახლეობის 84% -მა თქვა, რომ ისინი  „სახალხო კრებას“ ენდობიან და რომ „სახალხო კრება“  თავისი საქმიანობით მათ იმედებს ამართლებს. ეს არის შედეგი იმისა, რომ  ადამიანებს საშუალება აქვთ ობიექტური ინფორმაცია მიიღონ.

„სახალხო კრება“ არის  დღევანდელი რეჟიმის წინააღმდეგ ასამოქმედებელი მექანიზმი. კრება არის მექანიზმი იმისთვის, რომ დავაჩქაროთ ჩვენი ქვეყნის განთავისუფლება. კრება, ერთი მხრივ, არის ორგანო, რომელსაც ერთადერთი უმთავრესი ამოცანა აქვს - გააერთიანოს ხალხი და, მეორე მრივ, ეს არის ორგანო, რომელსაც შეუძლია ეს ქვეყანა გადაარჩინოს იმ უბედურებას, რასაც დღევანდელი ხელისუფლება უქადის. ერთ მხარეს არის „სახალხო კრება“  და ხალხი და მეორე მხარეს არის ხელისუფლება.

ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენ ყველანი შევძლებთ რაც შეიძლება მეტი ადამიანის მობილიზებას „სახალხო კრების“ ირგვლივ. ჩვენ შევიკრიბებით, თუ საჭირო იქნება მიტინგებსაც, აქციებსაც ჩავატარებთ, მაგრამ მხოლოდ რეალური შედეგის მომტანს. ხელისუფლებამ უნდა იცოდეს, რომ  ხალხის მოთმინების ზღვარზეა, ხალხი დიდხანს აღარ მოითმენს. ხელისუფლებამ უნდა იცოდეს, რომ მას ხალხის რისხვა თავს დაატყდება და ამიტომ დროა გონს მოეგოს.

ჩვენ ერთად დავდგებით, ხელისუფლებას გავაგობნებთ   ჩვენს ხმას და ვაიძულებთ მას, დაემორჩილოს ხალხის ნებას!

ჩვენ გადავარჩენთ ჩვენს ქვეყანას!

დიდი მადლობა.

 

 
არხის ვებ მისამართი არ მითითებულა.

კვირის ვიდეო









ს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს შეხ