პოზიცია
არქივის კალენდარი
« მარტი 2017 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
   1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
  
ნინო ბურჯანაძის გამოსვლა 7 ნოემბერს სასტუმრო „რედისონში” გამართულ შეხვედრაზე
უპირველეს ყოვლისა მადლობა მინდა გადავუხადო სალომე ზურაბიშვილს, რადგან მისმა ინიციატივამ საშუალება მოგვცა ქართული საზოგადოების, პოლიტიკური პარტიების, დიპლომატიური კორპუსის და არასამთავარობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად  ვიმსჯელოთ საკითხზე, თუ რატომ ვთვლით ჩვენ, პოლიტიკური პარტიების მნიშვნელოვანი ნაწილი, რომ ბრძოლა საქართველოს ხელისუფლების შეცვლისათვის უნდა გაგრძელდეს. ჩვენ მოვისმენთ ძალიან ბევრ არგუმენტს იმის დასამტკიცებლად, რომ ნებისმიერ ნორმალურ, ცივილიზებულ და მეტ-ნაკლებად დემოკრატიულ სახელმწიფოში, არსებულ ვითარებაში დადგებოდა ქვეყნის უმაღლესი პირის მინიმუმ პოლიტიკური პასუხიმგებლობის საკითხი.


დღევანდელ შეხვედრას დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებიან. მინდა მათ ჩვენი პატივისცემა დავუდასტურო და აღვნიშნო, რომ  არც ერთ დემოკრატიულ სახელმწიფოში საზოგადოება არ აპატიებდა  ქვეყნის პრეზიდენტს იმ ფაქტს, რომ მან  უგულველყო ჩვენი დასავლელი მეგობრების ყველა გაფრთხილება და ქვეყანა ჩართო ავანტიურისტულ, წინასწარ წაგებულ ომში, რომლის შედეგადაც ჩვენ დავკარგეთ ქვეყნის ტერიტორიის 20%; ქვეყნის ტერიტორიაზე დაბრუნდა რუსეთის ბაზები, საქართველოს პერსპექტივა გახდეს ნატოს წევრი და დაუახლოვდეს ევროკავშირის სტრუქტურებს განუსაზღვრელი ვადით გადაიდო; კვლავ ჩატყდა მეტ-ნაკლებად აღდგენილი ხიდი ეგრეთწოდებულ სამხრეთ ოსეთის მოსახლეობასთან და განუსაზღვრელი ვადით გადაიწია კონფლიქტების დარეგულირების პროცესმაც. ჩამოთვლა იმ პოლიტიკური თუ სისხლის სამართლებრივი დანაშაულებისა, რომელიც ამ ხელისუფლებამ ჩაიდინა, ძალიან შორს წაგვიყვანს.

დღეს 7 ნოემბერია, თითოეული ადამიანისათვის ძალიან მძიმე თარიღი. ჩემთვის ეს თარიღი ორმაგად უფრო მძიმეა. მძიმეა, რადგან დაზუსტებით ვიცი, რომ 2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენების თავიდან აცილება შესაძლებელი იყო.   გაჩენილმა იმედგაცრუებამ, „ვარდების რევოლუციის” დროს ხელისუფლების მხრიდან გაცემული პირობების შეუსრულებლობამ ასეულობთ ათასი ადამიანი ქუჩაში გამოიყვანა.

ხელისუფლება გზებს აგებს, რაც ძალიან კარგია; დღეს ჩვენ შუქი გვაქვს, რაც ასევე კარგია; კარგია, რომ თბილისი და ქვეყნის სხვა ქალაქები გალამაზდა და ქუჩებში ყვავილებია, მაგრამ ეს არ იყო „ვარდების რევოლუციის” მთავარი დაპირება. მთავარი დაპირება იყო, რომ ქვეყანა გახდებოდა სამართლიანი, განთავისუფლდებოდა კორუფციისაგან, რომ  შეიქმნებოდა სამართლიანი სასამართლო, რომ ქვეყანა იქნებოდა დემოკრატიული, სტაბილური, პროგნოზირებადი, რომ აღდგებოდა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა – სამწუხაროდ, არც ერთი ეს დაპირება შესრულებული არ არის.

პრეზიდენტი და ჩვენი ხელისუფლება თავს იწონებს იმით, რომ ქვეყანაში აღარ არის კორუფცია. კარგია, რომ პატრული ფულს არ იღებს, მაგრამ ყველასთვის ცნობილია, რომ არასოდეს ყოფილა ქვეყნის უმაღლესი ხელისუფლება ისეთი კორუმპირებული, როგორიც დღეს. ეს ფაქტი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის დასკვნაშიც კი აღინიშნა; ითქვა, რომ სახელმწიფოში გამეფებულია ელიტარული კორუფცია. ყველა ის ადამიანი, რომელიც ჩართულია ხელისუფლების მმართველ რგოლში აბსოლუტური დაუსჯელობის სინდრომით სარგებლობს; ამის მაგალითებად კმარა, თუნდაც, 2007 წლის 7 ნოემბერი და სანდრო გირგვლიანის მკვლელობა.

საქართველოს პრეზიდენტმა, ახალგაზრდებთან შეხვედრის დროს აღიარა თუ რატომ მოხდა 7 ნოემბერი, რატომ დაარბიეს აქცია, რომელიც, პრაქტიკულად, დასრულებული იყო.

საქართველოს პრეზიდენტმა პირდაპირ თქვა, რომ ყველა ქვეყანაში ჯარმა და პოლიციამ უნდა აჩვენოს, რომ ხელისუფლება არსებობს, რომ ყველა ქვეყანაში ჯარმა და პოლიციამ უნდა შეძლოს ხალხი „თავის ადგილზე დასვას“. დიახ, 7 ნოემბრის აქცია დაარბიეს სწორედ იმიტომ, რომ ხელისუფლებას არ აწყობდა, რომ ეს აქცია მშვიდობიანად დასრულებულიყო. მას უნდოდა კარგად დაესაჯა ის ადამიანები, ვინც გაბედა და ხმა აღიმაღლა ხელისუფლების მიერ განხორციელებული ქმედებების გამო. ვწუხვარ, რომ ამის თავიდან აცილება ვერ შევძელი.

2007 წლის 7 ნოემბრის შემდეგ  ხელისუფლებას ჰქონდა უნიკალური შანსი; შანსი, რომელიც მას ქართველმა ხალხმა, ოპოზიციურმა ძალებმა და საერთაშორისო თანამეგობრობამ მისცა.  ეს შანსი გულისხმობდა  მეტ-ნაკლებ მხარდაჭერას, თვალის დახუჭვას, პატიებას, შეგუებას. ხალხმა ხელისუფლებას მისცა შანსი მაშინ, როდესაც 2008 წლის იანვარში ინაუგურაცია ჩატარდა და არ ჩაიშალა; როდესაც საერთაშორისო თანამეგობრობამ დაადასტურა არჩევნები, რომლის ხარვეზების შესახებაც ყველამ ძალიან კარგად ვიცოდით. ეს შანსი ხელისუფლებამ  არ გამოიყენა. ხელისუფლებას შეეძლო ქვეყანა დაებრუნებინა დემოკრატიული განვითარების გზაზე. მას ჰქონდა შანსი, რომ გაეტარებინა ის რეფორმები, რომლებიც საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან ლევან გაჩეჩილაძისა და დავით უსუფაშვილისადმი, ჩემი თანდასწრებით,  მიცემული პირობების საფუძველი იყო. პირობების, რომელიც ითვალისწინებდა საარჩევნო კოდექსში, მედიაში, მართლმსაჯულების სისტემაში და სამართალდამცავ ორგანოებში ცვლილებებს.

ამ პირობების შესრულების შემთხვევაში, სრული პასუხისმგებლობით შემიძლია ვთქვა, ქვეყანა დადგებოდა ნორმალური, დემოკრატიული განვითარების გზაზე. ქვეყანა შესძლებდა აერჩია მრავალპარტიული პარლამენტი, სადაც  შესაძლებელი იქნებოდა ჯანსაღი დისკუსია. ასეთ შემთხვევაში  პრეზიდენტი ბევრს იფიქრებდა, ვიდრე გადაწყვეტილებას მიიღებდა ცხინვალის დაბობმბვასთან დაკავშირებით.
ძვირფასო მეგობრებო, ჩვენ ყველამ, მთელმა ქართველმა საზოგადოებამ, საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად 2008 წლის იანვარში არჩევანი გავაკეთეთ სტაბილურობის სასარგებლოდ. ჩვენ ყველამ თვალი დავხუჭეთ დემოკრატიის სერიოზულ პრობლემებზე.  2008 წლის იანვარმა, მაისმა და, უპირველეს ყოვლისა, 2008 წლის  7-მა აგვისტომ, ვფიქრობ, ჩვენ ყველა დაგვარწმუნა იმაში, რომ არ შეიძლება არჩევანი გაკეთდეს დემოკრატიასა და სტაბილურობას შორის, არ შეიძლება დღევანდელი რეალობა იყოს სტაბილური თუ ის არ იქნება დემოკრატიული.

მე  ერთ-ერთი იმ ადამიანთაგანი ვარ, ვინც საკუთარი რეიტინგი  ყველაზე მეტად დააზარალა სწორედ სტაბილურობისათვის ბრძოლის გამო. მე ყოველთვის პირველ ადგილზე ვაყენებდი სტაბილურობას; ვშიშობდი, რომ ქვეყნის სტაბილურობა არ შერყეულიყო, თუმცა, საბოლოო ჯამში, დავრწმუნდი, რომ არ შეიძლება სტაბილურობა დემოკრატიის გარეშე. ნუ დავუშვებთ იმავე შეცდომას, რა შეცდომაც დავუშვით 2008 წლის იანვარში; ნუ გავაკეთებთ არჩევანს დემოკრატიასა და სტაბილურობას შორის. ამ ქვეყანას სჭირდება დემოკრატიაც და სტაბილურობაც.  ვინც დღეს სტაბილურობაზე ლაპარაკობს, მაგრამ დემოკრატიაზე თვალს ხუჭავს პასუხისმგებლობას ყველა გაიზიარებს.

ქვეყანა ვერ იქნება სტაბილური თუ გვეყოლება პოლიტპატიმრები და იარსებებს შინაგან საქმეთა სამინისტროს ტელევიზია; თუ  ქვეყნის  პრეზიდენტი იქნება პირი, რომელიც ტალიავინის დასკვნის შემდეგაც განაცხადებს, რომ დღესაც იმავეს გააკეთებდა ცხინვალში, რაც 2008 წლის აგვისტოში განახორციელა.

ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას იმისთვის, რომ საქართველოს მოსახლეობა არ იყოს მეორეხარისხოვანი ერების კატეგორიაში.  სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, ვიდრე ქვეყანას ჰყავს პრეზიდენტი, რომელიც ყოველ დღე არღვევს დემოკრატიულ პრინციპებს, რომელიც აშორებს ქვეყანას  დასავლურ ფასეულობებს და მიზანმიმართულად თუ შეუგნებლად ქვეყანაში ამკვიდრებს დასავლური ორიენტაციისადმი იმედგაცრუებასა და ნიჰილიზმს; ვიდრე ქვეყანას ჰყავს პრეზიდენტი, რომელიც ამაყობს იმით, რომ ქვეყნის მოსახლეობა და ცხინვალი დაბომბა; ვიდრე ხალხი ყველაფერს არ გააკეთებს იმისათვის, რომ ქვეყანაში ჩატარდეს დემოკრატიული და სამართლიანი არჩევნები, ჩვენ ვიქნებით მეორეხარისხოვანი ერი.

დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ბრძოლას გავაგრძელებთ,  რომ არ  დავუშვებთ ქვეყანა ჩამოყალიბდეს ტოტალიტარულ სახელმწიფოდ. ეს ქვეყანა დიდი ნაბიჯებით მიემართება ტოტალური რეჟიმის დამკვიდრებისკენ. დიახ, ეს ნაბიჯები აქტიურად იდგმება ყოველ დღე. ამის შეჩერება შეუძლია მხოლოდ  ქართველ ხალხს და ჩვენს დასავლელ მეგობრებს. ამის შეჩერებისთვის კი აუცილებელია ნათელი და მკაფიო დაფიქსირება იმ პრინციპებისა, რა პრინციპებიც ქვეყანამ და ხელისუფლებამ უნდა დაიცვას, რათა ცივილიზებული სამყაროს ნაწილი გახდეს.
 
არხის ვებ მისამართი არ მითითებულა.

კვირის ვიდეო









ს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს შეხ