პოზიცია
არქივის კალენდარი
« მარტი 2017 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
   1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
  
ბესო დანელიას ინტერვიუ

`ხელისუფლება ხალხს კომბლების რევოლუციისკენ უბიძგებს'

ბესო დანელია: `საპარლამენტო უმრავლესობა პრემიერს ტყუილში ადანაშაულებს~

რატომ უძვირებს ხელისუფლება ხალხს ცხოვრებას, რატომ დუმს ივანიშვილი, როდისთვის უნდა ველოდოთ სამთავრობო ცვლილებებს და საით მიექანება ქვეყანა? - ამ თემებზე "ახალ თაობას" დემოკრატიული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი ბესო დანელია ესაუბრება.

ბესო დანელია:

- დღეს ქვეყნის მოსახლეობა უკიდურეს გაჭირვებაში იმყოფება, მაგრამ არანაკლებ მძიმე დღეშია მთავრობა. რამდენიმე დღის წინ მთავრობამ შემოგვთავაზა კრიზისიდან გამოსვლის გეგმა, რომელიც თაბახის ფურცლის ნახევარზე ეტევა, ეს უკვე სამარცხვინოა. თავად ეს გეგმა სხვა არაფერია თუ არა ხალხის დაცინვა _ ხელისუფლება ხალხის მდგომარეობის გამოსწორებას ხალხის ხარჯზე აპირებს. ყველაფერი იქითკენ მიდის, რომ რამდენიმე თვეში საქართველოს ახალი მთავრობა ეყოლება, ამათ კი შესაძლოა გასაქცევად გაუხდეთ საქმე.

ესენი მგონი იმასაც ვერ აცნობიერებენ, თუ რა მოჰყვება საწვავზე აქციზის გაზრდას. როცა საწვავის ფასი იზრდება, ძვირდება ყველა ის პროდუქცია, რომელიც საწვავთან არის კავშირში. პრობლემის გაანალიზების ნაცვლად ხელისუფლებისგან გვესმის ცინიკური განცხადებები, რომ სიგარეტზე, საწვავსა და ალკოჰოლზე აქციზის გაზრდა ჩვენს ჯანმრთელობაზე კარგად იმოქმედებს.

მათ მიერ შემოთავაზებული გეგმა და ცინიკური განცხადებები მიუთითებს იმაზე, რომ ამ კრიზისიდან გამოსვლა არ ძალუძთ. ისინი არც ხალხზე ფიქრობენ და იმაზე არიან გადასული, რაც შეიძლება კარგად მოიწყონ ცხოვრება. ყველაფერს აკეთებენ, რომ ხალხი ქუჩაში გავიდეს და ამათ კომბლების რევოლუცია მოუწყონ.

- ხელისუფლება ვერ აცნობიერებს იმას, რომ სოციალური ბუნტისკენ მიდის საქმე?

- ვერ ვხვდები, რას აცნობიერებენ და რას არა. პარლამენტის სხდომებზე ისეთი განცხადებები კეთდება, რომ ზოგჯერ მგონია, იუმორისტული გადაცემაა. არადა ქვეყანაში ბავშვები და მოხუცები შიმშილისგან იღუპებიან. ამ დროს გამოდის ერთი დეპუტატი, რომელიც ამბობს, რომ ზარმაც და ყოჩაღ პენსიონერებს ერთნაირი პენსია არ უნდა ჰქონდეთ. მეორე დეპუტატი გვეუბნება, რომ ივანიშვილის სურათი ყველა ოჯახში უნდა იყოს. ერთ-ერთმა მინისტრმა ქვეყნის გადარჩენის გზად კომბლეს სპაიდერმენით ჩანაცვლება მიიჩნია.

გაჭირვება და ასეთი ცინიკური განცხადებები ხალხს მართლა გამოიყვანს ქუჩაში, რაც ქვეყნისთვის, შესაძლოა, დამღუპველი აღმოჩნდეს. უფსკრულის პირას მდგარი ქვეყანა კიდევ ერთ რევოლუციას ვეღარ გადაიტანს.

- ხალხის ქუჩაში გამოსვლას სახიფათოდ მიიჩნევთ, აბა გამოსავალს რაში ხედავთ?

- გამოსავალი ზუსტად 2 თვის წინ იყო _ 8 ოქტომბრის არჩევნებზე შეიძლებოდა `ოცნების~ შეცვლა და მის ნაცვლად პასუხისმგებლიანი ძალის არჩევა, რომელსაც რეალური ცვლილებების განხორციელების კომპეტენციაც ჰქონდა და უნარიც. სამწუხაროდ, მშიერმა ხალხმა სხვა არჩევანი გააკეთა. გასამარჯვებლად `ოცნებამ~ არც გაყალბებაზე თქვა უარი და დღეს ქვეყანას ერთი ძალა _ ნაციონალური ოცნება მართავს. არჩევნების წინ `ოცნება~ გვაშინებდა იმით, რომ ჩვენ თუ არ აგვირჩევთ, სააკაშვილი დაბრუნდება. მეორე მხრივ, ყველაფერს აკეთებდნენ იმისათვის, რომ პარლამენტში მათთან ერთად მხოლოდ ნაციონალები მოხვედრილიყვნენ.

თვალშისაცემია ის ფაქტიც, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები ოპოზიციასთან ტელედებატებში მონაწილეობაზე უარს ამბობენ. ერთადერთი გამონაკლისი ნაცმოძრაობაა, მათთან ერთად სიამოვნებით სხედან და დემაგოგობენ. ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ ამ პარტიებს ერთმანეთი სჭირდებათ. რომელ დემოკრატიაზე და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებაზეა საუბარი, როცა ერი თურქმენიზაციის გზას დაადგა.

- რა გაძლევთ იმის თქმის საბაბს, რომ ერი თურქმენიზაციის გზას ადგას?

- ქვეყანაში არაფორმალური მმართველობაა. იმ ქვეყანაში, სადაც ბავშვები შიმშილით იღუპებიან, მინისტრები 100.000-იანი ჯიპებით არ უნდა დადიოდნენ. გაჭირვებული ხალხის ხარჯზე გამდიდრება, რბილად რომ ვთქვათ, ამორალურია. ხელისუფლებაზე მიბმულმა პირებმა, ბანკებმა და მიკროსაფინანსოებმა ამ დღეებში მილიონობით ლარი იშოვეს.

მათ საერთოდ არ აინტერესებთ, თუ რამდენმა ადამიანმა მოიკლა თავი ონლაინ-სესხების გამო. რამდენიმე წლის წინ მადრიდში ერთ-ერთმა მოქალაქემ თავი იმის გამო მოიკლა, რომ მას ბანკმა სახლი გაუყიდა. ამ თვითმკვლელობის შემდეგ ესპანეთის მთავრობამ მოიწვია ბანკების ხელმძღვანელები. ამ შეხვედრის შემდეგ ბანკებმა ყველა მოქალაქეს 10 წლით გადაუვადეს სესხის გადახდის ვადა. ჩვენთან ასეთი ფაქტები ძალიან ხშირად ხდება. რამდენიმე კვირის წინ გურჯაანში 34 წლის ახალგაზრდამ თავი სწორედ ამ მიზეზით მოიკლა. მან ონლაინ-სესხი ვერ დაფარა და მიკროსაფინანსომ ბინა გაუყიდა. ჩვენი ხელისუფლება ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე რომ მოქმედებდეს, ასეთ ფაქტებს რეაგირების გარეშე არ დატოვებდა.

წინა კვირაში მთავრობამ თითქოს გულთან ახლოს მიიტანა ეს ამბავი. პრემიერმა განაცხადა, რომ ონლაინ-სესხები აიკრძალებოდა. ჩვენ მივესალმეთ ამ ამბავს, მაგრამ რად გინდა, იმავე დღეს შეცვალეს პოზიცია. გამოვიდა საპარლამენტო უმრავლესობა და განაცხადა, რომ არანაირი აკრძალვა არ მოხდებოდა. ამით პირდაპირ გვითხრეს, რომ პრემიერმა იცრუა.

- პრემიერს ამ თემაზე კომენტარი აღარ გაუკეთებია და მის დუმილს რითი ხსნით?

- ვერ გეტყვით. ეს ადამიანი ამ განცხადების გაკეთებისთანავე ევროპაში გაემგზავრა. ფაქტი ისაა, რომ ამათი პოპულიზმი და ცინიზმი უკვე აუტანელია. სადაც არ უნდა გავიდეთ, ყველა ხელისუფლებას ლანძღავს. მათ შორის არიან `ოცნების~ ერთგული მხარდამჭერებიც. ეს უკვე ძალიან სერიოზულ კრიზისზე მიუთითებს.

- ზემოთ თქვენ არაფორმალური მმართველობა ახსენეთ. არაფორმალურ მმართველად მიჩნეული ივანიშვილი ყოველთვის ჩნდებოდა ხოლმე, როცა სიტუაცია რთულდებოდა. ამჯერად ის არ გამოჩენილა და თქვენი აზრით, რა ხდება?

- ქვეყანაში იმ დონის კრიზისია, რომ `ოცნების~ წარმომადგენლების განცხადებები უკვე აღიზიანებს ადამიანებს. ისინი ლაპარაკის ნაცვლად საქმეს ითხოვენ, საქმის გაკეთება არავის უნდა. ამიტომაც ერიდება ივანიშვილი გამოჩენას. ლაპარაკს შედეგი არ მოსდევს და რა მნიშვნელობა აქვს, ვინ ილაპარაკებს _ არაფორმალური მმართველი თუ პრემიერი კვირიკაშვილი. ამ უკანასკნელმა მთავრობის სხდომაზე რაღაც გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც მისი გუნდის წევრებმა რამდენიმე საათში უარყვეს.

- ამ ფაქტმა ბევრი ჭორი გააჩინა. ერთ-ერთი ვერსიით, კვირიკაშვილის წინააღმდეგ შეთქმულებას აქვს ადგილი.

- იქიდან გამომდინარე, რომ `ოცნებაში~ დამოუკიდებელ გადაწყვეტილებებს არავინ იღებს, გუნდის შიგნით არანაირი შეთქმულება არ არის. შეთქმულებაც რომ იყოს, ეს არაფერს არ ცვლის, რადგანაც ხელისუფლება ხალხზე წიხლის დაჭერის ხარჯზე ცდილობს რაღაცის გაკეთებას.

ყველა სხვა სიკეთესთან ერთად, ისე გააკეთეს, რომ არჩევნების შემდეგ პარტიები დაშალეს. რამდენიმე ლიდერი პოლიტიკიდან საერთოდ წავიდა. ფაქტიურად მარტო `ოცნება~ და ნაციონალები არიან დარჩენილი. ეკონომიკური ვითარება ასეთი კატასტროფული რომ არ იყოს, ხალხი კიდევ დახუჭავდა რაღაცაზე თვალს, მაგრამ ახლა ისეთი სიტუაციაა, შეიძლება ხალხი ვეღარ გააჩერონ.

- ისე, თქვენ თუ გახსენდებათ ხელისუფლება, რომელმაც არჩევნების დასრულებიდან ლამის მეორე დღესვე ხალხს ასე გაუძვირა ცხოვრება?

- ასეთი რამე ნამდვილად არ მახსოვს, მიუხედავად იმისა, რომ სააკაშვილის და შევარდნაძის დროს უმძიმესი ვითარება იყო. თავად ამ ხელისუფლებაზე რაიმე რომ იყოს დამოკიდებული, აქამდე არ მიიყვანდნენ საქმეს. მათ ქვეყნის მართვა არ იციან, მხოლოდ პირადი კეთილდღეობის მოწყობა სურთ, გადაწყვეტილებებსაც ერთი კაცი იღებს და ამიტომაც ვართ ამ დღეში. უახლოეს მომავალში თუ რაღაც არ შეიცვალა, თავად ეს ხელისუფლება შეიცვლება.

 

 

 
არხის ვებ მისამართი არ მითითებულა.

კვირის ვიდეო









ს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს შეხ