პოზიცია
არქივის კალენდარი
« მარტი 2017 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
   1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
  
შაქრო ზურაშვილი: ეგონათ, მოვკვდი, სასწრაფო დახმარება გამოიძახეს და უთხრეს, მორგში წაიყვანეთო

საზოგადოებამ საქართველოს ციხეებში პატიმრებისადმი არნახული სისასტიკით მოპყრობის შესახებ რამდენიმე წლის წინათ შეიტყო და ყოფილი ხელისუფლების მმართველობას წერტილი დაუსვა. მსოფლიომ შეიტყო, როგორი სისასტიკით უსწორდებოდნენ უდანაშაულო ადამიანებს მხოლოდ იმიტომ, რომ მათ წინააღმდეგ ხელისუფლებას პირადი მიზნები ამოძრავებდა, ამ ყველაფერს კი თავისუფლებისა და დემოკრატიის სახელით ახორციელებდა.


ციხეში წამების ფაქტებზე, მართალია, დრო და დრო ვრცელდებოდა ინფორმაცია, მაგრამ მათზე რატომღაც ყველა თვალს ხუჭავდა და ყოფილი პრეზიდენტიც ამერიკელებისთვის კვლავ “დემოკრატიის შუქურად” რჩებოდა, მსოფლიოს საზოგადოებრიობისთვის კი _ თავისუფლებისა და სამართლიანობის მედროშედ... როგორც ყოფილი პატიმრები ამბობენ, დამნაშავეები არც ხელისუფლების შეცვლის შემდეგ დასჯილან და არც ყოფილი პოლიტიკური პატიმრების რეაბილიტაცია განხორციელებულა. მეტიც, როგორც ჩანს, ქართველი საზოგადოების ნაწილს პოლიტიკური ამნეზია დაემართა, ვინაიდან ახლახან გამართულ საპარლამენტო არჩევნებში “ნაციონალურმა მოძრაობამ” ხმების 27% მოიპოვა... არასოდეს რომ არ დავივიწყოთ ის სისასტიკე და უკანონობა, რომელიც ახლო წარსულში ჩვენს ქვეყანაში ხდებოდა, “საქართველო და მსოფლიო” რუბრიკით “ხანდაზმულობის ვადის გარეშე” ამჯერად გთავაზობთ ინტერვიუს ყოფილ პოლიტპატიმარ შაქრო ზურაშვილთან, რომელიც 2011 წლის 26 მაისს, საპროტესტო აქციის დარბევისას, ნინო ბურჯანაძის ავტომანქანას მართავდა. მიუხედავად იმისა, რომ არც ბრალი უღიარებია და არც სათანადო მტკიცებულები წარუდგენიათ მის წინააღმდეგ, ორი პოლიციელის მკვლელობაში ბრალდებულ შაქრო ზურაშვილს 12 წლით პატიმრობა მიუსაჯეს.

 

- აქციის ღამესვე დამიჭირეს, უკვე ჩუბინაშვილის ქუჩაზე ვიმყოფებოდი, როცა მოვიდნენ და ეზოდან წამიყვანეს დიღომში, პოლიციის მთავარ სამმართველოში, სადაც სასტიკად მცემეს. წარმოიდგინეთ, მთელი ეზო სავსე იყო პოლიციელებითა და სპეცრაზმელებით და ყველა მე მცემდა. მცემდნენ ფეხებით, ხელკეტებით, იარაღის კონდახით, ბეისბოლის ჯოხებით. განსაკუთრებული სისასტიკე გამოიჩინეს, ყველას გამოუცხადეს, ეს ის კაცია, რომელმაც უდანაშაულო პოლიციელები დახოცა და პატარა ბავშვები დააობლაო. ამდენი ცემისგან მხედველობაც დავკარგე _ ვეღარაფერს ვხედავდი, მხოლოდ ხანდახან, როდესაც გონს მოვდიოდი, ხმები ჩამესმოდა. მახსოვს, როდესაც ეგონათ, ცოცხალი აღარ ვიყავი, სასწრაფო დახმარების მანქანა გამოიძახეს და ექიმმა თქვა, - ხელის ამპუტაცია დასჭირდებაო, რადგან ხელები ცემისგან სულ გაშავებული მქონდა. ჩვენი ორი თანაპარტიელი ყოფილა პოლიციის შენობაში მეექვსე სართულზე და, როდესაც იქ ამიყვანეს, მითხრეს, უკვე მკვდარი გვეგონეო.

 

ეგონათ, მოვკვდი. სასწრაფო დახმარება გამოიძახეს და უთხრეს, მორგში წაიყვანეთო, მაგრამ, რაკი ცოცხალი ვიყავი, სასწრაფოს ექიმმა ჩაფიძის კლინიკაში გადამიყვანა. 26 მაისს, დილის ექვსის ნახევარზე მიმიყვანეს საავადმყოფოში და მხოლოდ დღის ორ საათზე მოვედი გონს. როგორც კი თვალი გავახილე, მაშინვე ისევ დიღომში, პოლიციის სამმართველოში წამიყვანეს.

 

პოლიციის სამმართველოში გამუდებით მაყურებინებდნენ ტელევიზორს, როგორ აცხადებდნენ, რომ მე მოვკალი ორი პოლიციელი _ ვლადიმერ მანსურაშვილი და ნოდარ ცხადაძე. როცა, ვთქვი, რაღაც გაუგებრობაა, არავინ მომიკლავს-მეთქი, პოლიციის თანამშრომელმა ტელეფონის კაბელი ჩამარტყა თავში, თან მეუბნებოდა, როცა კაცს კლავდი, მაშინ არ იყავი ცუდადო?! ვამტკიცებდი, კადრებში ნაჩვენებია “ემ-ელის” ჯიპი, ჩემი ავტომობილი კი “ტოიოტა პრადოა”-მეთქი. ამის შემდეგ ბრალდება შეცვალეს, ვითომ არავინ მომიკლავს, მაგრამ ვაკის რაიონის სოდის თანამშრომელს, ვინმე ლევან ნინოშვილს, წაქცეულს მანქანით გადაუარაო. ესეც აბსურდი იყო. ამის შემდეგ დამიმატეს 353-ე მუხლი და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევაც დამაბრალეს. გააყალბეს ჩემი ხელმოწერა _ თითქოს შინ მომივიდა უწყება და მასზე ხელი მოვაწერე.

 

მათ ჰქონდათ ვიღაცის ტელეფონით გადაღებული იმღამინდელი კადრები, რომლითაც მიმტკიცებდნენ, რომ დამნაშავე ვიყავი. ეს კადრები ჩემმა ადვოკატმა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში წაიღო. დასკვნის თანახმად, ნინო ბურჯანაძის კორტეჟის მანქანების ვინმესთან ან რაიმესთან შეჯახება გამოირიცხა. ჩემი გარეთ გამოშვება უკვე აღარ აძლევდათ ხელს, რადგან სასტიკად ნაცემი ვიყავი. ცემისგან სულ გავშავდი, კბილები აღარ მქონდა, დამემართა ამნეზია, კანტუზია, რა აღარ მჭირდა. თან ქალბატონი ნინო ბურჯანაძის ეშინოდათ, იცოდნენ, მსოფლიოს აჩვენებდა ამ კადრებს. ამიტომ, როგორც აღვნიშნე, ერთი თვის შემდეგ ბრალი დამიმძიმეს და, მიუხედავად იმისა, რომ არანაირი მტკიცებულება ჩემ წინააღმდეგ არ ჰქონდათ, 12 წელი მომისაჯეს.

 

- დაღუპული პოლიციელების ოჯახები თუ დაგიკავშირდნენ?

 

- დიახ, ჩვენი პარტიის ოფისშიც მოვიდნენ გარდაცვლილი პოლიციელის _ ვლადიმერ მანსურაშვილის და და სიძე, ქალბატონმა ნინომ შესთავაზა მათ, ყველაფერს გამოვიძიებ და გავარკვევ, ვინ არის თქვენი ძმის მკვლელიო, რაზეც უარი განაცხადეს, რადგან ემუქრებოდნენ და ეშინოდათ, რომ უარესს დამართებდნენ. მათ იცოდნენ, რა მოხდა სინამდვილეში.


- ფიქრობთ, რომ ის პოლიციელები იქ არ დაღუპულან და შემდეგ მიიტანეს ცხედრები?

 

- დიახ, წინა დღეს მანსურაშვილს სახლში უთქვამს, ისეთი რაღაც ვიცი, რაც არ უნდა ვიცოდე, და ვიცი, მომკლავენ, არ დამინდობენო.

 

- ციხეში რა ვითარება დაგხვდათ?

 

- ციხეში ძალიან დაძაბული ვითარება დამხვდა, არა მგონია, მსოფლიოს რომელიმე ციხეში ანალოგიური ვითარება იყოს. პატიმრის საცემად მიზეზი არც სჭირდებოდათ. მაგალითად, შემოიხედავდა ციხის ზედამხედველი, დაგინახავდა, იჯექი და აგიშარდებოდა, _ რატომ ზიხარო ან რატომ ლაპარაკობო და ამის გამო შეიძლებოდა, სასტიკად ეცემე. ან გააღებდნენ კარს და გიბრძანებდნენ,_ გამოდიო და შემდეგ შარს მოგდებდნენ, ნელა გამოხვედიო და გცემდნენ. განსაკუთრებული ზეწოლა იმ პატიმრებზე მიმდინარეობდა, რომლებიც აღიარებით ჩვენებაზე უარს ამბობდნენ. მართალია, ციხეში უკვე აღარ მცემდნენ, მაგრამ საშინელი ფსიქოლოგიური ზეწოლა იყო ჩემზე. ზოგჯერ მთელ საკანს სცემდნენ ჩემ გამო, პატიმრები რომ გადამმტერებოდნენ. ჩემი საქმის პროკურორმა კი პირდაპირ მითხრა, ანზორ ბიწაძეს დაადე ხელი, ვითომ იმ ღამეს ის იჯდა საჭესთანო. არადა, ანზორ ბიწაძე საერთოდ არ ყოფილა ჩემს მანქანაში. მეუბნებოდა, რა გინდა, შენ თქვი და ჩვენ მოვაგვარებთ საქმესო. თუ დანაშაულს ანზორ ბიწაძეს არ დავაბრალებდი, შვილების დაჭერით მემუქრებოდნენ. ორი ვაჟი მყავს: ერთი სტუდენტი იყო, მეორე _ მე-11 კლასელი და მითხრეს, იარაღს და ნარკოტიკს ჩავუდებთო. ჩემი გოგონა კი, რომელიც აღსრულების ეროვნულ ბიუროში მუშაობდა, ჩემ გამო სამსახურიდან გააგდეს. ნიკა მელია, დღეს რომ თავი “ანგელოზად” მოაქვს, აღსრულების ეროვნული ბიუროს უფროსი იყო და სწორედ მან გააგდო ჩემი შვილი სამსახურიდან. გასაგებია, რომ ეს მისი სურვილით არ მომხდარა, დავალება მიიღო, მაგრამ ეს უკანონო და სამარცხვინო დავალება პირნათლად შეასრულა.

 

როდესაც ანზორ ბიწაძისთვის დანაშაულის დაბრალებაზე უარი განვაცხადე, ორი კვირის განმავლობაში ვიღაცას ხმამაღლა აგინებდნენ, სცემდნენ და აწამებდნენ, თან ჩემს გვარს იმეორებდნენ, რათა მეფიქრა, რომ ჩემი შვილი დაიჭირეს და აწამებენ.

 

როდესაც ერთმა პატიმარმა შიმშილობა გამოაცხადა, აბანოში გაიყვანეს და იქ ძირს დაგდებული, ვიღაცის ნახმარი საპონი აჭამეს. ყველაფერი ხდებოდა _ პატიმრების წამება, ცემა, გაუპატიურება. ამას ბევრი ვერ უძლებდა. ჩვენი საკნის ფანჯრებიდან ციხის საავადმყოფო ჩანდა, პატიმრები “წითელ პარასკევს” ეძახდნენ იმ დღეს, როდესაც კარანტინს შლიან და პატიმრებს სასტიკად სცემენ. ასეთ შემთხვევაში, სულ ცოტა, 7-8 დასისხლიანებული კაცი მაინც შეჰყავდათ საკაცით საავადმყოფოში. ღამით კი 3-4 მიცვალებული გაჰყავდათ...

 

- ასეთი სისასტიკის მიზანი რა იყო?

 

- ხალხში შიშის დანერგვა სურდათ. თითოეული პატიმრის უკან ოჯახი, ნათესავები, ახლობლები იდგნენ და ყველას უნდა სცოდნოდა, რა დაემართებოდა წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში, თუ ხელისუფლების სურვილს წინ აღუდგებოდნენ.

 

- ხერხემალი დაგიზიანდათ, ყავარჯნების გარეშე კარგა ხანს გადაადგილება გიჭირდათ, კომპენსაცია თუ მიიღეთ?

 

- არავითარი კომპენსაცია არ მიმიღია. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ველოდები. მაგრამ, ვინაიდან საქმე სტრაბურგის სასამართლოში განიხილება და, როგორც ჩანს, სახელმწიფოს მიმართ შეკითხვები გაჩნდა, იუსტიციის სამინისტოდან შემომთავაზეს, _ 6 ათას ევროს გაძლევთ, ოღონდ გამოიტანე საჩივარიო. მუქარისა და ულტიმატუმის ტონიც დაჰკრავდა ამ შემოთავაზებას _ აიღე ეს თანხა, თორემ, როდესაც სასამართლო გადაწყვეტილებას გამოიტანს, ამ თანხასაც აღარ შემოგთავაზებთო. ცოტა ხანში 5 ათასი ევრო შემომთავაზეს და ბოლოს, დაახლოებით ორიოდე თვის წინათ, მითხრეს 15 ათას ევროს გადაგიხდით, წამებულადაც გაღიარებთ, ოღონდ საჩივარი გამოიტანეო.

 

- ამ შემოთავაზებაზეც უარი განაცხადეთ?

 

- დიახ, რადგან ეს არის დაცინვა. ეს თანხა ჩემი ხერხემლის ოპერაციას არ ეყოფა. ხერხემლის მე-5 მალა მაქვს დაზიანებული, ფეხი დღესაც მიჩერდება. უამრავი დაზიანება მივიღე. ეს თანხა ვერ აანაზღაურებს იმ ოც თვეს, რომელიც მე ციხეში უსამართლოდ გავატარე და ხელფასი არ ამიღია. 45 ათასი დოლარის ღირებულების მანქანა წამართვეს, რომელიც ჯერაც არ დაუბრუნებიათ. მართალია, ეს მანქანა ბადრი ბიწაძეზე იყო გაფორმებული, მაგრამ მე ჩამომართვეს, როგორც დანაშაულის იარაღი, და დღემდე არ დაუბრუნებიათ.

 

ციხეში იქით მთხოვდნენ ფულს, 45 ათასი ევრო მოიტანე სოდის თანამშრომლის - ნინოშვილის სამკურნალოდო, რომელსაც ვითომ მანქანით გადავუარე. წინააღმდეგ შემთხვევაში, ბინის გაყიდვით მემუქრებოდნენ. ქირით ვცხოვრობდი და რას გამიყიდდნენ. ამის შემდეგ თავი დამანებეს.

 

როდესაც გათავისუფლების შემდეგ პირველად დამიბარეს პროკურატურაში, შევიტყვე, რომ ჩემი საქმის პროკურორი პროკოფი ჭანკვეტაძე ძველებურად განაგრძობდა მუშაობას. პროკურატურაშივე განვაცხადე, _ არც მაგ კაცს და არც მის მისამართს არ ვეძებ, მაგრამ, თუ ახლა აქედან გასვლისას ამ შენობაში სადმე შემთხვევით გადამეყრება, პასუხისმგებლობას ვიხსნი და ვერ მოგცემთ გარანტიას, რომ ცოცხალს დავტოვებ და, გინდათ, ისევ დამიჭირეთ-მეთქი. ჩემი საქმის პროკურორი, კაცი, რომელიც შვილების დაჭერით მემუქრებოდა, ჩემ წინააღმდეგ მთელი ეს ცილისწამება შეთხზა და მისი დამსახურებით 12 წელი მომისაჯეს, როგორც აღმოჩნდა, დღესაც პროკურატურაში მუშაობს და თავს მშვენივრად გრძნობს. არადა, სამჯერ შევიტანე საჩივარი და გენერალური პროკურატურიდან არავითარი გამოხმაურება ჩემს საჩივრებს არ მოჰყოლია.

 

ესაუბრა შორენა ცივქარაშვილი

 
არხის ვებ მისამართი არ მითითებულა.

კვირის ვიდეო









ს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს შეხ