ძლიერი თვითმმართველობა ეს არის ქვეყნის ინტერესი, რომელიც არ შეიძლება შეეწიროს ერთი პოლიტიკური პარტიის და ერთი ბიძინა ივანიშვილის ინტერესს
შვიდი თვითმმართველი ქალაქის, ისევ სათემო მუნიციპალიტეტებთან გაერთიანება და მათთვის თვითმმართველი ქალაქების სტატუსის წარმევა კატეგორიულად მიუღებელია ‘’დემოკრატიული მოძრაობისთვის’’. პარტია ამ საკითხთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ხელისუფლების ქმედებებს, თვითმმართველობის განვითარების შეჩერებად და ქვეყნისთვის უკან გადადგმულ ნაბიჯად მიიჩნევს.
იმის მაგივრად, რომ 2014 წელს დაწყებული თვითმმართველობის რეფორმა გაგრძელებულიყო და კიდევ უფრო მეტ ქალაქს საქართველოში, მიეღო თვითმმართველი ქალაქის სტატუსი, ხელისუფლება ქვეყანას წარსულში აბრუნებს და იმ მცირე პოზიტივსაც კი, რომელიც რეფორმამ მოუტანა ქვეყანას, წყალში ყრის. ‘’დემოკრატიული მოძრაობისთვით’’ ცნობილი გახდა, რომ ხელისუფლება ზეწოლას ახორციელებს თვითმმართველი ქალაქებისა და მუნიციპალური საკრებულოების დეპუტატებზე, რათა მათ თავისი ნებით მოითხოვონ გაერთიანება, თითქოსდა საბიუჯეტო ხარჯების შემცირების მოტივით.
როგორც ყოველთვის, ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც, ხელისუფლება საზოგადოების ზურგს უკან მოქმედებს. ის არ ეკითხება ზუგდიდელებს, თელაველებს, ოზურგეთელებს, მცხეთელებს, ახალციხელებს, ამბროლაურელებს და გორელებს, უნდა თუ არა მათ თვითმმართველი ქალაქის სტატუსის დაკარგვა და ისევ იმ პრობლემატურ ვითარებაში დაბრუნება, რომელშიც ისინი დეცენტრალიზაციამდე ცხოვრობდნენ.
‘’დემოკრატიული მოძრაობა’’ ხელისუფლებისგან ითხოვს, სასწრაფოდ შეჩერდეს ქვეყანაში თვითმმართველობის ნგრევა და ამის მაგივრად გაგრძელდეს რეფორმა, რომლის მიხედვითაც კიდევ უფრო მეტმა ქალაქმა უნდა მიიღოს თვითმმართველის სტატუსი. ძლიერი თვითმმართველობა ეს არის ქვეყნის ინტერესი, რომელიც არ შეიძლება შეეწიროს ერთი პოლიტიკური პარტიის და ერთი ბიძინა ივანიშვილის ინტერესს, მოახდინოს ძალაუფლების სრული უზურპაცია, რომლის გამოვლინებაცაა ის გადაწყვეტილებები, რომლითაც ქვეყანა წარსულში უნდა დაბრუნდეს, ნათქვამია ‘’დემოკრატიული მოძრაობის’’ განცხადებაში

FaceBook Twitter Google