ნინო ბურჯანაძის საგანგებო განცხადება

საქართველოს კონსტიტუციაში შესატან ცვლილებას, რომელის მიხედვითაც საომარი მოქმედებების, ბუნებრივი ან ტექნოგენური კატასტროფის, ასევე ეპიდემიის დროს სამხედრო ძალების გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას პრემიერ-მინისტრი მიიღებს და აღნიშნული გადაწყვეტილების პარლამენტის მიერ დამტკიცება საჭირო არ იქნება, ”დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერი, ნინო ბურჯანაძე ეხმაურება.


„ჩვენ ვიცოდით, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების ერთ-ერთი მთავარი მიზანი არის გაუქმდეს საპრეზიდენტო ინსტიტუტი და ქვეყანა საკანონმდებლო დონეზეც არაფორმალური მმართველის ბიძინა ივანიშვილის ხელში გადავიდეს. ამისთვის გაუქმდა უშიშროების საბჭო, ამისთვეს კეთდება უამრავი რამ, ამისთვის იცვლება პრეზიდენტის არჩევის წესი,“-განაცხადა ნინო ბურჯანაძემ

”დღეს მოვისმინეთ სრულიად ახალი და გაუგონარი ინიციატივა, რომელიც არამარტო პრეზიდენტის ინსტიტუტს ანგრევს, არამედ უმნიშვნელოვანეს ფუნქციას ართმევს ფალსიფიცირებით, მაგრამ მაინც ხალხის მიერ არჩეულ პარლამენტს. დღეს, პარლამენტის თავმჯდომარემ გამოაცხადა, რომ საჭირო აღარ იქნება პარლამენტის მიერ საომარი მოქმედების შესახებ გადაწყვეტილების მიღება და რომ ამ გადაწყვეტილებას პრემიერ-მინისტრი მიიღებს, უფრო სწორად ბიძინა ივანიშვილი, რომელიც რეალურად მართავს ყველა პრემიერ-მინისტრს.

როგორც ჩანს ჩვენი პარლამენტის თავმჯდომარეს ჰგონია, რომ თავდაცვის სამინისტრომ და შეიარაღებულმა ძალებმა ომის შემთხვევაში ყოველდღიურად უნდა მიმართოს პარლამენტს, ყველა ოპერაციის დროს ნებართვა უნდა აიღოს, ჯარის გადაადგილებაზე ნებართვა უნდა მოთხოვოს. სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს, რომ ქვეყნის მეორე ან მესამე პირს, არ ესმის რას ნიშნავს საომარი მოქმედებების დროს პარლამენტის თანხმობა”, - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

მისი თქმით, ქვეყანა არის არსებობისა და ეგზისტენციალური საფრთხის წინაშე, ჩვენ შეიძლება აღმოვჩნდეთ იმ ვითარებაში როდესაც ერთი კაცი ამ შემთხვევაში ბიძინა ივანიშვილი გადაწყვეტს გამოაცხადოს თუ არა საომარი ვითარება. ასეთი გადაწყვეტილებების სიმწარე 2008 წელს ჩვემ უკვე ვიხილეთ მაგრამ ახლა ეს საფრთხე უფრო დიდ მაშტაბებს იძენს.


ნინო ბურჯანაძე ყველა პოლიტიკურ პარტიას, გარდა ”ნაციონალური მოძრაობის” და ”ევროპული საქართველოს” აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კონსულტაციების დაწყებას სთავაზობს. ბურჯანაძის თქმით, ცვლილება, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარემ დღეს გააჟღერა, სერიოზულ საფრთხეს უქმნის ქვეყნის უსაფრთხოებასა და სწორი გზით განვითარებას.

 

FaceBook Twitter Google