დიმიტრი ლორთქიფანიძე : ეს გახლავთ ქართული საზოგადოებისა და „დემოკრატიული მოძრაობის“ უდიდესი გამარჯვება
„საკონსტიტუციო კომისიის მუშაობის პირველივე დღიდან ამ წუთამდე ჩვენ ურყევად ვიდექით ჩვენს პოზიციაზე და გვჯეროდა ჩვენი ინიციატივის მნიშვნელობის,“ - ასე გამოეხმაურა დიმიტრი ლორთქიფანიძე პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის უკანასკნელ განცხადებას, რომლის მიხედვითაც ქართული მიწის გაყიდვა საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირებზე კონსტიტუციით აიკრძალება.
მისი თქმით, სწორედ „დემოკრატიული მოძრაობის ინიციატივა გახლდათ მიწის თემის წინ წამოწევა და მისი გაყიდვის აკრძალვის მოთხოვნა.
„გამომდინარე იქიდან, რომ მიწა გახლავთ განსაკუთრებული კულტურულ-სტრატეგიული ფასეულობა, რომ იგი არ არის განახლებადი რესურსი და ამასთანავე იგი წარმოადენს ქართველთა სამკვიდროს, ჩვენი ერთ-ერთი პირველი ინიციატივაც ეხებოდა სწორედ ქართული მიწის გაყიდვის აკრძალვას. ჩვენი გუნდი მოითხოვდა, კონსტიტუციაში გაჩენილიყო ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც აიკრძალებოდა ქართული მიწის გაყიდვა საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირებზე. მიუხედავად სახელისუფლებო გუნდის მხრიდან უდიდესი წინააღმდეგობისა ჩვენ არც ერთ ეტაპზე არ შეგვიცვლია ჩვენი პოზიცია,“-განაცხადა დიმიტრი ლორთქიფანიძემ.
როგორც მან აღნიშნა, დაფიქსირდა არსებითი განსხვავება ხელისუფლებისა და საზოგადოების აზრს შორის.
„ქართულმა საზოგადეობამ ძალიან მკაცრად უპასუხა საკონსტიტუციო განხილვებს. ჩვენმა თანამოქალაქეებმა ერთხმად დააფიქსირეს, რომ ქართულ ოცნებას მიწის გაყიდვის უფლებას არ მისცემდენ და შედეგიც სახეზეა.“-განაცხადა დიმიტრი ლორთქიფანიძემ.

FaceBook Twitter Google