ნინო ბურჯანაძე: „წინასაარჩევნოდ ივანიშვილი შიშმა შეიპყრო“
„ძალიან ვწუხვარ, რომ „ქართული ოცნება“ ასეთი სწრაფი ტემპებით ასწრებს ცუდის კეთებაში სააკაშვილს და „ნაციონალურ მოძრაობას“. მათ შორის ის დეპუტატებიც, რომლებიც წლების განმვალობაში ოპოზიციის რიგებში იყვნენ წარმოდგენილები და ალბათ გულწრფელადაც იბრძოდნენ დემოკრატიული საარჩევნო გარემოს შესაქმენლად. დღეს ისინი ყველაფერს აკეთებენ იმისთვის რომ საქართველოში არჩევნები აღარ ჩატარდეს,“ - ასე გამოეხმაურა „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე საარჩევნო კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებს. ახალი რეგულაციების მიხედვით, ცსკ-ში კომისიის წევრს დანიშნავს მხოლოდ ის პარტია, რომელსაც პარლამენტში თავისი ფრაქცია ეყოლება, რაც იმას ნიშნავს, რომ ადგილობრივ თვითმართველობის არჩევნებზე ოპოზიციურმა პარტიამ, რომც გაიმარჯვოს და დაფინანსება მიიღოს, მას კომისიაში წევრი მაინც არ ეყოლება.
ნინო ბურჯანაძის განმარტებითთ, ეს არ არის მხოლოდ პოლიტიკოსების და პოლიტიკური პარტიების პრობლემები, ეს არის სახელმწიფოს და საზოგადოების პრობლემა, იმიტომ რომ ნებისმიერი სახელმწიფო დგას იმაზე, რასაც პოლიტიკური პროცესი ქვია. თუ ქვეყანაში პოლიტიკური პროცესი კვდება, ეს ნიშნავს იმას, რომ სახელმწიფო აღარ არსებობს და სახელმწიფოს ჩაანაცვლებს კორპორაცია, რისი სურვილიც აქვს რეალურად ბიძინა ივანიშვილს.
„ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, როგორ ჩატარდა ე.წ. დემოკრატიული არჩევნები, რომ ამ საპარლამენტო არჩევნებზე კი არ აღინიშნა ის ციფრები რაც მიიღო პოლიტიკურმა პარტიებმა, არამედ დაიწერა ის მაჩვენებლები, რომელიც ბიძინა ივანიშვილის მიერ იქნა მითითებული ცენტრალური საარჩევნო კომისიისათვის,“- განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
როგორც მან აღნიშნა, დამარცხების შიში ახლა კიდევ უფრო დიდია, ამიტომ ივანიშვილმა გადაწყვიტა ცენტრალური საარჩენო კომისიის სრული დაუფლება.
„ეს არის ქვეყნის ყოფნა-არყოფნის საფრთხე, არა იმიტომ რომ პოლიტიკური პარტიებისათვის არის ეს პრობლემა, ფაქტია რომ ხალხს არჩევანის საშუალებას ართმევენ. იმიტომ რომ ივანიშვილი და მასთან ერთად ყველა ის დეპუტატი რომლებიც ხელს აწერს ამ დოკუმენტს ქმნიან იმ ვითარებას, რომელსაც ქვეყანა დიდი ნაბიჯებით რევოლუციისკენ მიჰყავს. შეუძლებელია 21-ე საუკუნეში საქართველოსნაირ ქვეყანაში არჩევნები გაუქმდეს. რამდენი ფულიც არ უნდა ჰქონდეს ბიძინა ივანიშვილის შეუძლებელია ჩვენმა საზოგადოებამ მოითმინოს ის, რომ ქვეყანა კერძო კორპორაციად გარდაიქმნას, თუ, რა თქმა უნდა, მე არ მეშლება და ქართველ ხალხს საბოლოოდ არ დაუკარგავს ღირსება, რომლითაც ჩვენ ყოველთვის ვამაყობდით. საგანგაშო ვითარებაა, მეგობრებო, და არ ჩათვალოთ, რომ პარტიების პრობლემა თქვენი პრობლემა არ არის. ეს პრობლემები თქვენითვის უფრო მძიმე აღმოჩნდება, თუ ხმას არ ამოიღებთ ვიდრე პარტიებისათვის, იმიტომ რომ პოლიტიკოსი ყოველთვის იპოვის გამოსავალს თუ ის მართლა პოლიტიკოსია, მაგრამ ქვეყნისთვის გამოსავალი ძალიან ბუნდოვანია და ჩვენ თანდათან უფრო და უფრო ღრმად შევდივართ ჩიხში, რომელსაც ქვეყნის გაუქმება ჰქვია,“- განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

FaceBook Twitter Google