ნინო ბურჯანაძე: საზღვრების გადმოწევის პროცესი ერთმნიშვნელოვნად ჩვენი ხელისუფლების უმოქმედობის, უუნარობის და არაკომპეტენტურობის ბრალია.
„მკვეთრად ნეგატიურად ვაფასებ საზღვრის უკანონო გადმოწევის ნებისმიერ ფაქტს, ფაქტია, რომ ბოლო წლების განმავლობაში ყოველდღიურად ჩვენი სამშობლო პატარევდა. ფაქტია, რომ ყოველწლიურად ჩვენს მოსახლეობას ართმევენ მიწებს რომლებიც მათ ეკუთვნით“-ასე შეაფასა ნინო ბურჯანაძემ საზღვრების გადმოწევის საკითხი.
მისი თქმით, განსაკუთრებით შემაშფოთებელი და შესაწუხებელია ის ფაქტი, რომ ამაზე ჩვენი ხელისუფლება არანაირ რეაგირებას არ ახდენს.
„ ეს არის ერთმნიშვნელოვნად ხელისუფლების უუნარობის, უმექმედობისა და არაკომპეტენტურობის ბრალი. ვფიქრობ, შეურაცმყოფელია ის განცხადება, როდესაც ხელისუფლება გვეუნება, რომ სტრატეგიული მოთმინება უნდა გამოვიჩინოთ. ჩვენ ვხედავთ, რომ ჩვენი ქვეყანა ყოველდღიურად პატარავდება, მე ნამდვილად ვაპროტესტებ ამ ფაქტს და განსაკუთრებული პრეტენზია მაქვს სწორედ ჩვენ ხელისფულებასთან, რომელიც ვერ ახერხებს, რომ შეაჩეროს ეს პროცესი“-განაცხადა ნინო ბურჯანაძემ. როგორც მან აღნიშნა, „ქართული ოცნება“ ვერც მოახერხებს ურთიერთობების დარეგულირებას, რადგან მათ ეშინიათ დალაპარაკების, პირდაპირი კონტაქტისა და საკუთარი ქვეყნის ინტერესების დაცვის.
„დღევანდელი ხელისუფლება დაკავებულია მხოლოდ საკუთარი სკამების შენარჩუნებაზე ფიქრით.გამოსავალი არის ერთადერთი. პირდაპირი დიალოგი რუსეთთან. ეს არის ჩემი შეუვალი პოზიცია, იმიტომ რომ ეს არის რეალობა. როდემდე შეიძლება ვიყოთ სხვის იმედად?! კარგია მეგობრების მხარდაჭერა, მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რომ მსოფლიოში დღეს არის ძალიან ბევრი პრობლემა და მხოლოდ იმის იმედად ყოფნა, რომ საერთაშორისო ორგანიზაციები ან საერთაშორისო თანამეგობრობა ყველა სხვა თემას გადადებს და ჩვენს პრობლემებზე დაიწყებს ზრუნვას ეს არის აბსოლუტური ილუზია,“-განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
მისი თქმით, ჩვენს პრობლემებს უნდა მივხედოთ ჩვენ და ეს შესაძლებელია მხოლოდ რუსეთის ხელისუფლებასთან პირდაპირი დიალოგით.
„ რომ შემდგარიყო ეს დიალოგი ჩვენ დღეს ამ მდგომარეობაში არ ვიქნებოდით. იცით რაშია საქმე, მცდელობა უნდა იყოს თანმიმდევრული და უნდა იყოს სწორი. წინა ხელისუფლებამაც კი სცადა დიალოგი, მაგრამ მათ ისეთი შეცდომები დაუშვეს და ისეთი დანაშულები ჩაიდინეს, რომ ეს დიალოგი შეფერხდა, მე ამას ვამბობ სრული პასუხიმსგებლობით, რომ არა 2004 წლის ინციდენტი სამაჩაბლოში, ჩვენ დღეს ეგრედწოდებული სამხრეთ ოსეთის პრობლემა აღარ გვექნებოდა. მე ამაში დარწმუნებული ვარ.“-განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

FaceBook Twitter Google