ნინო ბურჯანაძე - თუ ხელისუფლებას გონიერების ნატამალი აქვს, მან უნდა დათმოს და ხელახლა უნდა დაიწყოს საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა
"დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი ნინო ბურჯანაძე ვარაუდობს, რომ თუ ხელისუფლებამ არ დათმო და საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის ხელახლა დაწყებაზე უარი თქვა, პროცესები "დიდ დაპირისპირებასა" და "არასტაბილურობაში" გადაიზრდება. როგორც ბურჯანაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც ხალხს ართმევ ხელისუფლების შეცვლის უფლებას, ხალხი არჩევნების გარეშე ცვლის მთავრობებს.

"თუ ხელისუფლებას ელემენტარული გონიერების ნატამალი აქვს, მან უნდა დათმოს და ხელახლა უნდა დაიწყოს საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ ყველამ ვიცით რით დამთავრდება ეს ყველაფერი. იგი აუცილებლად მიგვიყვანს ძალიან დიდი დაპირისპირება და არასტაბილურობამდე. როდესაც მმართველი ძალა ართმევს ხალხს იმის შესაძლებლობას, რომ არჩევნების გზით შეიცვალოს ხელისუფლება, ეს მთავრდება სერიოზული დაპირისპირებით და არა არჩევნების გზით ხელისუფლების შეცვლით. ნუ გავაკეთებთ ამას, ეს ჩვენი არჩევანი არ არის",- განაცხადა ბურჯანაძემ.

მისივე თქმით, ხელისუფლებამ ხალხი მოატყუა და მთავარ ამოცანად დაისახა, რომ კონსტიტუციის მორგებით უზრუნველყოს ხელისუფლებაში მაქსიმალური დროით დარჩენა.

"უმძიმესი ცვლილებები შედის საარჩევნო საკითხებსა და პრეზიდენტთან მიმართებაში. „ოცნებამ“ იცის, რომ მაჟორიტარული წესის გაუქმების შემთხვევაში, ხელისუფლებაში დარჩენის შანსი არა აქვს და ყველაფერს აკეთებს, რომ კანონმდებლობა მოარგოს საკუთარ მიზნებს",- აღნიშნა ბურჯანაძემ.

რაც შეეხება ბარიერის ერთჯერადად დაწევას, ბურჯანაძის თქმით, ეს არის ოპოზიციური პარტიების მოსყიდვის მცდელობა.

"ეს არის ვაჭრობა ოპოზიციასთან რაც არის სამარცხვინო. ეს არის ბარიერის „გადმოგდება“ მაშინ, როდესაც აუქმებენ ბლოკებს და როდესაც არ ცვლიან მაჟორიტარულ სისტემას. ეს იყო მცდელობა, რომ მოესყიდათ ოპოზიციური პარტიები. ივანიშვილს, როგორც ჩანს, საკუთარი ფულის დახარჯვაც აღარ უნდა ცალკეული პარტიების მოსასყიდად როგორც ამას ადრე აკეთებდა და ახლა გადაწყვიტა ამ 3%-იანი ბარიერით ყველა მოისყიდოს. ყველა ოპოზიციურ პარტიას მოვუწოდებ, რომ ბარიერის გამო არ დათმონ პრინციპები",- აღნიშნა ბურჯანაძემ.

სასტუმრო "რედისონში" არასაპარლამენტო და საპარლამენტო ოპოზიციური პარტიების, დიპლომატების, სახალხო დამცველის ოფისის მონაწილეობით საკონსტიტუციო საკითხებზე კონფერენცია მიმდინარეობს. კონფერენციაში მონაწილეობს პრეზიდენტის პოლიტიკური მდივანი ფიქრია ჩიხრაძე. ოპოზიციური პარტიები და პრეზიდენტის ადმინისტრაცია მიიჩნევენ, რომ საკონსტიტუციო განხილვები პარლამენტში უნდა შეჩერდეს.

FaceBook Twitter Google