ნინო ბურჯანაძე საქართველოს მთავრობას მიმართავს, ნუ გამოიჩენენ პოლიტიკურ უგუნურებას და სასწრაფოდ დაიწყონ მოლაპარაკება რუსეთის მთავრობასთან
”დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი მიმართავს საქართველოს მთავრობას, ნუ გამოიჩენენ პოლიტიკურ უგუნურებას და სასწრაფოდ დაიწყონ მოლაპარაკება რუსეთის მთავრობასთან. ასე ეხმაურება ბურჯანაძე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებას.

”2008 წლის 7 აგვისტოს მაშინდელმა საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ მითხრა, რომ მთელი დღე მას სერგეი ლავროვი ურეკავს და ვაშაძე მის ზარებს არ პასუხობს. მე მახსოვს ჩემი მძაფრი რეაქცია, ბატონი ვაშაძე კატეგორიულად გავაფრთხილე, რომ ეპასუხა ლავროვის ზარისთვის, თუ არა და ხვალ ჩვენ მოგვიწევდა მასთან დარეკვა და ლავროვი აღარ გვიპასუხებდა. სამწუხაროდ, ჩემი პროგნოზი ახდა, 8 აგვისტოს, როდესაც საომარი მოქმედება დაიწყო, სააკაშვილი და ვაშაძე მეხვეწებოდნენ, ლავროვი არ გვპასუხობს, იქნებ შენ დაურეკო და გვიპასუხოსო. რამდენჯერ უნდა აღმოვჩნდეთ ასეთ ვითარებაში, რომელიც ქვეყნისთვის დამაქცეველია?! დღეს ჩვენი მთავრობის უმაღლესი წარმომადგენლების განცხადებები ისეთივე პოლიტიკური სიბეცე და უგუნურებაა, როგორიც 2008 წელს სააკაშვილის და ვაშაძის მიერ სერგეი ლავროვის ზარებზე პასუხის არ გაცემა იყო. დასავლური ფასეულობების ვითომდა დაცვით ვეგუებით იმას, რომ ყოველდღიურად ვკარგავთ ტერიტორიებს. ეს ხელისუფლება აუცილებლად აგებს პასუხს იმ დანაშაულებრივი დუმილისთვის, რომელსაც ის გამოხატავს ტერიტორიების დაპატარავებასთან დაკავშირებით“, - აცხადებს ნინო ბურჯანაძე.

მისი განმარტებით, რუსეთი მზად არის საქართველოსთან ურთიერთობა მოაგვაროს და სერგეი ლავროვის ბოლო განცხადებაც ამის დასტურია. ნინო ბურჯანაძე მიმართავს საქართველოს მთავრობას, ნუ გამოიჩენენ პოლიტიკურ უგუნურებას და სასწრაფოდ დაიწყონ მოლაპარაკება რუსეთის მთავრობასთან. წინააღმდეგ შემთხვევაში „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ვარაუდობს, რომ ვითარება კატასტროფულად გაუარესდება და არსებული მდგომარეობა საქართველოს სანატრელი გაუხდება.

ლავროვის განცხადებით, არსებობს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის რუსეთთან ურთიერთობებში სპეციალური წარმომადგენელის ხაზით არხი.
FaceBook Twitter Google