„დემოკრატიული მოძრაობის“ პრესამსახური ”ნაციონალური მოძრაობის” წევრის, ხატია დეკანოიძის განცხადებას პასუხობს
„დემოკრატიული მოძრაობის“ პრესამსახური ”ნაციონალური მოძრაობის” წევრის, ხატია დეკანოიძის განცხადებას ეხმაურება. განცხადებას ”ინტერპრესნიუსი” უცვლელად გთავაზობთ:

”ტვ პირველის” ინგა გრიგოლიას „დღის ამბებში“ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ხატია დეკანოიძემ ტყუილი უწოდა „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერის ნინო ბურჯანაძის იმ განცხადებას, რომელიც დღეს გააკეთა საგანგებო ბრიფინგზე. კერძოდ, 2008 წლის 7 აგვისტოს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ურეკავდა საქართველოს მაშინდელ საგარეო საქმეთა მინისტრს გრიგოლ ვაშაძეს და ის არ პასუხობდა ლავროვის ზარებს.
„დემოკრატიული მოძრაობის“ პრესსამსახური განმარტავს, რომ ხატია დეკანოიძეს ვერნაირად ვერ ეცოდინებოდა თუ ვისთან რეკავდნენ 2008 წლის 7-8 აგვისტოს სააკაშვილი და ვაშაძე.

საინტერესოა, რა იცის ხატია დეკანოიძემ რა ლაპარაკი შედგა სააკაშვილსა და ბურჯანაძის ან ვაშაძისა და ბურჯანაძის შორის. თუ სწორად გვახსოვს, იმ პერიოდში ხატია დეკანოიძე პოლიციის აკადემიის რექტორი იყო და პოლიტიკურ გადაწყვეტილებებში მონაწილეობას ვერ მიიღებდა. ამისი არც გამოცდილება ჰქონდა და არც სტატუსი. თუ ბურჯანაძესთან სატელეფონო საუბრები ისმინებოდა და ალბათ ასეც იყო, შეიძლება აქედან გამომდინარე ფლობდეს ქალბატონი ხატია ინფორმაციას. თუმცა, თუ ეს ასეა, არც ისე კარგი მეხსიერება ჰქონია. ხატია დეკანოიძეს შეუძლია ინფორმაცია გადააზუსტოს ყოფილ პრეზიდენტთან და ყოფილ მინისტრთან და ობიექტურობის შემთხვევაში, სხვა რეალობას მიიღებს“, - ნათქვამია „დემოკრატიული მოძრაობის“ პრესსამსახურის განცხადებაში.
FaceBook Twitter Google