დიმიტრი ლორთქიფანიძე - „ოცნება“ ხელისუფლებაში 26 მაისის აქციების ტალღაზე მოვიდა

26 მაისის საპროტესტო აქციის საქმეზე დაკავებული „დემოკრატიული მოძრაობის“ ახალგაზრდული ფრთის ლიდერი, ბექა პეტრიაშვილი პროკურატურამ უდანაშაულოდ ცნო. ამის შესახებ ,,ინტერპრესნიუსს” პარტია ,,დემოკრატიული მოძრაობიდან ” აცნობეს.



როგორც პარტიის წევრი, დიმიტრი ლორთქიფანიძე განმარტავს, „დემოკრატიულ მოძრაობას“ 45 პოლიტპატიმარი ჰყავს, აქედან ორი ისე გარდაიცვალა, რომ მათი რეაბილიტაცია არ მოხდა. ამ ფონზე, ბექა პეტრიაშვილის გამართლება არის უპრეცედენტო და მისასალმებელი გადაწყვეტილება პროკურატურის მხრიდან.

„არ უნდა დაავიწყდეს ხელისუფლებას, რომ მას ევროპულ დემოკრატიაზე სწორების პრეტენზია გააჩნია. „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში სწორედ 26 მაისის ტალღაზე მოვიდა და ამიტომ კარგად უნდა აცნობიერებდეს, თუ რაოდენ მნიშვნელოვან საჯარო საზოგადოებრივ ინტერესს ატარებს ყოფილ პოლიტპატიმართა სრული რეაბილიტაცია და აქედან გამომდინარე, სამართლებრივი პასუხისმგებლობების საკითხი.

ბექა პეტრიაშვილის მიმართ პროკურატურამ გამოიტანა დადგენილება მისსავე ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე მისი დაზარალებულად ცნობის შესახებ. რაც ავტომატურად უნდა გულისხმობდეს საქმის წარმოების განახლებას სააპელაციო სასამართლოში. „დემოკრატიული მოძრაობა“ მოითხოვს, გამამართლებელი განაჩენის დადგენისთანავე, ყველა იმ პირის პასუხისგებაში მიცემას, ვინც მონაწილეობას ღებულობდა ყოფილ პოლიტპატიმართა დაკავება - დაპატიმრებაში წინასწარი გამოძიებისა და სამსჯავრო გამოძიების პროცესში“, - განაცხადა დიმიტრი ლორთქიფანიძემ.

 

FaceBook Twitter Google