„დემოკრატიული მოძრაობა“ - ირაკლი კობახიძემ სიტყვა პარლამენტის მნიშვნელობა არ იცის, ვურჩევდით მას, ვიკიპედია გახსნას
პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ადა მარშანიას ბიუროზე გამოსვლის და რუსეთში ვიზიტის შესახებ საუბრის საშუალება არ მისცა. ამასთან დაკავშირებით „დემოკრატიული მოძრაობის“ პრესსამსახური პარტიის მოსაზრებას ავრცელებს:
„ის ფაქტი, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, „პატრიოტთა ალიანსის” წევრს, ადა მარშანიას ბიუროს სხდომაზე რუსეთში ვიზიტის დეტალებზე საუბარი შეაწყვეტინა, გვაფიქრებინებს, რომ პარლამენტის ახალგაზრდა თავმჯდომარემ სიტყვა - პარლამენტის მნიშვნელობა არ იცის. ირაკლი კობახიძეს ვურჩევდით, ვიკიპედია გახსნას და ამოიკითხავს, რომ სახელი მიღებულია ფრანგული სიტყვიდან parlement, რაც პროცესის განხილვას ნიშნავს.

გასაგებია, რომ რუს დეპუტატებთან ადა მარშანიას შეხვედრა, აფხაზეთის და ოსეთის პრობლემას ვერ მოაგვარებს, შეიძლება რუსეთში მათი ვიზიტი თავიდან ბოლომდე უშედეგო იყოს, მაგრამ პარლამენტის წევრის ბიუროზე არ მოსმენა - ეს არის იმ საკანონმდებლო ორგანოს აბუჩად აგდება, რომელსაც თავად წარმოადგენს. პარლამენტის თავმჯდომარის შეფასება, თუ რამდენად ღირებული იყო მისი კოლეგების ვიზიტი მოსკოვში, მხოლოდ ბიუროზე მოსმენის შემდეგ იყო შესაძლებელი“, - ნათქვამია „დემოკრატიული მოძრაობის“ პრესსამსახურის განცხადებაში.
FaceBook Twitter Google