დიმიტრი ლორთქიფანიძე - პარლამენტის თავმჯდომარეს პოლემიკის წარმართვის კულტურა არა აქვს - სრულიად არაეთიკურია ქალს კაცის სახელი ეძახო
ირაკლი კობახიძემ, პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე, ანა დოლიძის მიმართ ეთიკური ნორმა დაარღვია, რაც პარლამენტის თავმჯდომარეს ასმაგად მოეკითხება, - ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” “დემოკრატიული მოძრაობის” წევრმა, დიმიტრი ლორთქიფანიძემ განუცხადა.
ლოთქიფანიძის თქმით, პარლამენტის სხდომაზე კობახიძის ფსიქოტიპი კარგად გამოიკვეთა.

”ის ფაქტი, რომ სამართლის ორი დოქტორი ვერ თანხმდება იმ რეგულაციებზე, აქვს თუ არა უფლება პრეზიდენტის პირად წარმომადგენელს საქართველოს პარლამენტში გააკეთოს პოლიტიკური განცხადება და ერთი მეორეს აბრალებს, რომ ის ცილს სწამებს და ეს თავს იცავს, უკვე არის ძალიან სამარცხვინო ფაქტი. ეს ღირსებას არ მატებს პარლამენტის თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძეს, რომელიც ძალიან ცუდად იქცევა, მას ”ბატონო გიორგით” მიმართავს და ფაქტიურად ამცირებს. ქალბატონის მიმართ პარლამენტის თავმჯდომარის ეს დამოკიდებულება არის უღირსი და მის რენომეს ჩრდილს აყენებს. იკვეთება პარლამენტის თავმჯდომარის ფსოქოტიპი, რომელიც ამ თანამდებობას აშკარად დაუმსახურებლად ფლობს. ელემენტრულად პოლემიკის წარმართვის კულტურა არა აქვს და არ იცის, პრეზიდენტის უშუალო წარმომადგენელს როგორ ელაპარაკოს. აქ ყველაზე კარგად იკვეთება ის, რომ მაამებლურ პოლიტიკას ადგას ბიძინა ივანიშვილის მიმართ, ვინაიდან ივანიშვილმა უნდა მოიწონოს გიორგი მარგველაშვილის და ზოგადად, პრეზიდენტის ინსტიტუტისადმი დამამცირებელი დამოკიდებულება. აქ ანა დოლიძის პიროვნება არაფერ შუაშია, თუმცა ანა დოლიძე, როგორც ქალბატონი რეაბილიტაციას და სულ მცირე პარლამენტის თავმჯდომარისგან ბოდიშის მოხდას ნამდვილად საჭიროებს, რადგან სრულიად არაეთიკურია ქალს კაცის სახელი ეძახო - თან შეგნებულად და ხაზგასმით!”, - აცხადებს ლორთქიფანიძე.

როგორც ლორთქიფანიძემ ”ინტერპრესნიუსთან” საუბრისას აღნიშნა, ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით პრეზიდენტის დამოკიდებულებას მისი საპარლამენტო მდივანი, როგორც პრეზიდენტის პირადი წარმომადგენელი და მისი ნდობით აღჭურვილი პირი აჟღერებს და არა როგორც ადმინისტრაციის მოხელე-თანამშრომელი.

”ასეთივე წარმატებით პარლამენტის თავმჯდომარეს შეუძლია ყველას პირი დაუცოს და არავის მისცეს აზრის გამოთქმის საშუალება”, - აღნიშნა ლორთქიფანიძემ.

პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე, პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების განხილვისას, პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს ანა დოლიძის გამოსვლა რამდენჯერმა შეაწყვეტინა, მიუთითა, რომ მისი მოსაზრებები პოლიტიკურად მოტივირებული იყო და მას, როგორც საჯარო მოხელეს, პარლამენტში ამ ფორმით დისკუსიის გამართვის უფლება არ ჰქონდა.

ანა დოლიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ პარლამენტის თავმჯდომარე არის უზრდელი, თანამდებობისთვის შეუფერებელი და ქართული პოლიტიკის "შარიკოვი".
FaceBook Twitter Google