ნინო ბურჯანაძე - ამერიკასა და რუსეთს შორის ურთიერთობები ძალიან უარესდება
აშშ-ის კონგრესის მიერ რუსეთისთვის გამკაცრებულ სანქციებს და რუსეთის პრემიერ-მინისტრის, დიმიტრი მედვედევის განცხადებას საქართველოში „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე გამოეხმაურა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პარტიიდან აცნობეს.
ნინო ბურჯანაძის განცხადებით, „ფაქტია, რომ ამერიკასა და რუსეთს შორის ურთიერთობები ძალიან უარესდება“.

„მსოფლიო სტაბილურობისთვის ეს არის ძალიან ცუდია. არ მგონია, რომელიმე ჭკუადმყოფელ ადამიანს უხაროდეს ორ სუპერსახელმწიფოს შორის ურთიერთობების დაძაბვა და პრაქტიკულად ახალი ცივი ომის დაწყება. ეს გამოიწვევს არასტაბილურობას და საქართველოსნაირი ქვეყნისთვის ეს ძალიან დიდი საფრთხის შემცველია.

დღევანდელმა ხელისუფლებამ გააგრძელა ის პოლიტიკა, რასაც ჰქვია საქართველოს რუსეთ-ამერიკის დაპირისპირების პლაცდარმად ქცევა და ასეთი პლაცდარმობა საქართველოსთვის არის უაღრესად სახიფათო. იმ პოლიტიკით, რასაც აწარმოებს დღეს ჩვენი ხელისუფლება, ეს ყველაფერი ნათლად ჩანს. თუნდაც იმ მარშით, რომელიც ახლა ჩატარდა საქართველოში. ეს გახლდათ, რუსეთისთვის თითის დაქნევის მცდელობა და პირდაპირი პროვოკაცია. ეს აწყობდა ამერიკას, მაგრამ არანაირად არ შედიოდა საქართველოს ინტერესებში“, - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
FaceBook Twitter Google