ნინო ბურჯანაძე - მოსკოვიც და ვაშინგტონიც გადარჩება, ჩვენს ქვეყანაში კი ჭიანჭველაც ვერ გადარჩება
„დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერის ნინო ბურჯანაძის შეფასებით, თავდაცვისუნარიანობაზე საუბრისას პოლიტიკოსებს ან ხელისუფლებას არ უნდა დაავიწყდეს, რომ საქართველო შესაძლოა, რუსეთ-ამერიკის დაპირისპირების პოლიგონად გადაიქცეს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პარტიიდან აცნობეს.

„დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერის თქმით, კატეგორიულად დაუშვებელია საქართველოს ტერიტორიის ერთ მხარეს იდგეს რუსული ჯარი და ტანკები და მეორე მხარეს განლაგებული იყოს ამერიკული ტექნიკა.

„როდესაც თავდაცვისუნარიანობაზე ვსაუბრობთ არ უნდა დაგვავიწყდეს ერთი რამ. რუსეთმა რომ ომი დაგვიწყოს, შევძლებთ კი თავის დაცვას? მე მახსოვს 2008 წელი, როდესაც სააკაშვილი მეკამათებოდა და ამტკიცებდა, რომ ერთი ქართველი ჯარისკაცი 50 რუსს გადაწონიდა და რომ რუსეთს ჟანგიანი ტანკები ჰყავდა, თუმცა შემდეგ ვინ სად გარბოდა ყველამ კარგად დავინახეთ.

ძალიან ცუდია, რუსი ჯარისკაცებისა და ტანკების საქართველოში დგომა. ჩვენ ჯერ იმაზე უნდა ვიზრუნოთ, რომ რუსული სამხედრო დანაყოფები გავიყვანოთ ჩვენი ტერიტორიიდან და შემდეგ, თუ ჩვენს ინტერესებში იქნება, ვიფიქროთ სხვა ქვეყნის სამხედრო ტექნიკის საქართველოში განთავსებაზე.
კატეგორიულად დაუშვებელია ის მდგომარეობა, რაშიც დღეს ჩვენ ვიმყოფებით. ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე ერთ მხარეს იდგეს რუსული ჯარი და ტანკები და მეორე მხარეს განლაგებული იყოს ამერიკული ტექნიკა. ეს აუცილებლად გამოიწვევს იმას, რომ საქართველო გადაიქცევა რუსეთ-ამერიკის დაპირისპირების პოლიგონად და ამ შემთხვევაში, მოსკოვიც, ვაშინგტონიც გადარჩება, ჩვენს ქვეყანაში კი ჭიანჭველაც ვერ გადარჩება“, - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
FaceBook Twitter Google