ნინო ბურჯანაძე - თუ გინდათ, რომ მემორიალს ახალგაზრდების საფლავები არ მიემატოს და ქვეყანა გამთლიანდეს, პირველ რიგში რუსეთს უნდა ელაპარაკოთ
თუ გინდათ, რომ ამ მემორიალს კიდევ დამატებითი ახალგაზრდების საფლავები არ მიემატოს და ქვეყანა გამთლიანდეს, პირველ რიგში რუსეთს უნდა ელაპარაკოთ, - ამის შესაძებ ბურჯანაძემ "თავისუფალი დემოკრატების" ინიციატივის კომენტირებისას განაცხადა, რომლის მიხედვით, რუსეთის ხელისუფლებასთან კერძო ინიციატივით მოლაპარაკებები სისხლის სამართლის წესით დასჯას უნდა დაექვემდებაროს.

"ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს მსგავსი ინიციატივა, დემოკრატიულ სახელმწიფოში მსგავსი სიბრიყვე ძალიან ძნელი წარმოსადგენია. ისე, "თავისუფალი დემოკრატები" რომელი პარტიაა, ყველა ლიდერი სადღაც-სადღაც რომ გადანაწილდა?! მინდა გაგახსენოთ, რომ "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერის თავდაცვის მინისტრის პოსტზე ყოფნის დროს გაკეთებულმა განცხადებამ რაკეტსაწინააღმდეგო სისტემებთან დაკავშირებით დააჩქარა რუსეთსა და აფხაზეთს, რუსეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს შორის ხელშეკრულების გაფორმება. ასე რომ, თუ ისეთი კანონის შემოღება იქნება ინიცირებული, რომ მავნებლური მოქმედებები და ინიციატივები საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და ინტერესების საწინააღმდეგოდ დაისჯება, პირველ რიგში, ვფიქრობ, რომ "თავისუფალი დემოკრატები" აღმოჩდნებიან რთულ მდგომარეობაში. სიბრიყვეა და მეტი არაფერი, დემოკრატიულ სახელმწიფოში უკარნახო პოლიტიკურ ლიდერს, სად წავიდეს და ვის ელაპარაკოს. მე მაინც წავალ, როცა საჭიროდ ჩავთვლი, ვისაც საჭიროდ ჩავთვლი, დაველაპარაკები ჩემი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, დამსაჯონ. მომავალი თაობები გაარჩევენ, ვინ რას აკეთებს ქვეყნისთვის“,- განაცხადა ბურჯანაძემ.
FaceBook Twitter Google