დიმიტრი ლორთქიფანიძე - 20-22 წლის გოგო-ბიჭები, რომლებიც Gem Fest-ზე ნარკოტიკების უკანონო მიმოქცევის შედეგად დაზარალდნენ, არამხოლოდ ნარკოდილერების, არამედ პროპაგანდის მსხვერპლნი არიან
20-22 წლის გოგო-ბიჭები, რომლებიც Gem Fest-ზე ნარკოტიკების უკანონო მიმოქცევის შედეგად დაზარალდნენ, არამხოლოდ ნარკოდილერების, არამედ პროპაგანდის მსხვერპლნი არიან, - ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება ”დემოკრატიული მოძრაობის” წევრმა, დიმიტრი ლორთქიფანიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.

ლორთქიფანიძის აზრით, ”თეთრი ხმაურის” და „გირჩის“ წარმომადგენლებს „თავი ჩაქინდრული უნდა ჰქონდეთ და ხმას არ უნდა იღებდნენ იმ პროპაგანდის მსხვერპლის გამო, რაც მათ კამპანიას მოჰყვა”.

”20-22 წლის გოგო-ბიჭები, რომლებიც Gem Fest-ზე ნარკოტიკების უკანონო მიმოქცევის შედეგად დაზარალდნენ, არამხოლოდ ნარკოდილერების, არამედ იმ პროპაგანდის მსხვერპლნი არიან, რომელსაც პოლიტიკური ორგანიზაცია ”გირჩი” და საზოგადოებრივი ორგანიზაცია ”თეთრი ხმაური” ეწევა. ისინი უკვე გადავიდნენ მოთხოვნაზე, რომ ნებისმიერი ნარკოტიკული საშუალება, რომელ ფსიქოაქტიურ ჯგუფსაც არ უნდა წარმოადგენდეს, მისი მოხმარება ლეგალიზებული იყოს. ეს არის მიზანმიმართული პოლიტიკა და მათ ქვეყანა დაღუპვისკენ მიჰყავთ . ისინი ფაქტობრივად ახმოვანებენ იმას, რაზეც საბოლოო ჯამში, ხელისუფლებას კომპრომისზე წასვლა უწევს. ეს არის შეთამაშებული თამაში, პარტიტურა ოთხი ხელისთვის - ამ ოთხი ხელიდან ორი სახელისუფლოა და ორი - ე.წ. ოპოზიციის, რაშიც ლომის წვლილი აქვს ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციებს”, - აცხადებს დიმიტრი ლორთქიფანიძე.

ლორთქიფანიძემ აქვე ისიც აღნიშნა, რომ ”იმის მიუხედავათ, რომ თითქოს ხელისუფლება სააფთიაქო ნარკომანიას ებრძვის, არსებობს კონკრეტული მისამართები, თუ რომელ აფთიაქებშია შესაძლებელი ფსიქოაქტიური ნივთიერებების დაუბრკოლებლად შეძენა”.
FaceBook Twitter Google