ნინო ბურჯანაძე - ყველაგან ჩავალ, სადაც ქვეყანას წაადგება, ერთ-ერთი ასეთი ადგილი არის რუსეთი, ასეთი ადგილებია ასევე აფხაზეთი და სამაჩაბლო
მე არაერთგზის მითქვამს, რომ ყველაგან ჩავალ, სადაც ჩასვლა ჩემს ქვეყანას წაადგება, ერთ-ერთი ასეთი ადგილი, რა თქმა უნდა არის რუსეთი, ასეთი ადგილებია აფხაზეთი და სამაჩაბლო, - ამის შესახებ ”ერთიანი დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც უპასუხა კითხვას, აპირებს თუ არა სასაუბროდ ჩასვლას მოსკოვში, აფხაზეთში დაწყებულ ე.წ. პასპორტიზაციასა და ქართული ენის სწავლების შესაძლო აკრძალვასთან დაკავშირებით.

როგორც ბურჯანაძემ აღნიშნა, ყველგან ჩავა და არ შეეშინდება „ამერიკის მონებად ქცეული პოლიტიკოსების კომენტარების“.

„მე ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა გამთლიანდეს. ჩემი შვილების, თქვენი შვილების და მომავალი თაობის წინაშე, ვიცი, რომ ნამდვილად პირნათელი ვიქნები”,- განაცხადა ბურჯანაძემ.

ნინო ბურჯანაძემ დღეს გმირთა მემორიალი თანამოაზრეებთან ერთად გვირგვინით შეამკო და ტერიტორიულ მთლიანობისათვის დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო. მან დღეს არსებულ პრობლემებზე გაამახვილა ყურადღება.
”პროცესები რაც მიდის, როგორც აფხაზეთში, ასევე ე.წ. სამხრეთ ოსეთში, კიდევ უფრო გვაშორებს აფხაზეთის და სამაჩაბლოს დაბრუნებას, ქვეყნის გამთლიანებას. აქ მყოფი ქალბატონები, რომლებმაც თავიანთი ოჯახის წევრები შესწირეს ამ უბედურ დღეს და საქართველოს მთლიანობისათვის ბრძოლას, ერთმნიშვნელოვნად მხარს უჭერენ დიალოგს მიუხედავად იმისა, რომ თუ ვინმესთვის მძიმეა აფხაზეთის დე- ფაქტო ხელისუფლებასთან და დღევანდელ რეალობასთან შეგუება და საუბარი, სწორედ ამ ადამიანებისთვისაა.
მე და ჩემი მეგობრები გაოგნებულები ვიყავით იმ რეაქციით, რაც ჰქონდა საქართველოს პოლიტიკური სპექტრის წარმომადგენლებს, რომლებმაც მცდელობა და სურვილი აფხაზებთან დალაპარაკების სამშობლოს ღალატად შერაცხეს. აფხაზები ჩვენი თანამოქალაქეები არ არიან? მათთან დალაპარაკების სურვილი, სამშობლოს ღალატია? დიახ, უნდა ველაპარაკოთ. ეს არის ერთადერთი გამოსავალი. დიახ, ჩვენ წილ შეცდომებზე ბოდიშიც უნდა მოვიხადოთ და პასუხიც უნდა ვაგოთ. ჩვენ წილ შეცდომებზე - ამას ხაზგასმით აღვნიშნავ და ეს შეცდომები ჩვენ გვქონდა.
მე ვწუხვარ, რომ ერთი ადამიანიც კი არ აღმოჩნდა ქართულ პოლიტიკურ სპექტრში, აი ამ დედებისგან განსხვავებით და ძალიან ბევრი ადამიანისგან, რიგითი მოქალაქისგან, რომელიც იტყოდა, ნეტა ვინმე ჩავიდეს, იქნებ რამე გამოვიდეს, იქნებ ნახევარი ნაბიჯით მაინც წინ წავიწიოთო. ეს ნიშნავს იმას, რომ იმ ადამიანებს აფხაზეთი და სამაჩაბლო არ სტკივათ. ასეთი პოლიტიკური სპექტრი გვყავს დღეს საქართველოში”, - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

FaceBook Twitter Google