ნინო ბურჯანაძე: „ერთადერთი რაშიც ხელისუფლება ადეკვატურობას იჩენს, ეს არის, რომ რეალური საფრთხე იგრძნო და მომავალი არჩევნების ეშინია“.
გავრცელებული ინფორმაციით „ქართული ოცნება“ ოპოზიციას ახალ წინადადებას სთავაზობს, რაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ჩატარების ერთჯერადად ბუნებრივი ბარიერის წესს შესთავაზებს. „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე მიიჩნევს, რომ ამით „ოცნება ისევ ვაჭრობს ოპოზიციასთან და ისევ პარტიების მოსყიდვას ცდილობს.
„ერთადერთი რაშიც ხელისუფლება ადეკვატურობას იჩენს, ეს არის, რომ რეალური საფრთხე იგრძნო და მომავალი არჩევნების ეშინია. ივანიშვილი იმდენს ხვდება, რომ ოპოზიცია არ დაუშვებს კვლავ გაყალბებული არჩევნებით მოვიდეს „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში, რადგან ეს გამოიწვევს საპროტესტო აქციებს. ერთადერთი გზა დარჩა, რომ ბიძინა ივანიშვილმა მოისყიდოს ოპოზიცია. საკენკებს გვიყრის, ჯერ იყო ბლოკის შეთავაზება გააკეთეს, ახლა უპროცენტო ბარიერს გვთავაზობენ. ეს ნიშნავს, რომ თითო კაცით შეიყვანოს პარტიები პარლამენტში და ამით გაგვაჩუმოს. ამიტომ ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ოპოზიციური პარტიები არ მოტყუვდებიან, არ გაიყიდებიან და არ დაუთმობენ ბიძინა ივანიშვილს. „დემოკრატიული მოძრაობა“ „ოცნების“ასეთ შემოთავაზების განხილვასაც კი არ აპირებს, ჩვენ დიდი ხანია დავიწყეთ ბრძოლა ივანიშვილის მმართველობის წინააღმდეგ და ამას უფრო მობილიზებული ძალებით გავაგრძელებთ. 2020 წლის არჩევნებში დასრულდება ივანიშვილის და მისი უმოქმედო, მაგრამ ამბიციებით შეპყრობილი გუნდის მმართველობა საქართველოში. - აცხადებს ნინო ბურჯანაძე.

FaceBook Twitter Google