ნინო ბურჯანაძე - არ ვაპირებ ქვეყანაში პარლამენტი გადავაქციო ქარვასლად
პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე და „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე საარჩევნო ბარიერის ერთჯერადად გაუქმების შესაძლებლობას გამოეხმაურა.

მისი განცხადებით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება გარკვეულ უხერხულობას გრძნობს საერთაშორისო თანამეგობრობისა და ასევე ქართული საზოგადოების წინაშე, მაგრამ დარწმუნებულია, რომ ხელისუფლება ოპოზიციასთან არაფერს დათმობს.
„რას ნიშნავს ერთჯერადად ბარიერის გაუქმება? თუ მიგაჩნია, რომ რამე გასაუქმებელია უნდა გააუქმო. თუ თვლი, რომ გაუქმება არ არის სწორი, მაშინ ერთჯერადად რატომ უნდა მოიქცე არასწორად?! მარცხენა ხელმა არ იცის, რას აკეთებს მარჯვენა. „ქართულ ოცნებას“ ესმის, რომ ძალიან უხერხულ მდგომარეობაში არიან, მაგრამ დათმობა არ უნდათ. ძალიან გაუტკბათ ადვილად მიღებული თანამდებობები და ახლა ყველაფერი უნდა გააკეთონ, რომ ეს შეინარჩუნონ. ჩვენი ერთადერთი მოთხოვნაა, არჩევნები ჩაატარონ დემოკრატიულად და სამართლიანად და არ გვჭირდება ნაწყალობები ბარიერის დაწევა. ჩვენ ვიქნებით პარლამენტში, ღირსეულად ვიქნებით ადგილობრივ ორგანოებში წარმოდგენილები, თუ რა თქმა უნდა, არჩევნები სამართლიანად ჩატარდება. ჩვენ სამათხოვრო და ბიძინა ივანიშვილის საწყალობელი არაფერი გვჭირს. დღეს ნამდვილად ვიქნებოდით პარლამენტში, რომ არა გაყალბებული არჩევნები, ქურდებივით ჯიბეში ჩაგვიდეს ხელი და ამოგვაცალეს ის ხმები, რომელიც მოსახლეობამ მოგვცა. ჩვენ არ წავალთ ამ დათმობაზე, არ ვაპირებ ბიძინა ივანიშვილთან ვაჭრობას და არ ვაპირებ ქვეყანაში პარლამენტი გადავაქციო ქარვასლად. ამის სურვილი კი ბიძინა ივანიშვილს ძალიან დიდი აქვს“, - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ, რომლის კომენტარსაც „დემოკრატიული მოძრაობის“ პრესსამსახური ავრცელებს.
FaceBook Twitter Google