გიგლა ბარამიძე: დღეისათვის დასახელებული თბილისის მერობის კანდიდატები ხომ ნამდვილი ცეცხლთაყვანისმცემლები აღმოჩნდნენ
ახლო მომავალში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის მიმდებარედ, სარეკრეაციო ზონაში რამდენიმე თივის ძნა უნდა მივიტანო, ერთი პატარა კოცონი გავაჩაღო ტელეკამერების თანდასწრებითა და ყოველგვარი უსაფრთხოების ნორმების დაცვით, რომ სერიოზული ხანძარი არ გაჩნდეს.

ხელისუფლების წარმომადგენლებისა და მერობის კანდიდატების ყურადღება უნდა მივიპყრო. ეგენი ხომ ცეცხლთაყვანისმცემლები არიან და მხოლოდ ცეცხლის წინ და ცეცხლის უკან აკეთებენ კომენტარებს. იმედია, ეს ცეცხლის ალიც მიიზიდავს ცეცხლთაყვანისმცემლებს და ნახავენ, რა ხდება უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ნადგურდება სარეკრეაციო ზონა და ბეტონის უზარმაზარი კონსტრუქციებით რესტორანი შენდება.
ძვირფასო მერობის კანდიდატებო, ხან მურს რომ წაისვამთ სახეზე და ხან ვედროთი ისხამთ თავზე წყალს, ქალაქისთვის ასეთი დამაშვრალი ვარო, რატომ არ ინტერესდებით ამ საკითხით? ცეცხლს მე დაგინთებთ, მოდით და მის ფონზე თქვით, რომ ქალაქის ცენტრში სარეკრეაციო ზონის განადგურება არ შეიძლება.
სამაგიეროდ, მერობის ერთი კანდიდატი დედაქალაქში ღამის ცხოვრების განვითარებას გეგმავს. შე დალოცვილო, სანამ ღამის ცხოვრებას მიხედავ, იქნებ ჯერ დღის თბილისი ამოასუნთქო. მეორემ კანდიდატურა მანამდე ვერ წარადგინა, სანამ სააკაშვილმა პირჯვარი არ გადასწერა. ახლა დარბის და ყველას მუშტებს გვიქნევს. კი მაგრამ, შენი ხელისუფლება არ იყო 9 წელი ქვეყნის სათავეში, რატომ არ მიხედეს ქალაქს?!

FaceBook Twitter Google