გიგლა ბარამიძე: მარგველაშვილი დღიდან პრეზიდენტად დანიშვნისა, ცდილობს საკუთარი თავისაგან პოლიტიკური ფიგურა შექმნას
- ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებისგან განსხვავებით, მარგველაშვილს ერთი წიგნით მეტი აქვს წაკითხული. ეს ადამიანი ხშირად საუბრობს ბრეჟნევის ეპოქაზე, რაც მას თურმე "ქართული ოცნების" მმართველობის სტილმა გაახსენა. კი მაგრამ, თავად პრეზიდენტად ბრეჟნევის ეპოქის სტილში არ დასვეს? თუ, ნაციონალების მსგავსად, რაც შენ გინდა, ის დემოკრატიაა და, რაც არ მოგწონს, დემოკრატიის დარღვევაა.
კომუნისტების დროს ხალხს საყველპუროდ მაინც ეკითხებოდა, ესა და ეს ადამიანი ხომ არ დავნიშნოთ ამ თანამდებობაზეო. მარგველაშვილი აიღეს და პირდაპირ დასვეს პრეზიდენტად. ბრეჟნევის დროს ამაზე უარესები კი არ ხდებოდა. 2013 წელს დედის რძესავით რომ შეირგო ეს ქმედება, ახლა რატომ უკვირს რაღაცები? "ქართული ოცნების" მხარდამჭერი არასდროს ვყოფილვარ და არც ვიქნები, მაგრამ მარგველაშვილმა კულულებიან კობახიძეს ბრეჟნევის დრო არ უნდა გაახსენო.
მარგველაშვილისაც კარგად მესმის, პრეზიდენტად დასმის დღიდან ცდილობს, საკუთარი თავისგან პოლიტიკური ფიგურა შექმნას.
ახლა რაც შეეხება მის ინგლისურ მიმართვას, მესმის, რომ გვერდით აშშ-ის ვიცეპრეზიდენტი ედგა, მაგრამ ქართული ჯარისთვის ქართულად რომ მიემართა, პენსი სცემდა თუ მისი ცოლი აუწევდა ყურს?
ამან ერთი საინტერესო ისტორია გამახსენა: საქართველოში რუსეთის იმპერატორი ალექსანდრე იყო ჩამოსული. ძველი და ახალი თაობის წარმომადგენლები იმაზე ბჭობდნენ, რა ეთხოვათ მეფისთვის. ერთი ფრთა ითხოვდა, მოდით, სამხედრო სასწავლებლის გახსნა ვთხოვოთო, მეორე ფრთას უნივერსიტეტი უნდოდა.
მაშინაც კაი სირცხვილი ვჭამეთ, სტუმარს რომ კარგი დრო გაეტარებინა, ლამაზ ქალს ურჩევდნენ. გასართობად ბოლოს ერთი ცნობილი ქალი შეარჩიეს. მერე იმაზე ატყდა ამბავი, საქართველოში თანამედროვე საწმერთულები არ იშოვებაო და სომეხი ვაჭარი თურქეთში გააქანეს მის საყიდლად. შემდეგ ამ საწმერთულში გამოაწყვეს ქალბატონი და შეუგორეს მეფეს.
მარგველაშვილს შეეძლო, ამერიკისთვის რაღაც მნიშვნელოვანი ეთხოვა, მაგრამ მან ახალი "`ნამესტნიკის" - აშშ-სთან ურთიერთობის სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნა მოითხოვა, თითქოს ელჩი საკმარისი არ იყოს.
FaceBook Twitter Google