გიგლა ბარამიძე: ამ მკვდარ ხელისუფლებას სააკაშვილის დაპატიმრება არ სურს
პროკურატურა, სპეცსამსახურები და იუსტიციის სამინისტრო რომ უსუსურების გაერთიანებაა, ამაზე სააკაშვილის ამბავიც კარგად მეტყველებს. რამდენ ქვეყანაშიც ჩავა სააკაშვილი, იმდენჯერ დაკნინდება საქართველოს ხელისუფლება.
ვეკითხები ხელისუფლებას: თქვენ თუ მართლა ეძებთ სააკაშვილს და მართლა გინდათ მისი დასჯა, თუ ორი კოსტიუმის მიღმა მართლა გაქვთ მის წინააღმდეგ მასალები, როგორ ახერხებს ეს ადამიანი აქეთ-იქით სიარულს? ის ხომ ჩვენს მეგობარ ქვეყნებში დადის და რატომ არ მიმართავენ იმათ ხელისუფლებებს, ხომ ამბობენ, რომ არნახული მხარდაჭერა აქვთ ევროპაში.
გამუდმებით იმაზე საუბრობთ, რომ მან შექმნა სისტემური რეჟიმი. რატომ არ გინდათ მისი პასუხისგებაში მიცემა? იქნებ არ გინდათ, რომ მან რაღაც ისეთი თქვას? ამასთან დაკავშირებით სერიოზული ეჭვები არსებობს.
სააკაშვილი იყო ის კაცი, რომლის წყალობითაც საქართველო ტუსაღების რაოდენობით ევროპაში პირველ ადგილზე იყო. მან მიჰყიდა რუსებს ქართული მიწები და თანამედროვე შეიარაღება, ათასი უბედურება მოუტანა ქვეყანას და ამ კაცს მარტო ორი კოსტიუმი ამოუქექეს.
'ქართული ოცნება' შეეცდება, საქართველოში მიშიკოს ექსტრადირება არ მოხდეს. მათ პატიმრობაში მყოფი სააკაშვილი არ აწყობთ. მისი ფსიქოტიპი რომ ვიცი, ხელი არ ექნებათ მოკიდებული, რომ ყველაფერს დაფქვავს და ყველას ჩაუშვებს. სააკაშვილის ჩვენება "ოცნებისთვის" შესაძლოა საბედისწერო აღმოჩნდეს. ხელისუფლების დიდი ნაწილი ნაციონალებთან ურთიერთობაშია გასვრილი და, არ გამოვრიცხავ, საერთო ბიზნესიც ჰქონდეთ.
ხელისუფლება სააკაშვილის დაპატიმრებით რომ ყოფილიყო დაინტერესებული, ამ თემაზე აშშ-ის ვიცეპრეზიდენტთან ისაუბრებდნენ და მის წინააღმდეგ არსებულ მასალებს გადასცემდნენ.
FaceBook Twitter Google