ნინო ბურჯანაძე - თუკი პრინციპულ საკითხად იქნებოდა დაყენებული, რომ ირმა ინაშვილი ყოფილიყო მერობის საერთო კანდიდატი, ამაზე კახა კუკავა და დიმიტრი ლორთქიფანიძე თანახმა იყვნენ
ჩვენ არ ვიქნებოდით წინააღმდეგი, თუკი პრინციპულ საკითხად იქნებოდა დაყენებული, რომ “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერი ირმა ინაშვილი ყოფილიყო მერობის საერთო კანდიდატი, ამაზე კახა კუკავა და დიმიტრი ლორთქიფანიძე თანახმა იყვნენ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს “დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ განუცხადა. დღეს „თავისუფალმა საქართველომ“ და „დემოკრატიულმა მოძრაობამ“ თბილისის მერობის კანდიდატად კახა კუკავა, ხოლო საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატად დიმიტრი ლორთქიფანიძე წარადგინა.

ნინო ბურჯანაძის განცხადებით, ერთიანი ოპოზიცია ყველა ოპოზიციურ პარტიასთან, მათ შორის, ლეიბორისტებთან და “პატრიოტთა ალიანსთან” მართავდა კონსულტაციებს მერობისა და საკრებულოს თავმჯდომარის კანდიდატთან დაკავშირებით. თუმცა, ბურჯანაძის განმარტებით, “პასუხი არ გვქონდა ბოლო წუთამდე “პატრიოტთა ალიანსის” მხრიდან რას აპირებდნენ და ტელევიზიით გავიგეთ მერობის კანდიდატის დასახელების თაობაზე”.
ნინო ბურჯანაძის განმარტებით, “პატრიოტთა ალიანსის” ეს გადაწყვეტილება პარტიულ კომფორტს უკავშირდება.

“ყველამ კარგად ვიცით, რომ არც ერთ პოლიტიკურ ძალას, ცალკე არც “პატრიოტთა ალიანსს”, მათ შორის, არც სხვა რომელიმე პოლიტიკურ ძალას, მარტო აღებულს არ აქვს არანაირი მეთოდი ხელისუფლების დამარცხების. ყველას ვესაუბრებოდით, “ნაციონალური მოძრაობისა” და “ევროპული საქართველოს” გარდა. ვინაიდან ჩემთვის “ევროპული საქართველო” არის “ნაციონალური მოძრაობა” და “ნაციონალური მოძრაობა” ჩვენთვის არის ის პოლიტიკური ძალა, რომელიც უნდა ჩამოშორდეს პოლიტიკურ ცხოვრებას, მით უფრო, მას შემდეგ, რაც “ევროპულმა საქართველომ” კარგად მოახერხა ივანიშვილთან გარიგება საკუთარი ინტერესების და პარლამენტში მოხვედრის მიზნით”, - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

წყარო: http://www.interpressnews.ge
FaceBook Twitter Google