ნინო ბურჯანაძე: ადგილობრივ არჩევნებში კახა კუკავა და დიმიტრი ლორთქიფანიძე იბრძოლებენ
„დემოკრატიულმა მოძრაობამ“ და „თავისუფალმა საქართველომ “ თბილისის მერობის კანდიდატად კახა კუკავა, საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატად კი დიმიტრი ლორთქიფანიძე წარადგინა. როგორც „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, მის პარტიას თბილისის მერობის ღირსეული კანდიდატი ჰყავდა, თუმცა ოპოზიციური ერთობის მისაღწევად, მათ გადაწყვიტეს, რომ მერობის კანდიდატად კახა კუკავა დაესახელებინათ.

„მიუხედავად იმისა, რომ „დემოკრატიულ მოძრაობას“ ჰყავს ძალიან ღირსეული კანდიდატი თბილისის მერის თანამდებობაზე, ჩვენ, ერთობლივი შეთანხმებით, ოპოზიციური ერთობისთვის გადავწყვიტეთ, რომ ასევე ღირსეული ადამიანი წარმოვადგინოთ თბილისის მერის კანდიდატად - კახა კუკავა, ხოლო საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატად, ასევე ღირსეული ადამიანი დიმიტრი ლორთქიფანიძე“, - აღნიშნა ბურჯანაძემ.

მისივე თქმით, ოპოზიციური ერთობის მისაღწევად, ყველა დაინტერესებული პოლიტიკური ძალისთვის მათი კარი ღიაა.
FaceBook Twitter Google