კახა კუკავა და დიმიტრი ლორთქიფანიძე თბილისიდან კაზინოების გადატანას მოითხოვენ
„დემოკრატიული მოძრაობა, თავისუფალი საქართველოს“ მერობის კანდიდატი კახა კუკავა და საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი დიმიტრი ლორთქიფანიძე სათამაშო ბიზნესის თბილისიდან და სხვა დიდი ქალაქებიდან გადატანას მოითხოვენ.

როგორც ”ინტერპრესნიუსს” პარტიის პრესსამსახურიდან აცნობეს, კანდიდატებმა კაზინო „შანგრილასთან“ განცხადება გააკეთეს და სათამაშო ბიზნესის დიდი ქალაქებიდან გადატანა მოითხოვეს.

კახა კუკავას და დიმიტრი ლორთქიფანიძის განცხადებით, უახლოეს დღეებში საზოგადოებას წარუდგენენ საარჩევნო პროგრამას, სადაც ერთ-ერთი პუნქტი, სწორედ სათამაშო ბიზნესის რეგულირებას შეეხება.

„ყველა ცივილიზებული ქვეყნის გამოცდილების მიხედვით, კაზინოები გატანილია ისეთ ადგილებში, სადაც არ არის მრავალრიცხოვანი მოსახლეობა და მხოლოდ სპეციალურად ამ მიზნით ჩასული ტურისტებისთვისაა ხელმისაწვდომი. საქართველოში კი, კაზინო „შანგრილა“ საპატრიარქოს მიმდებარე ტერიტორიაზეა განთავსებული, ხოლო მმართველი პარტიის კანდიდატი „ღამის განვითარების“ კიდევ უფრო განვითარებას გვპირდება. მივმართავ მერობის დანარჩენ კანდიდატებს, მათაც გამოხატონ თავიანთი პოზიცია ამ საკითხზე, მოვუწოდებ ყველა მოქალაქეს შეუერთდნენ ამ მოთხოვნის მხარდამჭერ ონლაინ-პეტიციას, რომელიც განთავსებულია ჩვენს სოციალურ გვერდზე“, - განაცხადა კახა კუკავამ.
FaceBook Twitter Google