ნინო ბურჯანაძის ინფორმაციით, ვალერი გელაშვილმა საავადმყოფოში უთხრა, რომ მისი ცემა მიხეილ სააკაშვილის პირადი ანგარიშსწორება იყო

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის, ”დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერის, ნინო ბურჯანაძის ინფორმაციით, ვალერი გელაშვილმა მას საავადმყოფოში უთხრა, რომ მისი ცემა მიხეილ სააკაშვილის პირადი ანგარიშსწორება იყო. ბურჯანაძემ დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის საქმეზე, რომელზეც ბრალი ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს აქვს წაყენებული, სასამართლოს ჩვენება მისცა. როგორც ბურჯანაძემ აღნიშნა, დეპუტატის ცემის მოტივი იყო პირადი წყენა, რომელიც სააკაშვილს ამოძრავებდა.


"თავიდანვე არ იყო კარგი ურთიერთობა ჩვენს ხელისუფლებასა და გელაშვილს, პირადად გელაშვილსა და სააკაშვილს შორის. სახლი ჰქონდა გელაშვილს ავლაბარში, სადაც დაგეგმილი იყო პრეზიდენტის რეზიდენციის აშენება. გარკვეული მოლაპარაკებების შემდეგ ვალერი გელაშვილმა ქონება დათმო და როგორც ვიცი, ამის სანაცვლოდ გარკვეული თანხა უნდა მიეღო. თუმცა, მას შემდეგ რაც ვერ მიიღო შეპირებული თანხა, გელაშვილმა მოსთხოვა სააკაშვილს პირობის შესრულება. მე კარგად მახსოვს სააკაშვილის აღშფოთება ამაზე, რომ როგორ გაბედა მან თანხის მოთხოვნა მისგან. ამის შემდეგ დაიბეჭდა გელაშვილის ინტერვიუ ერთ-ერთ გაზეთში, სადაც სააკაშვილის მეუღლეს და ოჯახს არაკორექტულად მოიხსენიებდა. როგორც ჩანს, ეს იყო ბოლო წვეთი სააკაშვილისთვის", - განაცხადა ბურჯანაძემ.

მისივე თქმით, როდესაც საავადმყოფოში მივიდა ნაცემი დეპუტატის სანახავად, მაშინ უთხრა ვალერი გელაშვილმა, რომ მას სპეცრაზმი გაუსწორდა და ეს იყო პირადად მიხეილ სააკაშვილის შურისძიება.

როგორც ბურჯანაძემ აღნიშნა, გელაშვილმა მას ქვეყნის დატოვებაში დახმარება სთხოვა.

"როგორც კი წამოვედი საავადმყოფოდან, მაშინვე დავუკავშირდი სააკაშვილს და შევხვდი. მის კაბინეტში შედგა ეს შეხვედრა. ვუთხარი ის კითხვის ნიშნები, რაც ამ ფაქტზე იყო და დავაფიქსირე ჩემი აღშფოთება. ისიც აღშფოთდა და მითხრა - რა არ იყო საცემი ვალერი გელაშვილი? მე ვუთხარი, რომ კი იყო საცემი, მაგრამ არა სახელმწიფო სტრუქტურის გამოყენებით. შეიძლება ეცემა მის მეგობარს, რომელიც ასე ვთქვათ სააკაშვილის ღირსებას დაიცავდა. სააკაშვილი ასევე ამბობდა, რომ დიახ, სწორედ იმ ინტერვიუსა და ქმედებების გამო გაილახა ვალერი გელაშვილო. პირობა მომცა მიხეილ სააკაშვილმა, რომ სპეცრაზმს პირადი ანგარიშსწორებისთვის აღარ გამოიყენებდა", - განაცხადა ბურჯანაძემ.

 

FaceBook Twitter Google
კალენდარი
«« დეკემბერი  »»
27282930 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31