დიმიტრი ლორთქიფანიძე - დაუშვებლად მიმაჩნია განსაცდელში მივატოვოთ ჩვენი ქვეყნის თანამოქალაქე, რომელსაც დიდი გამარჯვებებით არაერთხელ უსახელებია სამშობლო
„დემოკრატიული მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი დიმიტრი ლორთქიფანიძე ამერიკაში დაპატიმრებული ცნობილი ქართველი მოკრივის ავთანდილ ხურციძის დედის განცხადებას გამოეხმაურა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პარტიიდან აცნობეს.

დიმიტრი ლორთქიფანიძე პრეზიდენტს, სპორტის სამინისტროს და კრივის ფედერაციას მოუწოდებს, დაეხმარონ განსაცდელში მყოფ საქართველოს მოქალაქეს.

„დაკავებული სპორტსმენის დედამ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ ავთანდილ ხურციძეს სასამართლო დარბაზიდანვე გაათავისუფლებდნენ, მაგრამ სხდომა გადაიდო. ფაქტია, რომ პროცესი იწელება. აშშ-ში სხვა 15 ქართველთან ერთად დაკავებულ ქართველ სპორტსმენს რუსული კრიმინალური სინდიკატის წევრობა ედება ბრალად. აღსანიშნავია, ის ფაქტი, რომ ქართველ მოკრივეს უახლოეს მომავალში უწევდა შეხვედრა ასევე ტიტულოვან მოწინააღმდეგე სანდერსთან, სპეციალისტთა აზრით ფავორიტად ქართველი სპორტსმენი ითვლებოდა და სავარაუდოდ დაამარცხებდა კიდევაც მოწინააღმდეგეს, რომ არა ეს საბედისწერო შემთხვევა და გაურკვეველი ვადით დაკავება. შეერთებულ შტატებში ადვოკატის მომსახურება ძალიან ძვირი ღირს, ქართული სახელმწიფო კი მისი ქვეყნის მოქალაქესა და მსოფლიოში წარმატებულ სპორტსმენს არაფერში არ ეხმარება. განვლილ პროცესებზე ადვოკატების მომსახურების ხარჯიც სამეგობროში შეგროვილი თანხით დაიფარა.

საქართველოს სახელმწიფო კონსტიტუციის ძალით უნდა მფარველობდეს საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს, მიუხედავად ადგილმდებარეობისა. „დემოკრატიული მოძრაობა - თავისუფალი საქართველო“ დაუყოვნებლივი რეაგირებისკენ მოუწოდებს საქართველოს პრეზიდენტს, სპორტის მინისტრსა და კრივის ფედერაციას. პირადად მე, როგორც უფლებათადამცველს დაუშვებლად მიმაჩნია განსაცდელში მივატოვოთ ჩვენი ქვეყნის თანამოქალაქე, რომელსაც დიდი გამარჯვებებით არაერთხელ უსახელებია ჩვენი ქვეყანა“, - განაცხადა დიმიტრი ლორთქიფანიძემ.

წყარო: www.interpressnews.ge
FaceBook Twitter Google