ნინო ბურჯანაძე – თბილისის მერიის შენობის წინ განვითარებული მოვლენები არის ამ ხელისუფლების წარმოუდგენელი თავხედობა
„ეს არის ბიძინა ივანიშვილის ბოროტი გეგმის ნაწილი, რომ ყველა არჩევნების წინ „ქართულ ოცნებასა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის დაპირისპირება იყოს და ამით „ქართულმა ოცნებამ“ ხელისუფლებაში ყოფნა გაიხანგრძლივოს“, – ასეთი კომენტარი გააკეთა „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ დღეს.
ნინო ბურჯანაძე ასევე, ბოლო დღეებში თბილისის საკრებულოში განვითარებულ მოვლენებსაც გამოეხმაურა. კერძოდ, პუშკინის სკვერის მიმდებარედ ბიძინა ივანიშვილის კომპანიისთვის ათას კვადრატული მიწის ნაკვეთის ერთ ლარად გადაცემის და თაბორის მთაზე დამატებით 5 ათას კვადრატული მიწის ნაკვეთისთვის ზონალური სტატუსის შეცვლის ფაქტს.

ნინო ბურჯანაძე აღნიშნულს „ქართული ოცნების“ მხრიდან “უკიდურეს თავხედობად” მიიჩნევს.
„ამას უგუნურებას აღარ დავარქმევდი. ასეთი უგუნურები არ შეიძლება რომ იყვნენ. არჩევნებამდე სამი კვირით ადრე საზოგადოებისთვის ასეთ მიუღებელ გადაწყვეტილებას იღებენ. იმდენად გათავხედდნენ და დარწმუნებული არიან, რომ რასაც უნდათ იმას დაწერენ არჩევნების შედეგზე, საერთოდ აღარ აქცევენ საზოგადოების აზრს ყურადღებას. მსგავსი თავხედობა არჩევნების წინ არცერთ ხელისუფლებას საჯაროდ არ გაუკეთებია. ეს არის ამ ხელისუფლების წარმოუდგენელი თავხედობა. ეს ნიშანია იმისა, რაზეც მე დიდი ხანია ვსაუბრობ, რომ ბიძინა ივანიშვილს სურს საქართველო თავის “ბუტკად” გადააქციოს და ეს პროცესი რეალურად დაწყებულია“, – აღნიშნა ბურჯანაძემ.

რაც შეეხება იმას, რაც დღეს თბილისის მერიასთან მოხდა, ბურჯანაძე დარწმუნებულია, რომ ხელისუფლება ამ პროცესს შეგნებულად ამწვავებს.

მისივე თქმით, ქალაქის ხელისუფლებას „ნაციონალური მოძრაობის“ დღევანდელი მოთხოვნის დაკმაყოფილება შეეძლო. კერძოდ, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ითხოვდნენ, თბილისის მერს მათი 3–4 წარმომადგენელი მიეღო და მათ გასაუბრებოდა.

ბურჯანაძის აზრით, მერიის მხრიდან აღნიშნული მოთხოვნის იგნორირება ნიშნავს, რომ „ქართულ ოცნებას“ აწყობს, ამ პროცესის გამწვავება, ისევე როგორც „ქართულ ოცნებას” საპარლამენტო არჩევნების წინ აწყობდა დაპირისპირება „ქართულ ოცნებასა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის.

„ბიძინა ივანიშვილმა შეგნებულად მოატყუა მოსახლეობა და არ აღადგინა სამართლიანობა იმიტომ, რომ შეენარჩუნებინა „ნაციონალური მოძრაობა“ სწორედ ასეთი ვითარებისთვის. ყველა არჩევნების წინ „ნაციონალური მოძრაობასა“ და „ქართულ ოცნებას“ შორის უკიდურესად დაძაბულიყო ვითარება, რომ ხალხი უყურებდეს ჭიდილსა და ბრძოლას „ქართულ ოცნებასა” და „ნაციონალურ მოძრაობას” შორის და რა თქმა უნდა, არჩევანი გააკეთოს „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ. ეს არის „ქართული ოცნებისა“ და ბიძინა ივანიშვილის ხელოვნური პროცესი, რომელიც მათ წინასაარჩევნოდ აწყობთ. წინააღმდეგ შემთხვევაში ამ ყველაფერს ახსნა არ აქვს. რატომ შეინარჩუნა „ნაციონალური მოძრაობა“? – მარტივია კითხვაზე პასუხის გაცემა. დღეს, რომ თბილისის მერიის შენობასთან „ნაციონალური მოძრაობა“ არ ყოფილიყო, ოპოზიციური სპექტრის აბსოლუტური უმრავლესობა და საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილი აუცილებლად გააპროტესტებდა იმას, რაც ხდება და მხარს დაუჭერდა იმ მოთხოვნებს, რა მოთხოვნებსაც „ნაციონალური მოძრაობა“ აყენებდა. მაგრამ, რადგან ეს მოთხოვნები „ნაციონალური მოძრაობიდან“ მოდის და საზოგადოებისთვის და ოპოზიციური სპექტრისთვის აბსოლუტურად მიუღებელი სახეები აქტიურობენ, ამიტომ ეს თემა მთლიანად „ნაციონალურ მოძრაობაზეა“ ფოკუსირებული. ეს არის ბიძინა ივანიშვილის ბოროტი გეგმის ნაწილი, რომ ყველა არჩევნების წინ „ქართულ ოცნებასა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის დაპირისპირება იყოს და ამით „ქართულმა ოცნებამ“ ხელისუფლებაში ყოფნა გაიხანგრძლივოს. თუ ამას საზოგადოება მიხვდება ძალიან კარგი. თუ ამას საზოგადოება ვერ მიხვდება და ისევ გაიყოფა ხმები „ქართულ ოცნებასა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის, ყოველთვის ასეთი ცირკების მაყურებელი ვიქნებით დანარჩენი საქართველო, ხოლო ეს სახელმწიფო საბოლოოდ გადაიქცევა ბიძინა ივანიშვილის „ბუტკად“, სადაც ვისაც ცხოვრება ენდომება, იცხოვრებს და ვისაც არა – მოუწევს ბრძოლის გაგრძელება“, – განაცხადა ბურჯანაძემ.

წყარო: www.interpressnews.ge


FaceBook Twitter Google
კალენდარი
«« დეკემბერი  »»
27282930 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31