კახა კუკავა – ჩვენს კანდიდატებს ემუქრებიან, აშინებენ და რეგისტრაციიდან მოხსნას აიძულებენ
„დემოკრატიული მოძრაობა - თავისუფალი საქართველოს“ ერთ–ერთი ლიდერის კახა კუკავას ინფორმაციით, სხვადასხვა მუნიციპალიტეტში, სადაც მათი ბლოკის კანდიდატებს უკავიათ ლიდერის პოზიციები, „მმართველი პარტია და მასთან შეზრდილი უსაფრთხოების სამსახურები ჩვენს კანდიდატებს ემუქრებიან, აშინებენ და კანდიდატურის მოხსნას აიძულებენ“.

მისივე განცხადებით, ბოლო რამდენიმე დღის მანძილზე ზესტაფონის მუნიციპალიტეტში გამგებლის - ტარიელ თუთარაშვილის და უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლების ზეწოლით კანდიდატურები მოხსნეს შორაპნის მაჟორიტარმა გოჩა ლაღუნდარიძემ და მეორე სვირის მაჟორიტარმა რომან ჯუღელმა.

„ასევე აიძულებენ ქალაქ ზესტაფონის მაჟორიტარს დავით გამცემლიძეს და ბლოკის სხვა კანდიდატებს, რომ მოხსნან კანდიდატურები საარჩევნო რეგისტრაციიდან.
ანალოგიური ვითარებაა რაჭა-ლეჩხუმში, სადაც უსაფრთხოების ადგილობრივი სამსახურის ხელმძღვანელი ლევან ჯმუხაძე, გუბერნატორი არჩილ ჯაფარაძე და გოჩა ენუქიძე აიძულებენ ბლოკის კანდიდატებს, რომ მოიხსნან რეგისტრაციიდან.
ასეთივე მდგომარეობაა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, სადაც სოფელ კაბალის მაჟორიტარს - შაჰინ მირზაევს აიძულებენ კანდიდატურის მოხსნას.
მივმართავთ საერთაშორისო საზოგადოებას, გამოიკვლიონ ზეწოლის ყოველი ფაქტი და მისცენ სამართლებრივი შეფასება საქართველოში წინასაარჩევნოდ მიმდინარე პროცესებს“, – აცხადებს კუკავა.

წყარო: IPN.GE
FaceBook Twitter Google