ნინო ბურჯანაძე უმრავლესობაზე - მათ გამოაცხვეს მალფუჭებადი ნამცხვარი
კონსტიტუციაზე ნამცხვრის გამოცხობის ასოციაცია რატომ გაუჩნდა პარლამენტის თავმჯდომარეს და თან მამაკაცს არ ვიცი, მაგრამ დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ ეს არის მალფუჭებადი ნამცხვარი და ვარგისიანობის ვადა მას მხოლოდ ხელისუფლებისათვის აქვს, - ასე გამოეხმაურა „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე კონსტიტუციასთან დაკავშირებით, პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას.

ნინო ბურჯანაძე მიიჩნევს, რომ ქვეყანა კონსტიტუციურ ჩიხში ამ მთავრობამ თავისი უგუნურობით და ხელისუფლების შენარჩუნების წყურვილით შეიყვანა, ამიტომ ”ქართული ოცნება“ თავის პოლიტიკურ ცხოვრებას მიუხედავად ბიძინა ივანიშვილის მილიარდებისა, ცუდად დაასრულებს.
ნინო ბურჯანაძე ასევე იხსენებს, თუ როგორ ”ამაყობდა“ ხელისუფლება საპარლამენტო არჩევნების შედეგებით და აცხადებდა, თითქოს არჩევნები ჩაატარეს იდეალურად და მსოფლიო ორგანიზაციები, მხოლოდ დადებით დასკვნებს აქვეყნებდნენ.

”მე ვარ ადამიანი, რომელმაც ძალიან კარგად იცის დასკვნების წაკითხვა და მე ვენდობი ყველაზე კვალიფიციურ ”ოდირის” დასკვნას, სადაც შავით თეთრზე წერია, რომ არჩევნებში მიღებული ხმები დაითვალა, ან ძალიან ცუდად ან ცუდად. არჩევნებში, სადაც ხმები ითვლება ცუდად, როგორ შეიძლება კარგად იყოს შეფასებული?! ზუსტად იგივე ფარსის წინაშე ვდგავართ, როდესაც პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ თითქოს, ვენეციის დასკვნა არის ძალიან კარგი. სიმართლე არის მხოლოდ ერთი - ჩვენ ვართ ისეთ პოლიტიკურ კრიზისში და პოლიტიკურ ჩიხში, რომელიც სერიოზულ რყევებს გამოიწვევს ქვეყანაში“, - განაცხადა ბურჯანაძემ.

ვენეციის კომისიამ განაცხადა, რომ ჩვენ გემრიელი ნამცხვარი გამოვაცხვეთ, მაგრამ არავის სურს მისი დაგემოვნება. ოპოზიციური პარტიებისთვისაც და პრეზიდენტისთვისაც მარტივი პასუხი გვაქვს: ჩვენ ეს გემრიელი ნამცხვარი არა ოპოზიციური პარტიებისთვის ან პრეზიდენტისთვის, არამედ ქართველი ხალხისთვის გამოვაცხვეთ, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ვენეციის კომისიის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

კობახიძე საკონსტიტუციო რეფორმის საკითხზე ქართულ პოლიტიკურ ძალებს შორის კონსენსუსის მიუღწევლობასთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის წუხილს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ამის გამო მმართველი გუნდიც შეწუხებულია.
FaceBook Twitter Google