ნინო ბურჯანაძე : 26 მაისის სისხლზე მოსული ხელისუფლება ამ ტრაგედიას კიდევ ერთხელ წინასაარჩევნოდ იყენებს
„ხელისუფლებამ ტრადიცია არც ამჯერად დაარღვია და გაიმეორა ის, რასაც სამწუხაროდ ყველა არჩენების წინ აკეთებს. 26 მაისთან დაკავშირებით ახალი ფაქტები და ახალი დაჭერები გაასაჯაროვა,“- ასეთი კომენტარი გააკეთა ნინო ბურჯანაძემ პროკურატურის მიერ საგანგებო ბრიფინგზე 26 მაისთან და პატიმრების წამებასთან დაკავშირეთ გახმაურებულ ახალ ფაქტებს.
როგორც ბურჯანაძემ აღნიშნა, 26 მაისიდან 5 წლის შემდეგ ამ განცხადების გაკეთება არჩენებამდე ერთი კვირით ადრე შეურაცყოფაა იმ ადამინებისთვის, ვის წამებაზეც, ცემაზეც, ფიზიკურ და მორალურ შეურაცყოფაზეც იყო საუბარი განცხადებაში.
„რატომ ხდება, რომ 26 მაისი ხელისუფლებას ახსენდება ყოველთვის არჩევნების წინ? თუ ეს სურვილია, რომ საზოგადოების დაბრმავებულ ნაწილს კიდევ ერთხელ გავახსენოთ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ჩადენილი სისაძაგლეები, ამის გაკეთება სხვა ხერხებითაც შეიძლება. იმ გზით, რომელსაც მოყვებოდა „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური არენიდან გაქრობა, მაგრამ ეს „ქართული ოცნების“ სურვილი არ იყო,“- განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
მან ასევე დასძინა, რომ ბიძინა ივანიშვილს კვლავ სურს „ნაციონალური მოძრაობა“ გამოიყენოს წინასაარჩევნოდ, რომ ადამიანებმა არჩევანი გააკეთონ კრიმინალურ „ნაციონალურ მოძრაობასა“, არ აქვს მნიშვნელობა რომელი ფრთა იქნება, და „ქართულ ოცნებას“ შორის.
„მე შეურაცყოფილად ვგრძნობ თავს, „ქართული ოცნების“ მხრიდან, ისევე როგორც, ალბათ ყველა ის ადამიანი, ვინც 26 მაისს უკეთესი საქართველოსთვის იბრძოდა. შეურაცყოფილად ვგრძნობ თავს, იმიტომ რომ 26 მაისის სისხლზე მოსული ხელისუფლება ამ ტრაგედიას კიდევ ერთხელ წინასაარჩევნოდ იყენებს, როდემდე შეიძლება ეს ცინიზმი? ან გამოიძიეთ მაისის მოვლენები ან გაჩუმდით მაინც. ჩვენ მოვალთ ხელისუფლებაში, აღვადგენთ სამართლიანობას, 26 მაისსაც გამოვიძიებთ და იმასაც, თუ რა გახდა 5 წლის განმავლობაში ამ და კიდევ ბევრი სხვა საქმის გამოუძიებლობა და სამართლიანობის აღდგენა. სირცხვილია, ქართული ოცნების მესვეურებო, სირცხვილი !“- განაცხადა ნინო ბურჯანაძემ

FaceBook Twitter Google