ნინო ბურჯანაძე - კასპში ნულის ნაცვლად 42 ხმა მას შემდეგ დაგვიწერეს, რაც ჩვენმა მაჟორიტარმა იკითხა, სად იყო თუნდაც მის მიერ მიცემული ერთი ხმა
„დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერის ინფორმაციით, კასპის ერთ-ერთ უბანზე პარტიას ნულის ნაცვლად 42 ხმა მას შემდეგ დაუწერეს, რაც მათმა მაჟორიტარმა კანდიდატმა იკითხა, სად იყო თუნდაც მის მიერ პარტიისთვის მიცემული ერთი ხმა. ნინო ბურჯანაძემ კონკრეტულ დარღვევებზე დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ „დემოკრატიულ მოძრაობას“ არაერთი ფაქტი აქვს, რომელიც ადასტურებს, რომ მის პარტიას ხმები წაართვეს.

ამასთან, ბურჯანაძის ინფორმაციით, „დემოკრატიული მოძრაობის“ წარმომადგენლები ახალქალაქშიც ითხოვენ იმ უბნებზე ბიულეტენების გადათვლას, სადაც პარტიამ 0 ან სულ რამდენიმე ხმა მიიღო.

„ისნის 25-ე საარჩევნო უბანში ხმის მიცემის ამსახველი ოქმების პირველად ვარიანტში „დემოკრატიულ მოძრაობას“ აქვს 6 ხმა, კახა კუკავას, როგორც მერობის კანდიდატს - 42, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ ვლადიმერ კობახიძეს - 66 ხმა. როდესაც მაჟორიტარმა და ჩვენი ისნის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, რომელიც კომისიაში ჩვენი წარმომადგენელია, გააპროტესტეს და ხმების გადათვლა მოითხოვეს, რადგან ზუსტად იციან, რომ შეუძლებელია ჩვენ გვქონდეს 6 ხმა, შესწორების ოქმში, რომელსაც კომისიის ყველა წევრმა მოაწერა ხელი, 6 ხმის ნაცვლად 56 ხმა დაგვიწერეს, გადათვლის გარეშე, გვაჩუქეს. გადათვალეთ, თითო უბანზე 50 კი არა 10 ხმა თუ დაგვაკლეს, დიახაც გამოდის ის 12-14% საქართველოს მასშტაბით, რომელზეც ჩვენ მუდმივად ვსაუბრობდით, როგორც საპარლამენტო, ასევე ადგილობრივ არჩევნებზე.

კასპის საარჩევნო ოლქის 28-ე უბანი, ჩვენმა მაჟორიტარმა მოიგო არჩევნები, მას მიულოცეს, შემდეგ ჩამოვიდნენ სუს-ის წარმომადგენლები, გაუბათილეს ხმები და წააგებინეს არჩევნები. ამ უბანში პარტიას მიღებული ჰქონდა 0 ხმა. ჩვენი მაჟორიტარი ამბობდა, არ ვკითხულობ სხვა ხმებს, სად არის ჩემი 1 ხმა, რომელიც მე მივეცი პარტიას. აქაც გადათვლის გარეშე დაგვიმატეს 42 ხმა“, - განაცხადა ბურჯანაძემ
FaceBook Twitter Google