ნინო ბურჯანაძე – ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რაიონებში ხელისუფლებამ ანტისახელმწიფოებრივი ქმედება ჩაიდინა
„დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერის ნინო ბურჯანაძის განცხადებით, ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რაიონებში ხელისუფლებამ ანტისახელმწიფოებრივი ქმედება ჩაიდინა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ აღნიშნული მოძრაობიდან აცნობეს.

ბურჯანაძის თქმით, ნინოწმინდის, ახალქალაქის, ახალციხის მთელი რიგი უბნებიდან ამომრჩევლის დატერორების შედეგად მისმა პარტიამ საერთოდ ვერც ერთი ხმა ვერ მოიპოვა.

„დასამალი არაა, რა თქმა უნდა, ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული რაიონები მუდამ მხარს უჭერდა სახელისუფლო გუნდს და დისბალანსი ამ უბნებში, სახელისუფლო და ოპოზიციურ ძალებს შორის მუდამ არსებობდა, მაგრამ ეს იყო დისბალანსი და არა პირდაპირი ბრძანება, რომ ბურჯანაძემ არც ერთი ხმა არ უნდა აიღოს რაიონიდან. ნინოწმინდის, ახალქალაქის, ახალციხის მთელი რიგი უბნებია დატერორებული და ნული ხმა გვიწერია არა მხოლოდ ჩვენ, არამედ უმეტესობა ოპოზიციურ პარტიებს. მარნეულში პრაქტიკულად ყველა უბანზე აბსოლუტური ნული ყველა ოპოზიციურ პარტიას და წამოღებული ხმები ასი პროცენტით მხოლოდ ხელისუფლებას. განსაკუთრებით თვალსაჩინოა ის, რაც მოხდა აჭარაში, ვინაიდან ხელისუფლებამ ძალიან კარგად იცოდა, რომ ჩვენ აჭარაში ტრადიციულად გვქონდა განსაკუთრებული მხარდაჭერა. იმ რაიონებში, სადაც ჩვენ წინა არჩევნებზე გვქონდა 2064 ხმა, ახლა 140 ხმა გვაქვს“, - აცხადებს ნინო ბურჯანაძე.
FaceBook Twitter Google