კახა კუკავა მთაწმინდის საოლქო საარჩევნო კომისიას - შეგიძლიათ საპატრულო პოლიცია გამოიძახოთ და გაგვიშვათ ციხეში
მთაწმინდის საოლქო საარჩევნო კომისიაში „დემოკრატიული მოძრაობა - თავისუფალი საქართველოს“ ლიდერები მივიდნენ და მე-13 უბნის თავიდან გადათვლა მოითხოვეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ პარტიიდან აცნობეს, კომისიის სხდომა ხმაურისა და სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს.
დიმიტრი ლორთქიფანიძის განცხადებით, აღნიშნულ უბანზე პარტიას მინიმუმ 15 ხმა მაინც უნდა ჰქონოდა, თუმცა კომისიამ მე-13 უბნის შედეგები გაანულა.

„გადათვალეთ მე-13 უბანი, სხვა შემთხვევაში ამ სხდომას ვერ ჩაატარებთ. შეგიძლიათ საპატრულო პოლიცია გამოიძახოთ და გაგვიშვათ ციხეში“, - განაცხადა კახა კუკავამ.

ცესკო-ს წარმომადგენლები და კომისიის წევრები ბრალდებებს უარყოფენ. მათივე განმარტებით, პარტიის წარმომადგენლებს არანაირი საჩივარი არ დაუწერიათ და ამიტომ ხმების გადათვლა არ მოხდება.

აღსანიშნავია, რომ საპატრულო ეკიპაჟი თავად პარტიის ლიდერებმა გამოიძახეს და ახლა კომისიის სხდომა პატრულის მეთვალყურეობის ქვეშ გრძელდება.

მოგვიანებით, მთაწმინდის საარჩევნო უბანზე „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძეც მივიდა.
FaceBook Twitter Google