დიმიტრი ლორთქიფანიძე - თამარ ჟვანიას უპრეცენდენტო რეპლიკა კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ მისი უწყება მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის ბრძანებებს ექვემდებარება
მთაწმინდის საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომა კვლავ ხმაურის ფონზე მიმდინარეობს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „დემოკრატიული მოძრაობიდან“ აცნობეს.

მათივე ცნობით, „დემოკრატიული მოძრაობა - თავისუფალი საქართველოს“ ლიდერები მე-13 უბნის თავიდან გადათვლას ითხოვენ.
საოლქო კომისიის თავმჯდომარის გიორგი ზირაქაშვილის განცხადებით, „დემოკრატიული მოძრაობის“ მიერ შეტანილი სარჩელი განხილვას არ დაექვემდებარა, რადგანაც პროცედურულ დარღვევებს ჰქონდა ადგილი.

როგორც პარტიაში აცხადებენ, კახა კუკავამ პირადად, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს თამარ ჟვანიას დაურეკა და განმარტებები მოითხოვა. სატელეფონო საუბრისას თამარ ჟვანიამ განაცხადა, რომ ის იზიარებს საოლქო კომისიის მოსაზრებას.

„აქ სავარაუდოდ ხანდაზმულობა არაფერ შუაშია, როგორც ჩანს საუბარია იმაზე, რომ პირდაპირ ოლქში შესული საჩივარი რჩება განუხილველი“, - განაცხადა თამარ ჟვანიამ.

”კახა კუკავას შენიშვნაზე, რომ „დემოკრატიული მოძრაობა - თავისუფალი საქართველოს“ საჩივარი ზუსტად იმავე პროცედურების გავლითაა შესული, როგორც თიანეთის საოლქო კომისიაში „ქართული ოცნების“ თიანეთის მერობის კანდიდატის ლელა ქიტესაშვილის საჩივარი, ამაზე ჟვანიამ განაცხადა, რომ ლელა ქიტესაშვილის შემთხვევაშიც საჩივარი არ უნდა განხილულიყო, თუმცა ის მაინც განიხილეს.

დიმიტრი ლორთქიფანიძის განცხადებით, თამარ ჟვანიამ არ იცოდა, რომ მისი ზარი პირდაპირ ეთერში გადიოდა და ძალაუნებურად ორმაგ სტანდარტებში ამხილა საკუთარი თავი და ორგანიზაცია, რომელსაც ის ხელმძღვანელობს. ლორთქიფანიძის თქმით, თამარ ჟვანიას უპრეცენდენტო რეპლიკა კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ მისი უწყება მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის ბრძანებებს ექვემდებარება”,- ნათქვამია ინფორმაციაში.
FaceBook Twitter Google