ნინო ბურჯანაძე - ახლა თქვენ გაყალბებული არჩევნები გემხობათ თავზე, თუ ასე გააგრძელებთ მალე ხელისუფლება დაგემხობათ თავზე
მთაწმინდის საოლქო-საარჩევნო კომისიაში „დემოკრატიული მოძრაობა - თავისუფალი საქართველოს“ მოთხოვნაზე, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას გაეხსნა მე-13 უბანი და ხმები ხელახლა გადაეთვლათ, პარტიამ უარი მიიღო, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „დემოკრატიული მოძრაობიდან“ აცნობეს.
მათივე ინფორმაციით, პარტიის ლიდერები მთელი დღის განმავლობაში ითხოვდნენ, კომისიას ხმები ხელახლა გადაეთვალა. მოგვიანებით, მთაწმინდის საარჩევნო უბანზე „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაზეც მივიდა.

„მივმართავ ხელისუფლებას, მეჭიაურის საქმემ თქვენ გაიძულათ გეღიარებინათ, რომ არჩევნები გააყლბეთ. მთელი დღეა მე და ჩემი თანაგუნდელები ვითხოვთ მთაწმინდის მე-13 უბნის გახსნას და ხმების თავიდან გადათვლას. იგივეს მოვითხოვთ ამ წუთებში, რუსთავშიც. გახსენით უბანი, თუ არ მოგიპარავთ ხმები, რისი გეშინიათ?!

მე მქონდა ყველა საერთაშორისო ორგანიზაციასთან შეხვედრა. დღეს მაქვს შეხვედრა ამერიკის საელჩოსთან და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან. ყველას დავანახებ თქვენს რეალურ სახეს. დარწმუნებული ვარ, ყველა მათგანი დაწერს თავის დასკვნაში, რომ არჩევნები გააყალბეთ. მე გპირდებით, ამ არჩევნებს ვეღარ გაათეთრებთ. ჩვენი პარტია მიაღწევს იმას, რაც ვერ შევძელით გაყალბებული საპარლამენტო არჩევნების დროს. ახლა თქვენ გაყალბებული არჩევნები გემხობათ თავზე, ასე თუ გააგრძელებთ, მალე ხელისუფლება დაგემხობათ თავზე.

ჩვენ გვაქვს გონივრული ეჭვი, რომ არ გვაქვს ნული ხმა. არიან კონკრეტული ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ ხმა მისცა ჩვენს პარტიას. ამიტამაც, საფუძვლიანად გვაქვს ეჭვი, რომ ყოველ იმ დღეს, როდესაც ხელისუფლება ცდილობს გადადოს არჩევნების განხილვა, ემსახურება იმას, რომ ღამით, ჩუმად უბნების შედეგები ჩაანაცვლონ“, - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
FaceBook Twitter Google