ნინო ბურჯანაძე – 2017 წლის არჩევნები ისტორიაში 15-ლარიანი არჩევნების სახელით შევა
„ქართული პოლიტიკის ისტორიაში 2017 წლის არჩევნები შევა, როგორც 15 - ლარიანი არჩევნების სახელით, რამდენიც არ უნდა ილაპარაკოს ხელისუფლებამ, ვერც ერთი საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის დასკვნაში სიტყვებს „თავისუფალ“ და „დემოკრატიულს“ ვერ ნახავთ, სირცხვილი საზოგადოების იმ ნაწილს, ვინც 15 ლარად ყიდის საკუთარი და საკუთარი შვილების მომავალს,“ – ამის შესახებ „დემოკრატიული მოძრაობის“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე მოძრაობის ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ განაცხადა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „დემოკრატიული მოძრაობიდან“ აცნობეს, ბურჯანაძემ გასაჩივრებულ უბნებზე და ხმის გადათვლის აუცილებლობაზე ისაუბრა.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ როგორც საოლქო კომისიაში, ასევე სასამართლოში ცოცხალმა მოწმემ დაადასტურა – ხმა მისცა ბლოკს „დემოკრატიული მოძრაობა - თავისუფალი საქართველო“, ვითარება მაინც არ შეიცვალა, მათ მაინც უარი უთხრეს ბიულეტენების გადათვლაზე და „დემოკრატიული მოძრაობის“ გასწვრივ გრაფაში ისევ ნული წერია.

ბურჯანაძემ ასევე დასძინა, რომ ბიძინა ივანიშვილმა გასულ წელს საკუთარ მილიარდებს მოგების სახით კიდევ 800 მილიონი შემატა, საქართველოს მოსახლეობისგან კი 4 - წლიანი მანდატი 15 ლარად იყიდა.

„რაც შეეხება ჩვენი წარმომადგენლების მიერ დაწერილ საჩივრებს, აღსანიშნავია, რომ საქართველოს მაშტაბით 740 უბანია გასაჩივრებული ჩვენი წარმომადგენლების მიერ და მინდა მე მათ მადლობა გადავუხადო შეუპოვარი ბრძოლისთვის. ამასთანვე, არ დაგვავიწყდეს, რომ წინასაარჩევნო კამპანიამ ჩაიარა ტოტალური მოსყიდვის, ზეწოლისა და შანტაჟის ფონზე,“ - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

მისივე თქმით, მათი ერთადერთი მოთხოვნაა, გაიხსნას უბნები და გადაითვალოს ხმები, რათა დარწმუნდნენ, რომ „დემოკრატიული მოძრაობა-თავისუფალ საქართველოს“ მართლაც 3%-ზე ნაკლები მხარდაჭერა ყავს.

„ხელისუფლების წარმომადგენლებმა იციან, რომ დაფიქსირებული პროცენტი მტკნარი სიცრუეა და ამიტომ საოლქო კომისიებმა 740 უბანზე უარი განაცხადეს ყუთების გახსნაზე. ასევე, არც ერთი სარჩელი არ დააკმაყოფილა არც სასამართლომ.
თბილ სავარძლებში მოკალათებულო მთავრობის წევრებო, გახსენით უბნები და მხოლოდ ამის შემდეგ გექნებათ მორალური უფლება ილაპარაკოთ დემოკრატიაზე, თავისუფლებასა და სამართლიანობაზე. თუ საზოგადოება შეეგუება იმას, რომ მილიარდერს, რომელიც ყოველწლიურად კიდევ 800 მილიონის მოგებას ნახულობს, 15 ლარად ეყიდება, მე პროტესტის მხოლოდ ამ ფორმას მივმართავ, მაგრამ თუ მოსახლეობა ხმას აღიმაღლებს და მზად იქნება პროტესტის სხვა ფორმისათვის, ნინო ბურჯანაძე, რომ ბოლო რიგებში არ იქნება ეს ყველამ იცის,“ - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
FaceBook Twitter Google