ნინო ბურჯანაძე ნუცუბიძის ქუჩაზე მომხდარზე - თუ შსს არ გაასაჯაროებს ვიდეომასალას, ეს საქმე მიიღებს ისეთივე ფორმას, როგორიც გირგვლიანის ტრაგედიას ჰქონდა
თუ შინაგან საქმეთა სამინისტრო არ გაასაჯაროებს იმ ვიდეომასალას, რომელიც ვალდებულია პატრულს ჰქონდეს, ეს საქმე მიიღებს ისეთივე ფორმას, როგორიც ჰქონდა გირგვლიანის ტრაგედიას, - ამის შესახებ „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ ნუცუბიძის ქუჩაზე ახალგაზრდა მამაკაცის გარდაცვალებასთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც ნინო ბურჯანაძემ აღნიშნა, იგი შორს არის იმ აზრისგან, რომ ხელაღებით დაადანაშაულოს პოლიციელები და ესმის ის ვითარება, რომ ძალიან რთულია კრიტიკულ სიტუაციაში პოლიციამ გაარკვიოს ადამიანი იტყუება თუ ნადვილად ცუდად არის.

„სწორედ იმისთვის, რომ საზოგადოებამ ზედმეტი ბრალი არ დასდოს პოლიციელებს, საჭიროა იმ მასალების გამოქვეყნება, რომელიც დარწმუნებული ვარ, რომ შსს-ს გააჩნია. თუ აღნიშნული ვიდეო მასალები არ გამოქვეყნდება, ეს ნიშნავს, რომ პოლიცია რაღაცას მალავს და ამ შემთხვევაში ამ საქმეს გადაყვება, არა მარტო მღებრიშვილი, არამედ მთიანად ხელისუფლება“, - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

აღნიშნულ კომენტარს პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.
FaceBook Twitter Google