ნინო ბურჯანაძე - სააკაშვილი ნიჭიერია, იცის, როგორ გამოიყენოს სიტუაცია სათავისოდ, მაგრამ, რა თქმა უნდა, ის ავანტიურისტია
საქართველოს პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, ოპოზიციური პარტია „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ ქვეყნის ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ავანტიურისტი და ნიჭიერი ადამიანი უწოდა. ამის შესახებ ნინო ბურჯანაძემ ტელეკომპანია „როსიას“ ეთერში განაცხადა.

ბურჯანაძე მოსკოვში იმყოფება, სადაც რამდენიმე თოქ-შოუში მონაწილეობის მიღებას და არაფორმალური შეხვედრების გამართვას აპირებს.

„სააკაშვილი ნამდვილად ნიჭიერია. მან იცის, როგორ გამოიყენოს სიტუცია სათავისოდ. რა თქმა უნდა, ის ავანტიურისტია და ეს ცალსახაა. რასაც ის უკრაინაში აკეთებს, არანაირად არ გამოადგება უკრაინას. მე ვშიშობ, რომ, სამწუხაროდ, უახლოეს ათწლეულებში უკრაინა ვერ მოაგვარებს იმ პრობლემებს, რომლებიც მისი ხელმძღვანელობის აბსოლუტურად არასწორი ნაბიჭების გამო შეიქმნა“, - განაცხადა ბურჯანაძემ.

საქართველოს პარლამენტის ექს-სპიკერის თქმით, მიხეილ სააკაშვილი ორმაგი სტანდარტების კლასიკურ მაგალითს წარმოადგენს.

„მას დემოკრატიის შუქურას უწოდებდნენ, მაგრამ ჩვენ ვიცოდით, რომ საქართველოში ფეხქვეშ იყო გათელილი ყველა ევროპული და დასავლური ღირებულება - ყველაფერი, რაც ადამიანის უფლებებსა და ელემენტარულ დემოკრატიულ ნორმებს ეხება“, - აღნიშნა ბურჯანაძემ.

FaceBook Twitter Google