დიმიტრი ლორთქიფანიძე - ვალდებული ვართ, სასამართლოს ინსტანციები გავიაროთ, რათა ყველას დავანახოთ ჩვენი ხელისუფლების და სასამართლოს რეალური სახე
ვალდებული ვართ, სასამართლოს ინსტანციები გავიაროთ, რათა ყველას დავანახოთ ჩვენი ხელისუფლების და სასამართლოს რეალური სახე, - ამის შესახებ ”დემოკრატიული მოძრაობის” ერთერთმა ლიდერმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ განაცხადა.

როგორც დიმიტრი ლორთქიფანიძემ აღნიშნა, მარტო ”დემოკრატიულმა მოძრაობამ - თავისუფალი საქართველო” 740 საჩივარი შეიტანა.

”აღარ ვსაუბრობ დანარჩენ 9 პოლიტიკურ სუბიექტზე, რომელთა ჯამი ერთიანად წარმოადგენს ორი ათასამდე საჩივარს. არანაირი იმედი არ გვაქვს, რომ სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციული პალატა მიიღებს სამართლიან და ობიექტურ გადაწყვეტილებას. ერთხელ უკვე ვთქვი და გავიმეორებ - როგორც ბაყბაყდევი წყაროზე, ისეა ბიძინა ივანიშვილი სასამართლოზე, მაგრამ ჩვენ ვალდებული ვართ ეს ინსტანციები გავიაროთ, რათა ყველას დავანახოთ ჩვენი ხელისუფლების და სასამართლოს რეალური სახე, პროცესი აუცილებლად სტრასბურგში გაგრძელდება”, - განაცხადა ლორთქიფანიძემ.

ცნობისთვის, ოპოზიციური პარტიები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდებიან. საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციული კოლეგიის გადაწყვეტილება „ლიდერთა საბჭომ“ სააპელაციოში გაასაჩივრა. ოპოზიციური პარტიები მოითხოვენ თბილისის შემაჯამებელი ოქმის ბათილად ცნობას და ამასთანავე უბნებზე ხმების გადათვლას.

სააპელაციო სასამართლო გადაწყვეტილებას სავარაუდოდ ხვალ გამოიტანს.
FaceBook Twitter Google