ნინო ბურჯანაძე - რუსეთმა უნდა გაიგოს თუ რამდენად მნიშვნელოვანია თითოეული ქართველისათვის დამოუკიდებლობის და თავისუფლების შეგრძნება
რუსეთის მხრიდან აფხაზეთის აღიარება შეცდომა იყო, - ამის შესახებ განცხადება პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, „დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ რუსეთის პირველ არხზე, ვლადიმერ პოზნერის გადაცემაში გააკეთა.
„მახსოვს, ჩემს ბავშობაში, როდესაც საბჭოთა კავშირის რუკას ვუყურებდი, ვფიქრობდი გაჩნდებოდა თუ არა რუკაზე საქართველო როგორც, ცალკე დამოუკიდებელი ქვეყანა. როდესაც საქართველო საბჭოთა კავშირის იმპერიას გამოეყო, რუსეთმა ეს ღალატად მიიღო. არადა, რუსეთმა უნდა გაიგოს თუ რამდენად მნიშვნელოვანია თითოეული ქართველისათვის დამოუკიდებლობის და თავისუფლების შეგრძნება. ეს იყო ჩვენი წინაპრების ოცნება და ბევრი იბრძოლეს ამისთვის. რუსეთი საქართველოს დამოუკიდებლობას არ უნდა აღიქვამდეს, როგორც საფრთხეს რუსეთისთვის", - აღნიშნა ნინო ბურჯანაძემ.

ვლადიმერ პოზნერმა ბურჯანაძესთან საუბარი საქართველოს დამოუკიდებლობის თემით დაიწყო და გაიხსენა 1918-1921 წლები. პოზნერმა ბურჯანაძეს პრორუსი პოლიტიკოსის იარლიყის შესახებაც ჰკითხა, თუმცა გაახსენა 10 წლის წინ მისი გამოსვლა, როდესაც ბურჯანაძემ განაცხადა - აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებაში რუსეთი დარჩება მარტო. რა შეიცვალა ათი წლის განმავლობაში? ასეთი იყო ვლადიმერ პოზნერის შეკითხვა, რაზეც ნინო ბურჯანაძემ ასეთი პასუხი გასცა: ,,მე გავაკეთე ჩემი არჩევანი. მე არ ვარ პრორუსი პოლიტიკოსი, მე ვარ პროქართული პოლიტიკოსი და აზრი არც ათი წლის შემდეგ არ შემიცვლია. ვთქვათ, რომ რუსეთის მხრიდან აფხაზეთის აღიარება იყო სერიოზული შეცდომა, რამაც გარკვეულ ჩიხში შეიყვანა საქართველო-რუსეთის ურთიერთობა. მე იმედს ვიტოვებ, რომ აფხაზეთის დამოუკიდებლობას სხვა სახელმწიფოები არ აღიარებენ და ჩიხი რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით, აუცილებლად უნდა დავძლიოთ. საქართველოს დამოუკიდებლობის ფასი არაფერია, ვიდრე აფხაზეთს და ცხინვალს არ დავიბრუნებთ", - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

წყარო: IPN.GE
FaceBook Twitter Google