გიგლა ბარამიძე: “ოცნებაში” რღვევის პროცესი დაიწყო.
რა ხდება მმართველ გუნდში, რატომ გააპროტესტა კვირიკაშვილმა მოსამართლეების ნაწილის უვადოდ დანიშვნა, ვინ ემზადება "ოცნებიდან" გასაქცევად, რას აპირებს ბიძინა ივანიშვილი, როგორ რყვნის საქართველოს ხელისუფლება აშშ-ის ელჩებს? _ ამ თემებზე "ახალ თაობას" ყოფილი პოლიტდევნილი გიგლა ბარამიძე ესაუბრება.
- მოსამართლეების ნაწილის უვადოდ დანიშვნას საზოგადოების დიდი უკმაყოფილება მოჰყვა. აღშფოთებულთა შორის აღმოჩნდა ქვეყნის პრემიერიც. მას უჭირს იმის წარმოდგენა, როგორ შეიძლებოდა უვადო მოსამართლედ დაენიშნათ სულხან მოლაშვილის საქმის მოსამართლე. თქვენ რას ფიქრობთ პრემიერის აღშფოთებაზე?
- პრემიერის მიერ გავრცელებული ბოლო განცხადებით, კიდევ ერთხელ დადასტურდა ის, რაც მე არაერთხელ მითქვამს. სამწუხაროდ, საქართველომ გადალახა ის მიჯნა, რომლის იქითაც სახელმწიფო ინსტიტუტები ჩამოშლილია. ჩვენ არც პრემიერი გვყავს და არც პარლამენტის თავმჯდომარე. სასამართლო სისტემაზე ხომ საერთოდ აღარ არის საუბარი.
დღეს საქართველოს მართავს ორი მიმართულება. ერთი გახლავთ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო და მისი სამარცხვინო ელჩი, იან კელის სახით. მეორე მიმართულებაც ამერიკას უკავშირდება _ ეს არის მათ მიერ ხელდასმული მეხუთე კოლონა. მხედველობაში მყავს მათი სპეცსამსახურების მიერ დაფინანსებული რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია.
აი, ეს ხალხი მართავს საქართველოს და ეს ხალხივე უდგენს ჩვენს ხელისუფლებას დღის წესრიგს. რასაც ისინი კარნახობენ, უთავმოყვარეო, უსახო და ბღუჯა-ბღუჯა მთავრობა იმას აკეთებს. ამის ნათელი გამოვლინებაა ის, რაც სასამართლოში მოხდა.
ეს არის "ქართული ოცნების" მიერ ქართული საზოგადოების მორიგი შეურაცხყოფა. მმართველმა გუნდმა მურუსიძეები და მისი მსგავსნი იმიტომ არ შეცვალეს, რომ ისინი თავიანთი ჯიბის მოსამართლეებად გაიხადეს. თანამდებობაზე დატოვებულები ყველა სიბინძურეზე მიდიან და ამით ვალს უხდიან "ქართულ ოცნებას".
შევარდნაძის დროიდან მოყოლებული დღემდე, იმაზე მიდის საუბარი, რომ სასამართლოში სერიოზული რეფორმებია ჩასატარებელი. ასეთ დროს რა აუცილებლობას წარმოადგენდა მოსამართლეების უვადოდ დანიშვნა? 10 და 15 წლით არ შეიძლებოდა მათი დანიშვნა? შეიძლებოდა, მაგრამ "ოცნება" ხომ მოსწრებაზეა და ცდილობს, ყველაფერი თავის თავზე მოირგონ, სანამ ხალხი არ გამოსულა ქუჩაში.
- უვადოდ დანიშნულ მოსამართლეთა შორის თქვენი საქმის მოსამართლეც არის?
- არ ვიცი. მისი სახელის ხსენებაც არ მინდა. მაგასაც დანიშნავდნენ სადმე. იმისთვის ვებრძოდით იმ სისხლიან რეჟიმს, რომ ხელისუფლებაში მოსულ "ქართულ ოცნებას" მარტო ფული ეკეთებინა და ვიგინდარა მოსამართლეები უვადოდ დაენიშნათ? სამართლიანობის აღდგენის ნაცვლად კოაბიტაცია მივიღეთ, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ნაცვლად _ მცოცავი ანექსია. კორუფციასთან ბრძოლის ნაცვლად, ტენდერებით უმაღლეს დონეზე ასული კორუფცია მივიღეთ.
ჩაიხრჩო "ქართული ოცნება" კორუფციულ გარიგებებში. ღირსეული პროფესიონალების ნაცვლად, მაღალ თანამდებობებზე ვიგინდარები, ქუჩიდან მოყვანილი უმაქნისები ინიშნებიან. დემოგრაფიული პრობლემების მოგვარების ნაცვლად, ერთსქესიანთა ქორწინებას ქადაგებენ და ლამის ამ იდეის აპოლოგეტებად იქცნენ. ახალგაზრდები ჯანსაღი ცხოვრების წესს რომ მიაჩვიონ, ამის ნაცვლად, ნარკოტიკების ლეგალიზებას უჭერენ მხარს. ემიგრანტების დაბრუნების ნაცვლად, ყველაფერს აკეთებენ, რომ ხალხი საქართველოდან გაიქცეს. კრიმინალის აღკვეთის ნაცვლად, მისი მასშტაბები გაიზარდა.
იუსტიციის საბჭოს უღირსი წარმომადგენლები სულ წიხლისკვრით არიან გასაყრელი და ტყუილად ჰგონიათ, რომ მართლა უვადოდ დაინიშნნენ.
- რას გულისხმობთ?
- როგორც კი შეიცვლება ხელისუფლება და ყველაფერი აქეთკენ მიდის, იუსტიციის საბჭოს უღირს წევრებს სულ კინწისკვრით გამოყრიან. ყველაფერი დაიწყება თავიდან.
ახლა პრემიერის განცხადებაზეც გადავიდეთ. ეს იყო `ქართული ოცნების" უსასოობის, უსქესობის, შიშის გამოვლინება. "ოცნების" ძალიან ბევრ წევრს იმაზე ფიქრიც კი ზარავს, რა მოხდება, როცა ისინი ხელისუფლებაში აღარ იქნებიან.
კარგად იცით, რომ ჰაერზე არასდროს ვლაპარაკობ და აქამდე რაც ვთქვი, ყველაფერი გამართლდა. ახლა ვამბობ, რომ "ოცნების" რიგებში სერიოზული რღვევაა და წინ დიდი ცვლილებები გველოდება.
პირდაპირ ვამბობ, ბიძინა ივანიშვილს აღარ სურს, რომ პრემიერად გიორგი კვირიკაშვილი ჰყავდეს. ის ეძებს მიზეზებს, როგორ გაუშვას მთავრობის მეთაური ისე, რომ სერიოზული პრობლემები არ შეექმნას.
- ივანიშვილს კვირიკაშვილის ეშინია?
- რა თქმა უნდა, არ ეშინია, მაგრამ ისეთ მიზეზს ეძებს, რომ კვირიკაშვილის გადადგომას მითქმა-მოთქმა არ მოჰყვეს. მთავრობის მეთაურს მთელი მისი გუნდი მიჰყვება თან. ეს დრო ძალიან მალე დადგება.
ბუნებრივია, ამას გრძნობს პრემიერი და თამამად არა, მაგრამ ერთი-ორი განცხადებით ცდილობს, როგორმე აჩვენოს ქვეყანას, რომ რაღაც-რაღაცების წინააღმდეგია და პირადად მისთვის მიუღებელი იყო ის, რაც მისაღები იყო "ქართული ოცნებისთვის".
გითხარით, რომ მმართველ გუნდში რღვევაა დაწყებული. გუნდის წევრები უკვე ჭამენ ერთმანეთს. არის რაღაც ვალდებულებები, რაზედაც მომავალში უმწარესად მოეთხოვებათ პასუხი. 2020 წლამდე ესენი ერთი გუნდით ვერ მიაღწევენ.
რამდენიმე დღის წინ, პარლამენტის სხდომაზე უცბად გამოვარდა სოფლის მეურნეობის ყოფილი მინისტრი და მთავრობის წარმომადგენლებს დაუპირისპირდა.
- ოთარ დანელიაზე საუბრობთ?
- მაგაზე, აქამდე მისი გვარიც არ ვიცოდი. აქამდე არაფერზე არ ჰქონდა რეაქცია და ახლა უცბად გამომივიდა მეამბოხე. ის კარგად გრძნობს მოახლოებულ პრობლემებს და ესმის, რომ საზოგადოება "ქართულ ოცნებას" ცოცხალს და მკვდარს აგინებს. ისე შეაძულეს ხალხს თავი, დარწმუნებული ვარ, ხმების მიცემის სანაცვლოდ, მათგან ფულსაც კი აღარ აიღებენ.
ხელისუფლების კრიტიკას მალე სხვა მეოცნებეებიც დაიწყებენ. ეს არის ჩვეულებრივი ვირთხული ფსიქიკა. ჯერ იმიტომ, რომ ვირთხებივით შეესივნენ ბიუჯეტს და ჩვენ მიერ გადახდილ გადასახადებს ჭამენ. ვირთხობის მეორე მაგალითი გახლავთ ის, რომ ჩასაძირად განწირული გემიდან გასაქცევად ემზადებიან. აქეთ-იქეთ აცეცებენ თვალებს, ჯერ არ იციან, სად გაიპარონ.
არ ვამბობ, რომ "ოცნება" დღეს ან ხვალ ჩამოიშლება, მაგრამ ეს პროცესი დაწყებულია და დასკვნით ფაზაშია შესული. ყოფილი პრემიერი, ივანიშვილი, გვერდზეა გამდგარი და რაღაც სხვა საკითხების მოგვარებით არის დაკავებული.
- რა საკითხებს აგვარებს?
- ამაზე მომდევნო ინტერვიუში გესაუბრებით. მართალია, ახლა ივანიშვილს `ოცნებისთვის~ არ სცხელა, მაგრამ მისი ნებართვის გარეშე მაღალ თანამდებობაზე არავინ არ ინიშნება. ქვედა რგოლები მას არ აინტერესებს.
მან ასევე კარგად იცის, რომ `ქართული ოცნება~ ლპობის სერიოზულ პროცესშია შესული და უახლოეს მომავალში, როგორც უკვე გითხარით, აპირებს მთავრობის მეთაურის გაშვებას. ამ ეტაპზე მისი შემცვლელის ძიებაშია.
- ვინ მოიაზრება კვირიკაშვილის შემცვლელად?
- თავიდან საუბარი იყო გიორგი გახარიას და მამუკა ბახტაძის კანდიდატურებზე. დღეის მონაცემებით, ბახტაძეა დაწინაურებული. ყოფილი პრემიერი აცნობიერებს, რომ სერიოზული ცვლილებებია საჭირო. `ქართულმა ოცნებამ~ ისე დაკარგა სახე, რომ ყველაფერს კადრულობენ, ოღონდ ფული მიიღონ.
ცოტა ხნის წინ დიდი ზარ-ზეიმით გვამცნეს, რომ აპირებენ საქართველოში უცხოელი სტუდენტების სწავლის დაფინანსებას. ამას აკეთებენ მაშინ, როცა. უსახსრობის გამო ათასობით ქართველ ახალგაზრდას შეჩერებული აქვს სტუდენტის სტატუსი.
უცხოელ სტუდენტებს, იცით, რატომ აფინანსებენ? მათ მიერ კონტროლირებადი სასწავლებლები იყოს შემოსავლიანი და იქიდან წილები მიიღონ. ამისთვის მზად არიან, კამბოჯიდან და ბეირუთიდან ჩამოსული სტუდენტები დააფინანსონ.
მმართველმა გუნდმა და არასამთავრობოებმა თავიანთი სახე აჩვენეს, ევროპიდან ქართველების გამოყრა რომ დაიწყეს. რუსეთიდან ქართველების დეპორტი რომ განხორციელდა, ამაზე ერთი ამბავი რომ ატეხეს, იმაზე რატომ არ იღებენ ხმას, ევროპიდან კინწისკვრით რომ ყრიან? რაღაც არ მახსენდება, ეს ამბები არასამთავრობოებს გაეპროტესტებინოთ. არადა ყველაფერზე მწვავედ რეაგირებენ, ისეთი სახეებით ჩამწკრივდებიან, რომ ესესის ოფიცრებს შეშურდებოდათ.
იცით, რატომ არ ატეხეს ამაზე ამბავი? იქედან იღებენ ფულს. მესმის, რომ ვინც ქურდობს, ის უნდა გამოაძევონ, მაგრამ ფეხმძიმე ქალი გამოაგდეს, რომელიც იქ 10 წელი ცხოვრობდა.
ამ დღეებში გერმანიის მთავრობამ იქ მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებს მიმართა, ოღონდ წადით საქართველოში და 3.000-3.000 ევროს დაგირიგებთო. ამას დიდი სიხარულით შეხვდა ვერიჩკა ქობალიას ქოლგის დამტარებელი, მოქმედი საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე.
მისი განცხადებები იყო სამარცხვინო, გამოვიდა და გვითხრა _ აი, გერმანიის მთავრობა 3.000 ევროს აძლევს ჩვენს მოქალაქეებს, საქართველოში რომ დაბრუნდნენო. შე დალოცვილო, გერმანია თუ აძლევს ფულს ამ ხალხს, შენ და შენმა მთავრობამ არ უნდა გაიღოთ ფული, რომ ემიგრანტები უკან დაბრუნდნენ?
საგარეო საქმეთა მინისტრად ერთ-ერთი უცხოური ბენზინგასამართი ქსელის მენეჯერი რომ გეყოლება, კიდევ კარგად გვქონია საქმე.
ჩვენ რამდენიმე დღის წინ მივმართეთ საქართველოს მთავრობას, რომ საქართველოში ჩამოიყვანონ საზოგადო მოღვაწე და პედაგოგი გია მაისაშვილი, რომელიც უმძიმეს მდგომარეობაშია. ოჯახს ამერიკიდან მის აქ ჩამოსაყვანად თანხები არ აქვს.
ჩვენი მიმართვიდან რამდენიმე დღე გავიდა და ამ მომენტამდე, როცა ამ ინტერვიუს ვწერთ, მათგან რეაგირება არ ყოფილა. არადა გია მაისაშვილის აქ ჩამოყვანა ბიუჯეტს დიდად არ დააზარალებს. იმ თანხას, რაც ამ საქმეს სჭირდება, ზოგიერთი ჩინოსანი დანამატის სახით იღებს. იმედია, ვერიჩკა ქობალიას ქოლგის მატარებელი აშშ-ს არ მოსთხოვს ფულს, რომ მაისაშვილის სამშობლოში ჩამოყვანა დააფინანსოს.
ისე, ამის თხოვნა არც უნდა გვჭირდებოდეს. ჩვენ იმისთვის ვიხდით გადასახადებს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ საქართველოს მოქალაქეებზე იზრუნოს, მაგრამ ამათ ხალხისთვის სად სცალიათ. თვალებს აცეცებენ, სად გაიქცნენ. ამის მაგალითია პრემიერის განცხადებაც. ეს განცხადება იმ ლექსს მაგონებს, "ვის შევჩივლო, რუსთაველი მკვდარია". შე დალოცვილო, შენა ხარ მთავრობის მეთაური და შენ შესჩივი კიდევ ვინმეს? არ მითხრას, რომ სასამართლო დამოუკიდებელია, "ოცნებამ" შეყარა ჯალათი მოსამართლეები იქ.
ეს ყველაფერი მაგონებს მასთან შედარებით ახალგაზრდა ყმაწვილის, გახარიას, გადაწყვეტილებას. პირველი რაც გააკეთა, სააკაშვილის დროინდელი პროკურორი ქალბატონები დაისვა გვერდით, შემდეგ კი კამპანიას "არა ჩადებას" შეუერთდა.
- აშშ ვახსენეთ და მარტის თვეში იან კელი დაგვტოვებს. სხვა ქვეყანაში ამას დიდი მნიშვნელობა არ ექნებოდა, მაგრამ ჩვენთან უმაღლესი დესპანი სწორედ აშშ-ის ელჩია. თქვენი აზრით, ახალი ელჩის ჩამოსვლის შემდეგ აქ რაიმე შეიცვლება?
- ახალი ელჩის მოსვლით პოლიტიკური კლიმატი არ შეიცვლება. ჩამოდიან აქ აშშ-დან ელჩები და ხვდებიან აქ მონები. პოსტსაბჭოთა სივრცეში, მათ შორის ყაზახეთში, თურქმენეთსა და სომხეთში აშშ-ის ელჩები ასეთი გაჯეჯილებულები არ არიან, როგორც ჩვენთან.
მახსოვს, როგორ ჩამოვიდა იან კელი პირველად საქართველოში. მაშინ ვთქვი, როგორი თავმდაბალი ადამიანია, მაგრამ რომ ნახავს, მთელი ხელისუფლება ფეხის წვერებს უკოცნის, როგორ გაიბრიქება. ასე აგიხდეთ ყველაფერი კარგი. ჩამოსვლიდან 2 თვეში ფაშასავით გახდა.
- ჩვენ ვრყვნით აშშ-ის ელჩებს?
- რა თქმა უნდა. ჩამოვა ახალი ელჩი, იმასაც ნამდვილი დიპლომატის სახე ექნება, მაგრამ მერე მთელი მთავრობა ფეხის წვერებს დაუკოცნის და ისიც ფაშად იქცევა.
FaceBook Twitter Google