ნინო ბურჯანაძე - ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ, რომ "იმედიდან" რაც შეიძლება მეტი თანამშრომელი წამოეყვანათ, ამაში უგულავა-თარგამაძე აქტიურობდნენ
პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის ნინო ბურჯანაძის განცხადებით, ტელეკომპანია "იმედში" შეჭრის „მოტივი იყო შიში“. ამის შესახებ ბურჯანაძემ ჟურნალისტებს 7 ნოემბრის საქმესთან დაკავშირებით დაკითხვის შემდეგ განუცხადა, სადაც ტელეკომპანიაში შეჭრის საკითხებზე ისაუბრა.

"მთავარი მოტივი იყო შიში, რადგან "იმედი მართლაც სერიოზული ფაქტორი იყო, 7 ნოემბრის შემდეგ. განსაკუთრებით, როდესაც დღის მეორე ნახევარში პირდაპირი მოწოდებები ისმოდა "იმედის" ეთერში. "იმედს" მაშინ საკმაო ავტორიტეტი ჰქონდა ხალხში. ყველა "იმედს" უყურებდა და იყო შიში იმისა, რომ თუ "იმედი" ასეთ მოწოდებებს გაავრცელებდა, პროცესები შეიძლება კიდევ უფრო დაძაბულიყო", - განაცხადა ბურჯანაძემ.

მისივე თქმით, ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ, რომ "იმედიდან" რაც შეიძლება მეტი თანამშრომელი წამოეყვანათ. ბურჯანაძის განცხადებით, ამ პროცესში აქტიურობდნენ გიგი უგულავა და გივი თარგამაძე.

"ეს იყო მოლაპარაკების პროცესი "იმედზე" მომუშავე არამარტო ჟურნალისტებთან, არამედ ტექნიკურ პერსონალთან. ამოცანა იყო, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი წამოეყვანათ "იმედიდან", რათა "იმედი" პრაქტიკულად დარჩენილიყო იმ შემადგენლობის გარეშე, რომლის გარეშეც ტელევიზია ვერ იფუნქციონირებს, რომ შემდეგ ზეწოლის ბერკეტები ადვილად განხორციელებულიყო ტელევიზიაზე", - განაცხადა ბურჯანაძემ.

მან დაკითხვაზე აღნიშნა, რომ 7 ნოემბერს ტელევიზიაში შეჭრის და გათიშვის გადაწყვეტილება ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მიიღო.

FaceBook Twitter Google